საქართველოს დიდი მეგობარი, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

საქართველოს დიდი მეგობარი, ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი გარდაიცვალა

81 წლის ასაკში გარდაიცვალა, ცნობილი ამერიკელი სენატორი, საქართველოს დიდი მეგობარი ჯონ მაკკეინი. 24 აგვისტოს, მაკკეინის ოჯახმა საზოგადოებას აცნობა, რომ მან შეწყვიტა სიმსივნის მკურნალობა.

"მომავალი დღეები და წლები არ იქნები ძველებური, მაგრამ ეს იქნება კარგი დღეები, სავსე სიცოცხლითა და სიყვარულით, იმ ცოცხალი მაგალითის შესაბამისად, რასაც ის ყველას აძლევდა", - ვკითხულობთ ჯონ მაკკეინის ქალიშვილის, მეგანის განცხადებაში.

"გამოვხატავ ღრმა თანაგრძნობას და პატივისცემას სენატორ ჯონ მაკკეინის ოჯახის მიმართ. ჩვენი გულები და ლოცვა თქვენთანაა", - დაწერა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ჯონ მაკკეინს ექიმებმა აგრესიული ფორმის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2017 წლის ივლისში დაუსვეს. გასული წლის დეკემბერში მაკკეინმა დატოვა ვაშინგტონი. ის აშშ-ის სენატში 6-ჯერ იყო არჩეული, 2008 წელს კი კენჭს იყრიდა აშშ-ის პრეზიდენტად და არჩევნები ბარაკ ობამასთან წააგო.

პოლიტიკოსის პაპა და მამა გახლდნენ სამხედრო ფლოტის ადმირალები. თვითონ მან გაიარა ვიეტნამის ომი, ის გახლდათ ბომბდამშენის პოლოტი. მას მერე, რაც მაკკეინის თვითმფრინავი ჩამოაგდეს, მან 5 წელი ტყვეობაში გაატარა, სადაც სასტიკად აწამებდნენ.

აშშ-ის სენატორი სრულიად სამართლიანად მიიჩნეოდა საქართველოს დიდ მეგობრად. ის მუდმივად ლობირებდა საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე და ამასთანავე, რუსეთისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

"დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ!"

გთავაზობთ ჯონ მაკკეინის მიერ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს წარმოთქმული სიტყვას:

"ჩვენ ვხედავთ, საერთაშორისო აგრესია, თურმე მხოლოდ წარსულში არ ხდებოდა, გვეგონა, ის მე-20 საუკუნეში დავტოვეთ, მაგრამ თავისი სიმახინჯის გამოვლენას 21-ე საუკუნეშიც ახერხებს. პატარა ქვეყანა საქართველო იბიექტია რუსული შეტევისა, რითაც მის არსებობას ემუქრება. ამერიკელთა ნაწილს, როცა ამ განცხადებას ნახავს, შეიძლება კითხვა გაუჩნდეს, სად არის საქართველო და რატომ უნდა ვღელავდეთ რუსულ და ქართულ ჯარებს შორის კონფლიქტზე - ის ხომ პატარა, შორეული და ბუნდოვანი ქვეყანაა, მაგრამ ისტორია სწორედ ასეთ ქვეყნებში იქმნება.

დღეს დილით საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ვესაუბრე, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ, მან იცის, რომ ამერიკელთა ფიქრები, ლოცვა და მხარდაჭერა ამ პატარა, მამაც ერთანაა, რომელიც დღეს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. მან მთხოვა თქვენთვის მადლობა გადმომეცა... და მე მას ვუთხარი, რომ ყველა ამერიკელის ნაცვლად ვლაპარაკობ, როცა ვამბობ: დღეს ჩვენ ყველა ქართველები ვართ!"