"მერკელს დიდად არ უნდოდა ტერმინ "ოკუპაციის" გამოყენება, თუმცა..." - კვირის პალიტრა

"მერკელს დიდად არ უნდოდა ტერმინ "ოკუპაციის" გამოყენება, თუმცა..."

"მერკელის საოკუპაციო ხაზთან მისვლა ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური აქტი და რუსეთის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია"

შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირას ბოლო წლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი შედგა - სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია. ამ ვიზიტისადმი დიდი იყო ინტერესი და მოლოდინიც. პოლიტიკოსთა და ექსპერტთა აზრი გაიყო - ნაწილის შეფასებით, ეს იყო წარმატებული ვიზიტი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი მხარდაჭერა, სხვანი კი სწორედ იმით არიან უკმაყოფილო, რომ მერკელს არსებითი არაფერი უთქვამს, მეტიც, მიგვანიშნა, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემების გამო ნატოში საქართველოს გაწევრება ახლო მომავალში ვერ მოხერხდება. ამ ვიზიტის შეფასებით დავიწყეთ ინტერვიუ მამუკა არეშიძესთან:

- ევროპის ლიდერი სახელმწიფოს, უაღრესად ანგარიშგასაწევი ქვეყნის, პირველი პირის ვიზიტი ნამდვილად უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, მით უფრო, რომ რამდენიმე საყურადღებო გზავნილი მოვისმინეთ, მათ შორის, როგორ შეაფასა მერკელმა რუსეთის მოქმედება ოკუპაციად. აშკარა იყო, ამ ტერმინის გამოყენება დიდად არ უნდოდა, თუმცა საუნივერსიტეტო აუდიტორიასთან შეხვედრისას იძულებული შეიქნა. ვფიქრობ, პუტინთან შეხვედრიდან რამდენიმე დღეში ამ ტერმინის გამოყენება ნამდვილად ვერ ჩაითვლება ჩვეულებრივ ამბად - მერკელი აღიარებს რუსულ ოკუპაციას, რაც ნამდვილად არ იქნებოდა პუტინისთვის სასიამოვნო მოსასმენი. როგორც წესი, დასავლეთ ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ლიდერს უჭირს ამ ტერმინის გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ მერკელმა ერთ კონტექსტში განიხილა უკრაინისა და საქართველოს პრობლემატიკა.

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ პროცესში საქართველოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის როლი. ხანგრძლივი პაუზის შემდგომ უნივერსიტეტმა საჯაროდ გამოხატა თავისი პოზიცია, როგორც სტუდენტებმა, ასევე მთელმა კოლექტივმა. ჩემი აზრით, უნივერსიტეტი იბრუნებს თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ბოლო წლებში დაკარგული იყო.

რაც შეეხება ამ ვიზიტისადმი არსებულ მოლოდინს, სოციალური ქსელების მიხედვით, მოლოდინი იყო მკვეთრად პოზიტიურიც და გამოითქმოდა ნეგატიური მოსაზრებებიც.

მაგალითად, ვიღაცას ეგონა, რომ მერკელის ჩამოსვლით ლამის გადაწყდებოდა ნატოში თუ არა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრების საკითხი, ზოგი კი ამტკიცებდა, რომ მერკელი თითქოს იმიტომ ჩამოვიდა კავკასიაში, დაერწმუნებინა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებები, მიეღოთ ლტოლვილთა ახალი ნაკადი, თუმცა საქმეში ჩახედული პირები ნამდვილად არ ფიქრობდნენ, რომ ამ ვიზიტით არსებითი გარდატეხა მოხდებოდა.

ჩემი აზრით, მერკელის კავკასიური ვოიაჟი უპირველესად იყო ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის - გერმანიის მიერ გეოპოლიტიკური პარტნიორების მიმართ ყურადღების დემონსტრირება და ხაზგასმა იმისა, რომ ევროკავშირის ინტერესები სამხრეთ კავკასიაში არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ, გერმანიასა და ევროკავშირს აშშ-თან აშკარად გაუფუჭდათ ურთიერთობა, მეორე მხრივ კი მერკელი რუსეთთან თითქოს ახერხებს საერთო ენის გამონახვას. ამასთანავე, გერმანიას აქვს თავისი უცვლელი მიდგომები კავკასიის რეგიონის მიმართ და თავისი ინტერესები.

მერკელის ვიზიტი სამ ქვეყანას მოიცავდა და, რასაკვირველია, თითოეულ ქვეყანაში მის ჩასვლას თავისი სპეციფიკა ჰქონდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტერესის სფერო გახლდათ ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე პროცესები. ევროკავშირისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კასპიის ზღვის ახალი გადანაწილების შემდგომ, როგორ შეიძლება განვითარდეს ევროპის ენერგომომარაგება.

