"სიტყვა "ოკუპაციასთან“ რამე პრობლემა გაქვთ?" - ქართველი სტუდენტი, რომელმაც მერკელს რუსული ოკუპაცია "აღიარებინა" - კვირის პალიტრა

"სიტყვა "ოკუპაციასთან“ რამე პრობლემა გაქვთ?" - ქართველი სტუდენტი, რომელმაც მერკელს რუსული ოკუპაცია "აღიარებინა"

თსუ-ს სტუდენტმა კონსტანტინე შუბითიძემ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას კითხვით მიმართა.

"კითხვებზე პასუხის გაცემის დროს ორი დღეა უკვე იყენებთ შეფასებას - "უსამართლო მდგომარეობას“, არ იყენებთ სიტყვა "ოკუპაციას“. ტერმინ "ოკუპაციასთან“ რამე პრობლემა არის თუ რატომ არ იყენებთ? რატომ არ აფასებთ ცხინვალსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს როგორც "ოკუპაციას“?, - იკითხა კონსტანტინე შუბითიძემ.

აღნიშნულ შეკითხვაზე გერმანიის კანცლერმა უპასუხა: "თქვენ მეკითხებით, მე ვაფასებ თუ არა ოკუპაციად? დიახ, ეს არის ოკუპაცია, ეს არის დაკავებული ტერიტორია - 20%. ამის მიუხედავად, ეს რჩება უხეშ უსამართლობად“, - განაცხადა მერკელმა.

მანამდე, მერკელმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში განვითარებულ პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის უსამართლო და მიუღებელი სიტუაცია, რაც აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ხდება.

"მე ვფიქრობ, რომ ეს არის უსამართლობა. პრემიერ-მინისტრმა მითხრა რომ ჰუმანიტარული სიტუაცია ამ რეგიონებში კატასტროფულია, ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს თავის სამშობლოს, მოსახლეობის რაოდენობა იქ ძალიან დაბლა იწევს. საქართველო მუშაობს ამ მიმართულებით და გერმანიასაც შეუძლია დაეხმაროს. ეს არის მიუღებელი სიტუაცია. მე პირადად, ბევრ დროს ვუთმობ კონფლიქტების მოგვარებაზე ფიქრს - უკრაინის და საქართველოს კონფლიქტებზე. ეს არის სიტუაცია, როდესაც საქართველოს რუსეთის ხელშეწყობით ძალიან რთულად მოუწია განვითარება. არ უნდა დავივიწყოთ ეს. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არ უნდა შევეგუოთ ამას. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, ეს არის გრძელვადიანი პროცესი. სამწუხაროდ, გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ ამ რეგიონებში ადამიანებს საქმე ძალიან ცუდად აქვთ. პირველ რიგში, მათ უნდა დავეხმაროთ ჰუმანიტარულად. რა თქმა უნდა, გვაქვს იქ ევროკავშირის მისია, რომელიც ცდილობს კონფლიქტის მოგვარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. როდრესაც ადამიანს განათლების მიღება ან სამედიცინო დახმარება სჭირდება, მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა საზღვარი გადმოლახოს; როდესაც ეს შესაძლებლობა მათ უმცირდებათ ეს არის ძალიან ცუდი სიგნალი“, - განაცხადა მერკელმა.