სახიფათო ზღვართან - კვირის პალიტრა

სახიფათო ზღვართან

"სააკაშვილის ლიკვიდაცია საბადურების  ტყეში დაბანაკებულ საიდუმლო ქვედანაყოფს ჰქონდა დავალებული, მაგრამ უკან გააბრუნეს"

კავკასიაში განვითარებულ მოვლენებსა და  რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საფრთხეებზე კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი გვესაუბრა:

- ახლახან კადიროვმა თავისი ინიციატივა გაახმაურა, გაუქმდეს პრეზიდენტობის ინსტიტუტიო. როგორც ჩანს, ამგვარი განცხადებებით ცდილობს რუსეთის ყურადღების მიპყრობას. უნდა როგორმე თავი გადაირჩინოს და მოსკოვში რომელიმე თანამდებობაზე (ალბათ, ძალისმიერ სტრუქტურაში) გააგრძელოს საქმიანობა. კადიროვმა კარგა ხანია შეასრულა თავისი მისია და ახლა რუსეთს აღარ სჭირდება. პუტინსაც კი მოაბეზრა თავი. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები ორიოდე წელიწადში გაიმართება, ან მედევედევი გახდება პრეზიდენტი, ან პუტინი. მათ შორის საჯილდაო ქვა სწორედ კავკასია იქნება.

- რა შეიძლება მოჰყვეს საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაუქმებას ჩეჩნეთში?

- საპრეზიდენტო ინსტიტუტების გაუქმება ბაშკირეთში, თათრეთში, ყველა ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკაში. ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა, როდესაც სამხარეო და საოლქო კომიტეტების თავმჯდომარეებს ნიშნავდნენ.

- თუკი კადიროვი გააუქმებს საპრეზიდენტო ინსტიტუტს, რა შეიცვლება სამართლებრივად იმ ხალხისთვის, ვისაც თავის პრეზიდენტად დოკუ უმაროვი მიაჩნია?

- სამართლებრივად არაფერი.  კადიროვი ამ ნაბიჯით თავს გადაირჩენს და მოსკოვში წავა, რუსის ჯარის პირისპირ კი წინააღმდეგობის ფრონტი დარჩება.

- ჯერ იყო და, პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დოკუ უმაროვი პრეზიდენტობიდან გადადგა, შემდეგ კი უმაროვმა ეს ცნობა უარყო. რა მოხდა სინამდვილეში?

- ამ ყველაფერს უმაროვის პრესსამსახურის უფროსი მოვლადი უდუგოვი შეეწირა, ის გაათავისუფლეს. ვფიქრობ, წინააღმდეგობის ფრონტის ლიდერი რუსეთის სპეცსამსახურების ტყვეა, ამით უნდა აიხსნას ეს ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები.

რუსეთს ხელს არ აძლევს ტერორისტის იარლიყის მქონე უმაროვის გარდა, ჩეჩნეთის კანონიერ პრეზიდენტად სხვა რომელიმე ეროვნული ლიდერი ითვლებოდეს. სავსებით შესაძლებელია ისიც, რომ რუსებმა საამიროსა და წინააღმდეგობის ფრონტის მებრძოლთა დახმარებით კადიროვი უახლოეს ხანში მოიცილონ.

შემდეგ გაორმაგებული ძალით დაამყარებენ წესრიგს, თანაც ჩეჩენი სამართალდამცავების ჩაურევლად.

- რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ  როგორ შეიძლება განვითარდეს კავკასიაში  მოვლენები?

- ერთი მხრივ, რუსეთი ძალისმიერ მეთოდებს იყენებს, მეორე მხრივ კი პოლიტიკურსაც. გადაწყვეტილი აქვს, პრორუსული ორიენტაციის ჩრდილოკავკასიელების თავშეყრა სხვადასხვა რეგიონში. მაგალითად, ჩეჩნებს რუსეთში შეკრებს, ჩერქეზებს - ევროპაში და მათთან მოლაპარაკებას დაიწყებს. სხვათა შორის, დაწყებულიც აქვს მოლაპარაკებები აჰმედ ზაკაევთან, ჯოჰარ დუდაევის დროინდელ ზოგიერთ  ლიდერსა და აქტივისტთან. აქამდე ამას კადიროვი აკეთებდა, ახლა რუსეთმა მოჰკიდა საქმეს ხელი.