კი, "ჩრდილოეთის ნაკადის" ამუშავების შემდეგ გერმანია ევროპის ენერგეტიკული ჰაბი გახდება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სამხრეთ ევროპას მაინც სჭირდება შუა აზიიდან და კავკასიიდან მიწოდებული ბუნებრივი აირი. ვფიქრობ, გერმანიის გარდა, მერკელი მნიშვნელოვანწილად წარმოადგენდა სწორედ ევროკავDშირს და აზერბაიჯანში ჩასვლა სწორედ ამ თვალსაზრისით იყო მისთვის საინტერესო. ის, რომ მერკელი ევროკავშირს წარმოადგენდა, დაადასტურა საოკუპაციო ხაზთან მისმა ვიზიტმაც, როდესაც იქ სწორედ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა.

- "გულწრფელად რომ გითხრათ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, ჩემი აზრით, ნატოში სწრაფ გაწევრებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია და ასეთად დარჩება", - განაცხადა მან, რითაც ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს გაუცრუა იმედი. როგორ ფიქრობთ, ამგვარი განცხადებები, ერთი მხრივ, ხომ არ წაახალისებს რუსეთს და უბიძგებს დესტრუქციული მოქმედებებისკენ, აფიქრებინებს, რომ შეუძლია ნატოს გაფართოების შეჩერება, მეორე მხრივ კი ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი საზოგადოებაში ნიჰილიზმს გააღვივებს?

- ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებაში ნიჰილისტურ განწყობებს პირდაპირი და გულწრფელი განცხადებები კი არ აჩენს, არამედ ის დამახინჯებული პროპაგანდა ნატოში გაწევრების თაობაზე, რაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და რომლის შედეგადაც გაზვიადებული მოლოდინი გაჩნდა.

გვახსოვს უპასუხისმგებლო დაპირებები - ხან მაპ-ს ვიღებდით, ხან მაპ-ზე უკეთესს, ხან საერთოდ არ იყო საჭირო მაპ-ი და პირდაპირ გვიღებდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

ჯობს სიმართლე ითქვას, ვიდრე განუწყვეტელი დაპირებებით კვებავდნენ ხალხს. ის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი ხელის შემშლელია, ახალი ამბავი არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში ამის გადალახვა რომ შესაძლებელია, ესეც ვიცით. ბოლოს და ბოლოს, როდესაც გერმანია გაწევრდა ნატოში, მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული გახლდათ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, მეტიც, ამას მოჰყვა ის, რომ გერმანია გაერთიანდა.

ასე რომ, ეს არ არის მთავარი, მთავარი ის არის, რომ რუსეთის ახალი აგრესიის შემთხვევაში ევროპას რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა არ სურს. რუსეთი ამ ნაბიჯს რომ გადადგამს, როგორც ჩანს, მათთვის აქსიომაა. ხშირად დამისვამს საკითხი ასე, რა ჯობს ჩვენთვის - ნატოში გაწევრების პროცესი, თუ უკვე გაწევრება? საქმე ის არის, რომ ნატოში ჩვენი გაწევრების წინადღეს არავინ იცის, რას მოიმოქმედებს რუსეთი, ნატოში გაწევრების პროცესი კი მხოლოდ დივიდენდების მომტანი შეიძლება იყოს, მაგალითად, ახალი შეიარაღების მიღება, მუდმივი მხარდაჭერა, ზრუნვა იმაზე, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ დაიმსხვრეს.

მოკლედ, მერკელმა სიმართლე გვითხრა, თუმცა არაერთხელ გაიმეორა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას და შეძლებისდაგვარად დაგვეხმარება კიდეც.

ჩემთვის მერკელის განცხადება მოულოდნელი ან კატასტროფული ნამდვილად არ ყოფილა. ჩემი აზრით, ეს სულაც არ არის ჩვენთვის უბედურება,

ჩვენი უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ საქართველო ვერ ქმნის ისეთ პოლიტიკურ ამინდს თუნდაც რეგიონში, რომ უფრო ძლიერ სახელმწიფოდ გამოჩნდეს, მიუხედავად დაკარგული ტერიტორიებისა. საკუთარი პოლიტიკის წარმოების ამბიცია, კავკასიის რეგიონში მოკარნახის ფუნქცია და ინიციატივა, ნებით დავთმეთ, რაც ძალიან სამწუხაროა.

- არაერთი ექსპერტის აზრით, მერკელის ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობის განმტკიცებას.

