"როგორ შეიძლება საქართველოთი ევროპელების დაშინება?!" - კვირის პალიტრა

"როგორ შეიძლება საქართველოთი ევროპელების დაშინება?!"

როგორ შეიძლება საქართველოთი ევროპელების დაშინება, როგორ შეიძლება მონსტრულ სიტუაციად იმის წარმოჩენა, რომ საქართველოს გაწევრებამ ევროკავშირში შეიძლება "პრობლემები“ შექმნას?!- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას, დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მერკელმა აღნიშნა, ევროკავშირის გაფართოების მოწინააღმდეგე ძალები ცდილობენ საქართველოს, უკრაინის და ბალკანეთის ქვეყნების ისე წარმოჩენას, თითქოს ისინი ევროკავშირში გაწევრიანებისას პრობლემებს შექმნიან.

თსუ-ს სტუდენტმა მერკელს კითხვა ულტრამემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებზე დაუსვა და ჰკითხა, რამდენად შეუქმნის ამ პარტიების სკეპტიციზმი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას პრობლემას?

"უნდა ვაღიარო, რომ მართალი ხართ, ნამდვილად არის ევროპაში ასეთი ტენდენცია, რომელიც ძალიან გვადარდებს. გვექნება მძიმე ბრძოლა ევროპარლამენტის არჩევნების კონტექსტში 2019 წლის მაისში, სადაც არგუმენტები დაგვჭირდება იმიტომ, რომ ეს იქნება წინასაარჩევნო კამპანია, არ იქნება კლასიკური იდეოლოგიური გადანაწილება, არამედ, არჩევანი იქნება მარტივი - "პროევროპული და კონტრევროპული“. პრინციპში, გლობალიზაცია და დინამიური ეკონომიკური დაქსელვა მთელი მსოფლიოსი განაპირობებს ახალი აქტივობების შემოსვლას. ჩინეთი, სხვა აზიური ქვეყნები შეწუხებულნი არიან და სვამენ მარტივ კითხვას, ჩვენი კეთილდღეობა როგორ უზრუნველვყოთ, როგორ შევიმუშავოთ? - დიგიტალიზაციის გზით. ბევრი ადამიანია, რომელმაც არ იცის მათი სამუშაო სფერო, სამუშაო ადგილი თუ იქნება უზრუნველყოფილი. დიგიტალიზაცია და გლობალიზაცია არის მნიშვნელოვანი. ახალგაზრდა ადამიანებმა აფრიკის ქვეყნებში იციან როგორ ცხოვრობს ხალხი ევროპაში, ამიტომ იბადება კითხვა - ჩვენი საკუთარი ინტერესები როგორც წარმოვადგინოთ, როგორ უზრუნველვყოთ მშვიდობა და კეთილდღეობა?! პირველი პასუხია პროევროპული - ვიცით, რომ ნებისმიერი ქვეყანა ცალკე აღებული, მათ შორის 80 მილიონიანი გერმანიაც მარტოდმარტოა დარჩენილი თავისი ფასეულობების ანაბარა, თუ ის ინდივიდუალურად იმოქმედებს. ადამიანის პატივი, ღირსება, ყველაფერი ერთობლივად უნდა იქნას დაცული სხვა პარტნიორებთან ერთად, რათა სამართლიანად მივიღოთ კომპრომისული გადაწყვეტილებები მრავალმხრივად“, - განაცხადა მერკელმა.

მისივე თქმით, ნესბისმიერ ქვეყანას უნდა მიეცეს განვითარების შესაძლებლობა.

"ჩვენ, ისევე, როგორც თქვენ, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო პროევროპული იდეისათვის, მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრებით, მხოლოდ ურთიერთპატივისცემით, არა დარვინიზმის მხარდაჭერით, არა იმ თვალსაზრისით, რომ ნებისმიერს მიეცეს განვითარების შესაძლებლობა. კი ბატონო, რად გვინდა კიდევ ბალკანეთის ქვეყნები, უკრაინა და საქართველო თავისი პრობლემებით? - ასეთი არგუმენტები არსებობს იმისთვის, რომ ხალხი დააშინონ ევროპის კონტინენტზე. როგორ შეიძლება საქართველოთი ევროპელების დაშინება, როგორ შეიძლება მონსტრულ სიტუაციად ამის წარმოჩენა, რა "პრობლემები“ შეიძლება შექმნას საქართველოს გაწევრიანებამ ევროკავშირში? ეს არის ადამიანური ემოციები, ამიტომ ძალიან ადვილად მანიპულირებადია ეს და დიდი სიფრთხილეა ამ თვალსაზრისით საჭირო. ეს აბსოლუტური სიმართლეა“, - განაცხადა მერკელმა.

იხილეთ ასევე: "დიახ, ეს არის ოკუპაცია... ეს რჩება უხეშ უსამართლობად"