ერთხელ მედვედევმა თქვა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ჩეჩნეთში მეორე ომი არ დაიწყებოდაო. ამით მან პუტინსა და ჩრდილო კავკასიაში მისი პოლიტიკის გამტარებლებს  დაარტყა. ე.ი. რუსეთის პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ცდილობს, გაამწვავოს კავკასიაში ვითარება და შექმნას აზრი, პუტინის ფოლადის ხელის გარეშე რუსეთი დაიშლებაო. მეორე ფრთა ცდილობს ჩრდილო კავკასიაში სამხედრო დაპირისპირება პოლიტიკურ დაპირისპირებად აქციოს და 20 ან  25%-ით  ძალაუფლება და გავლენა ეროვნულ, პროდასავლურ, თავისუფლებისთვის მებრძოლ კავკასიელებს დაუტოვოს.

პუტინმა წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. ახლახან ქართულმა ტელევიზიებმა გაავრცელეს რუსეთის აგენტის აღიარება, თუ როგორ უნდა მოეკლათ ომის დროს მიხეილ სააკაშვილი. მე არ ვიცი, როგორ და ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, მე უფრო ის პუტინის პიარკამპანიის შემადგენელ ნაწილად მიმაჩნია.

მას სურს ყველას აჩვენოს, რომ აგვისტოს მოვლენების დროს საქართველო ბრუნდებოდა რუსეთის სივრცეში და მედვედევის პოლიტიკის წყალობით, ამერიკისთვის ზედმეტად ანგარიშის გაწევით, ყველაფერი შეიცვალა. ფაქტობრივად, რუსებმა  კონფლიქტის ზონების გარეთ მოქმედებაზე უარი ნებით თქვეს. მოკლედ, პუტინს სურს "დასავლურ საფრთხესთან" მებრძოლ რაინდად წარმოაჩინოს თავი და ამისთვის ყველაფერს იყენებს.

დანამდვილებით ვიცი, აგვისტოს ომის დროს მართლაც იყო მიხეილ სააკაშვილისა და მთავრობის რამდენიმე წევრის ლიკვიდაციის გეგმა. ამ მიზნით რუსების ერთი საიდუმლო ქვედანაყოფი საბადურების ტყეში  იყო დაბანაკებული და ნიშანს ელოდა. ის მას შემდეგ დაიწყებდა მოქმედებას, როცა კასპთან მდგომი საჯარისო ნაწილები თბილისში შევიდოდნენ. გეგმა მას შემდეგ შეიცვალა, რაც რუსმა სამხედროებმა კასპიდან უკან დაიხიეს.

როცა ერთი ქვეყანა მეორე  ქვეყნის ტერიტორიას იპყრობს და ხელისუფლებას ცვლის, ბრძოლა ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ერთი მხრივ, რეგულარული ნაწილები უტევენ დედაქალაქს და მეორე მხრივ, მოქმედებს ელიტური ნაწილი, რომლის მიზანი პოლიტიკური ლიდერების ფიზიკურად განადგურებაა. ასე რომ, პუტინი სააკაშვილთან ძალის დემონსტრირებას ისევ შეეცდება, თუნდაც იმიტომ, რომ ეს მას შიდა მოხმარებისთვის, ე.ი. რუსი ხალხის გულის მოსაგებად სჭირდება.

- ბატონო ზაალ, ახლახან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრი ოთარ ხეცია თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამას რით ხსნით?

- შიდა დაპირისპირებით, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებაშია. ხეცია გავლენიანი ფიგურაა. მგონი, მისი გათავისუფლებით სერგეი შამბას უკაფავენ გზას პრეზიდენტობისაკენ. აფხაზეთში ისეთი ვითარებაა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების თითქმის ყველა წევრს პრეზიდენტობა სურს.

ამიტომ ყველა კრემლთან კარგი ურთიერთობისაკენ ისწრაფვის. თუმცა იქ პრეზიდენტობა საბჭოთა სერჟანტის დონემდეა დაყვანილი. რა თქმა უნდა, აფხაზეთში კრიმინოგენული ვითარებაც ძალიან გამწვავებულია და ხეციას თავიდან მოსაშორებლად, ალბათ, ესეც გამოიყენეს.