"არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი "ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობა" - როგორ აფასებს სააკაშვილი მერკელის ვიზიტს? - კვირის პალიტრა

"არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი "ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობა" - როგორ აფასებს სააკაშვილი მერკელის ვიზიტს?

დღევანდელი ე.წ. მთავრობა ანგელა მერკელის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ. არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი "ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ანგელა მერკელის ვიზისტის შეფასებისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, გერმანიის კანცლერმა მართებულად აღნიშნა, როდესაც თქვა, რომ "საქართველო მზად არის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის და იმაზე მეტად არის მზად, ვიდრე სომხეთი“.

"ძალიან საინტერესოდ თქვა ევროპის დღევანდელმა ლიდერმა, ჩვენმა ძველმა პოლიტიკურმა პარტნიორმა და საქართველოს მეგობარმა ანგელა მერკელმა, რომ საქართველო მზად არის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის და იმაზე მეტად არის მზად, ვიდრე სომხეთი იყო. სომხეთში დაემხო პრორუსული რეჟიმი და ოლიგარქები მოაშთეს რეჟიმიდან სულ ცოტა ხნის წინ. მერკელის თქმით, საქართველოში ეს ბევრად უფრო შესაძლებელია.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყველა ხვდება - საქართველო უნდა გახდეს ღირსეული პარტნიორი მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ პირველ რიგში მაგარი ადგილი საკუთარი მოქალაქეებისთვის, რათა ხალხი მასობრივად არ გარბოდეს.

დღევანდელი ე.წ. მთავრობა სტუმრის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ. არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი "ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მერკელი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, თუმცა არ შეხვდა სალომე ზურაბიშვილს.

"მნიშვნელოვანია, რომ მერკელი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, პრეზიდენტობის კანდიდატებს და არ შეხვდა მოღალატე ზურაბიშვილს. ესეც ნათელი გზავნილი იყო მთელი ევროპის. მე ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია და ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს თავისი გადაწყვეტილება წელს ოქტომბერში. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში.