"ანგელა მერკელს სამხრეთ ოსეთში ვპატიჟებ კარიდან შემოვიდეს და არა ბაღებიდან" - კვირის პალიტრა

"ანგელა მერკელს სამხრეთ ოსეთში ვპატიჟებ კარიდან შემოვიდეს და არა ბაღებიდან"

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი "რესპუბლიკაში“ დაპატიჟა.

"რაც შეეხება მერკელის რუსეთის საზღვრებთან ჩამოსვლას, ჩემი აზრით, ეს ორიგინალური არ ყოფილა. ერთი მხრივ, ეს ძალიან კარგია. გამოდის, რომ ისინი დაინტერესებულები არიან ჩვენი ქვეყნით. ჩვენ სტუმრებს მაშინ ვიღებთ, როდესაც ისინი კარიდან შემოდიან. ვპატიჟებ ანგელა მერკელს სამხრეთ ოსეთში კარიდან და არა ბაღებიდან შემოვიდეს“, - განაცხადა ბიბილოვმა.

მისივე თქმით, კანცლერმა ჭოგრიტით დაინახა სამხრეთ ოსეთის განვითარება და ის, თუ რა კარგი შენობები აქვს რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოს და რა შესანიშნავ პირობებში ასრულებენ ისინი საკუთარ მოვალეობებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ანგელა მერკელი სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ანგელა მერკელმა ჭოგრიტის მეშვეობით საოკუპაციო ხაზს მიღმა ტერიტორიები დაათვალიერა.