"ნატოში სწრაფ გაწევრებაზე ვერ ვისაუბრებთ, გერმანიის პოზიცია ასეთია, ასეთი დარჩება" - რას ველოდით და რა მივიღეთ?!
24-08-2018
"ნატოში სწრაფ გაწევრებაზე ვერ ვისაუბრებთ, გერმანიის პოზიცია ასეთია, ასეთი დარჩება" - რას ველოდით და რა მივიღეთ?!
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები

საქართველოში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის 2-დღიანი ვიზიტი დასრულებულია. გაკეთდა განცხადებები, გაიმართა ერთობლივი პრესკონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ვიხილეთ შეხვედრა პრეზიდენტთან, სტუდენთებთან, ქალბატონი მერკელი ჩავიდა საოკუპაციო ხაზთანაც... თუმცა კვლავაც ისმის კითხვები: - მივიღეთ კი ის, რასაც ველოდით გერმანიის კანცლერისგან?

ქართველი ჟურნალისტების კითხვებმა პრესკონფერენციაზე ნათლად ასახა საზოგადოებრივი ინტერესიც - მიგვიღებენ ნატო-ში ან ევროკავშირში? შეიცვლის გერმანია საკუთარ პოზიციას საქართველოს ნატო-ში გაწევრების თაობაზე?

ვიდრე ამ
კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდებით, ჯერ უნდა ითქვას, რა განცხადა მერკელმა საჯაროდ.

რა თქმა უნდა, უნდა გაკეთებულიყო და გაკეთდა კიდეც განცხადებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, თუმცა გერმანიის კანცლერის ტონი საკმაოდ რბილი იყო და ის მოერიდა
რუსეთის ხელისუფლების პირდაპირ დადანაშაულებას ამ ყველაფერში.

"ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე. მე მას ვესაუბრები. ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა. არ უნდა მოხდეს შეგუება ამ სიტუაციასთან. ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე", - ეს განცხადება მერკელმა ვიზიტის პირველ დღეს გააკეთა. ასევე დაამატა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რაც შეუძლიათ ამ კონფლიქტის გადასაჭრელად, ყველაფერს გააკეთებენ.

რა თქმა უნდა, ეს ტონი განსხვავდება იმ მკაცრი ტონისგან, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებს აქვთ ხოლმე რუსეთზე საუბრისას.

ის, რომ პირველ დღეს კანცლერმა სიტყვა "ოკუპაცია" არ ახსენა, ლამის ქართველი მედიისა და პოლიტიკური ისტებლიშმენტის განხილვის მთავარ თემად იქცა, თუმცა უკვე მეორე დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას, მერკელმა განაცხადა, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია. ის ჩავიდა საოკუპაციო ხაზთანაც, თუმცა ისე, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები არ იახლა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მან მოიწონა საქართველოს პოლიტიკა ჩრდილოელ მეზობელთან მიმართებით. "ვიცით, რომ ბევრი სირთულე გაქვთ, თუმცა ცდილობთ, ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ და ხალხთაშორისი ურთიერთობები დაალაგოთ. ამიტომ, მახარებს იმის გაგება, რომ რუსეთთან ყველა ამ პოლიტიკური სირთულის მიუხედავად, თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან. მათ აქ ჩამოსვლა მოსწონთ და სწორედ ეს არის მთავარი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და მოსალაპარაკებლად", - ეს სიტყვები მერკელმა ოფიციალურ ვახშამზე წარმოთქვა და ჩვენი აზრით, ეს უნდა იყოს მინიშნება იმისკენ, თუ რა ხედვა აქვს გერმანიას საქართველოსთან მიმართებით და რისკენ მოუწოდებს საქართველოს.

ის ფაქტი, რომ მერკელმა რუსი ტურისტები ახსენა და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე არაფერი თქვა, უკვე საყურადღებოა...
გერმანია არავითარ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს ურთიერთობების დაძაბვას რუსეთთან საქართველოს მხრიდან, პირიქით, მან პირდაპირ მიგვანიშნა, რომ ურთიერთობები უნდა მოგვარდეს მშვიდობიანად და ყველანაირი პროვოკაციის თავიდან აცილების საშუალებით. ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისასაც დადასტურდა.
"ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვუთხრათ იმას, რომ ვითანამშრომლოთ რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიმართულებით. რა თქმა უნდა, აზერბაიჯანიც ისეთი ქვეყანაა, საიდანაც ჩვენ შეგვიძლია გაზის მიღება, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ამ გაზის მიღება არ არის იგივე ფასად შესაძლებელი, როგორც რუსული გაზის მიღება. მე არ ვარ წინააღმდეგი რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა გვქონდეს, იქნებ გადავწყვიტოთ პრობლემა უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით და ეს იქნება ადამიანებისთვის მომგებიანი".

კიდევ რა თქვა მერკელმა?
მან განაცხადა, რომ მხარს უჭერს ორ ქვეყანას - საქართველოსა  და გერმანიას შორის ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ტურისტული ურთიერთობების გაღრმავებას, რომ მიესალმება ვიზალიბერალიზაციის შედეგად მიღწეულ მონაპოვარს, ქართული სოფლის პროდუქტების გატანას გერმანიაში და კიდევ: "წელს საქართველო საპატიო სტუმარია ფრანკფურტის წიგნების ბაზრობაზე და მოუთმენლად ველით ამ ღონისძიებას. გვაინტერესებს როგორი იქნება საქართველოს წარმოდგენა იქ. ძალიან კარგია, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის, ხალხებს შორის თანამშრომლობა და პარტნიორობა ვითარდება, ასევე ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოდის საქართველოში გერმანიიდან".

მთავარი კითხვა სწორედ აქ ჩნდება - გერმანიის კანცლერი საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ ამ ყველაფერზე ესაუბრა? ამ ყველაფერს ხომ ნებისმიერი მინისტრის, თუნდაც ელჩის პირით გაახმაურებდა?

ექსპერტთან ნაწილის შეფასებით, მერკელის ვიზიტმა გაამყარა ის ვარაუდი, რომ გერმანიის კანცლერის კავკასიაში სტუმრობის მიზანი არის ორი რამ: სომხეთში ვიზიტი და აზერბაიჯანული გაზის გამოყენების პერსპექტივები. რაც შეეხება საქართველოში ვიზიტს, კავკასიურ ქვეყნებთან სტუმრობა საქართველოში ჩასვლის გარეშე ვერ და არ გამოვიდოდა

თუკი იქნება საუბარი აზერბაიჯანული გაზის გამოყენებაზე ან ახალი გაზსადენის მშენებლობაზე, აქ საქართველოს ექნება წამყვანი ფუნქცია, ვინაიდან აზერბაიჯანი საკუთარ გაზსადენს სომხეთზე არ გაატარებს. ამ შემთხვევაში რუსეთი ნაკლებად გაღიზიანდება - "ჩრდილოეთის ნაკადის" მშენებლობა ამ ფაქტის კომპენსირებას მოახდენს.
რაც შეეხება სომხეთს, მისი მნიშვნელობა ახლა საკმაოდ დიდია ევროპისთვის. როგორი რბილიც არ უნდა იყოს მერკელი პუტინის მიმართ, ის ამ უკანასკნელის წინააღმდეგ დამატებითი ბერკეტის ქონას არ მოერიდება. სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებები მიანიშნებს, რომ სომხეთი და რუსეთი ისეთი მოკავშირეები აღარ არიან, როგორც რამდენიმე წლის წინ.

ფაქტია ისიც, რომ მერკელი ევროპელი პოლიტიკოსებიდან საკმაოდ უწევს ანგარიშს რუსეთის პრეზიდენტს, მით უმეტეს გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს" მშენებლობის ფონზე. ამაში მერკელს ვერც გავამტყუნებთ და ვერც გავამართლებთ - რა ინტერესიც გერმანიას აქვს, მერკელიც ისე მოიქცევა, საქართველოს კი იმდენად დაუჭერს მხარს, რამდენადაც ეს გერმანიის ინტერესებში იქნება.

არსებითად, პოზიტიური არაფერი ითქვა საქართველოს ნატო-ში გაწევრებაზე , ასევე გადამწყვეტი არაფერი თქმულა ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივაზეც.
დღეს ევროკავშირის მთავარი თავის ტკივილი "ბრექსიტი" და მასთან დაკავშირებული პროცესებია. დიდი ბრიტანეთის "ბრექსიტის" საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა გუშინ წარადგინა გეგმა, თუ როგორ უნდა მოსდეს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, თუკი მხარეებს შორის მოლაპარაკება საერთოდ ვერ შედგება. ასეთი განცხადებები ბრიტანეთის მხრიდან დამატებით შიშსა და საფიქრალს იწვევს ევროკავშირში. ამას ემატება მიგრანტების კრიზისი და ის ფაქტი, რომ ბევრ ქვეყანას აღარ უნდა მიგრანტების მიღება. გერმანია კი, როგორც ევროკავშირში წამყვანი ქვეყანა, პირველია ვინც ამ გამოწვევებს პასუხი უნდა გასცეს. ამ ფონზე მერკელი საქართველოს ნატო-ში ან ვეროკავშირში გაწევრებაზე არაფერს რომ არ იტყოდა, ეს გასაგებიც არის.

მან ფაქტობრივად გაიმეორა 2008 წლის 10 მარტს გამოხატული პოზიცია. მერკელმა განაცხადა: "გულწრფელად რომ გითხრათ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, ჩემი აზრით, ნატოში სწრაფ გაწევრებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია, ასეთი დარჩება".

შეგახსენებთ 2008 წელს ის ამბობდა, რომ: "ქვეყნები, რომლებიც გარემოცული არიან რეგიონალური და შიდა კონფლიქტებით, ნატოს წევრები ვერ გახდებიან".

აქვე აღვნიშნავთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებები პირადად მერკელის მიმართ და გაზრდილი გადასახადები ასევე თავსატეხია მერკელისთვის.

და ბოლოს, მიუხედავად ამ სირთულეებისა, ახლა ალბათ ყველაზე კარგი დროა გერმანიისთვის რაც შეიძლება დამოუკიდებელი პოლიტიკა გაატაროს და შეეცადოს, ყველაზე მეტად ისარგებლოს არსებული დაპირისპირებებით. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰეიკო მაასის განცხადება, რომ "ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზანი არის სუვერენული, ძლიერი ევროპის ჩამოყალიბება", უკვე მიანიშნებს გერმანიის პოლიტიკურ მისწრაფებებზე.
მიუხედავად ყველაფრისა, გავიხსენებთ ქართველი ექსპერტის, სოსო ცინცაძის განცხადებას: "როდესაც ანგელა მერკელი ჩამოდის საქართველოში, სულ რომ არაფერი გვითხრას და მხოლოდ გაისეირნოს, იცეკვოს და სადღეგრძელოები თქვას, ყველა შემთხვევაში, ეს ვიზიტი არის კარგი და აქ ორი აზრი არ არსებობს!"



იოანე შაიშმელაშვილი
არჩილ
24 აგვისტო 2018 22:10
მერკელმა საქართველოში ჩამოსვლით შენიღბა ამიერკავკასიაში ვიზიტის მთავარი მიზეზი, რომელიც აზერბაიჯანს და განსაკუთრებით სომხეთს ეძღვნება. სულ ორიოდე დღის წინ პუტინს შეხვდა და საჭირო დირექტივებიც მიიღო ამ ორ ქვეყანასთან დაკავშირებით. ეტყობა რუსეთს ძალიან ეშინია სომხეთის, როგორც ამიერკავკასიაში მეხუთე კოლონის დაკარგვისა და ახალ კონტაქტებს ეძებს მასთან ევროპის საშუალებით. სხვანაირად, ლავროვი მთელს ქვეყანას უვლის და მშობლიურ სომხეთში ვეღარ ჩავიდა?
Dito
24 აგვისტო 2018 21:56
Siafandi vizitebi shedegebis gareshe, lipa dapirebebi da xurda fuli matxovris qudshi.
Bulgareti gaabitures uari atqmevines rusul gazsadenze samagierod turqebma da nemcebma auntes mcvane shuqi.
Bulgaretma izarala nemcebma da turqebma ixeires. Ai evrorealoba dges, saqartvelo da zogadad mteli agmosavlet evropa kazinos fishkebivit uchiravt xelshi da rusebs etamashebian rulets.
nika
24 აგვისტო 2018 20:52
ანუ ნატოში ვერ შეხვალთოო.ეხლა კიდევ გააგრძელებთ ხალხის დაბოლებას?

რედაქტორის რჩევით