- მერკელმა გამოთქვა არაერთ სფეროში თანამშრომლობის სურვილი, თუმცა ასეთი განცხადებები უფრო დიპლომატიას განეკუთვნება ხოლმე, უმნიშვნელოვანესი კი ის არის, მხარეები რაზე შეთანხმდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან. რა იყო დახურულ კარს მიღმა საუბრის კონკრეტული შინაარსი, არ ვიცით, ამიტომაც ანალიზი რთულია. თუმცა ვიმედოვნებ, რომ ყველა ის საკითხი, ეკონომიკური თუ კულტურული თანამშრომლობის გეგმა, რაც იყო ნახსენები, შესრულდება, რაც ჩვენს ურთიერთობას უფრო განავითარებს.

- ცნობილია, რომ კანცლერის დელეგაციაში შედიოდნენ გერმანიის ეკონომიკური და ბიზნესწრეების წარმომადგენლები. ამის გათვალისწინებით, ძალიან უცნაურია, რომ შეხვედრებზე არსად ჩანდა ჩვენი ეკონომიკის მინისტრი. გავრცელებული ინფორმაციით, ის შვებულებაშია, არ გამოჩენილა თავდაცვის მინისტრიც.

- ეს ნამდვილად აღმაშფოთებელია.ასეთი მნიშვნელოვანი სტუმრის ვიზიტისას რა განსაკუთრებული საქმით შეიძლება იყვნენ მინისტრები დაკავებული, გაუგებარია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არც კი ღირს მათ ყოფნა-არყოფნაზე ყურადღების გამახვილება.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა ანგელა მერკელმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების გარეშე ჩასვლა? მოვისმინეთ ასეთი შეფასებაც, რომ ასეთ შემთხვევაში მისი მოქმედება უფრო მეტად გამოჩნდებოდა როგორც რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და პოლიტიკური აქტი, რაც თავიდან აიცილა.

- და თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთი ასეთ შეფასებას ჭამს? ანგელა მერკელის საოკუპაციო ხაზთან მისვლა ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური აქტი და რუსეთის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია.

მიმაჩნია, რომ მერკელი აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როცა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა. ამით აჩვენა, რომ სწორედ ევროკავშირი მეთვალყურეობს საოკუპაციო საზღვარს და იქ მიმდინარე მოვლენებს. ჩემი აზრით, ასე მისი ჩასვლა გაცილებით წონიანი გამოდგა. ქალბატონი მერკელი ძალიან კომპეტენტური პოლიტიკოსია, მას რომ მავთულხლართები და ბერლინის კედლები უნახავს, ბევრს არ დაესიზმრება.

თავისი იქ ყოფნით მან ხაზი გაუსვა სწორედ იმას, რომ საქართველოს ოკუპაცია გრძელდება. ქართულ დელეგაციასთან ერთად რომ ჩასულიყო, რა შეიცვლებოდა? გასაგებია, რომ ოპოზიცია თავისებურად ცდილობს ხელისუფლების მოქმედებების დაკნინებას, მაგრამ ჯობს ასეთი დონის სახელმწიფო ლიდერის ჩამოსვლას უფრო კონსტრუქციულად შევხედოთ.

სანამ ახალ კითხვას დამისვამთ, ერთ საკითხს მინდა შევეხო, უფრო სწორად, თქვენი გაზეთის მეშვეობით გავაკეთო განცხადება, რომელსაც პირობითად დავარქვათ ასე: "ჩვენ ვიცით!"

როგორც ჩანს, თავის დროზე, 10 თუ 20 წლის წინ რომელიღაც სახელმწიფო ჩინოსანმა, პრაქტიკულად, გაყიდა საქართველოს საზღვრის ერთი მონაკვეთი. წლების განმავლობაში ეს ჩინოსანი და მასთან დაახლოებული რამდენიმე პირი ყველა ხელისუფლების დროს ახერხებდნენ სახელმწიფო სამსახურში დარჩენას და ამ ხელისუფლებების წარმომადგენელთა მოტყუებას.

არ ვასახელებ ჩინოსანს, არც საზღვრის მონაკვეთს, მაგრამ ვაცხადებ, აუცილებლად აეხდება ამ ყველაფერს ფარდა. ეს არის დიდი სახელმწიფო ღალატი, რაც დღემდე გრძელდება. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ შეეხება საქართველო-რუსეთის საზღვარს.

- საქართველოში მერკელის ვიზიტის პარალელურად, პუტინმა მოსკოვში უმასპინძლა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერებს. როგორ ფიქრობთ, ეს უკავშირდება გერმანიის კანცლერის ვიზიტს?

- ეს სულ სხვა პროცესს უკავშირდება. საქმე ის არის, რომ პუტინი ჰპირდებოდა ხაჯიმბასა და ბიბილოვს, რომ ე.წ. დამოუკიდებლობის მეათე წლისთავის აღსანიშნავად ჩავიდოდა სოხუმსა და ცხინვალში. ამისთვის დიდი მზადება ჰქონდათ, თუმცა პუტინმა გადაიფიქრა და საკომპენსაციოდ თავისთან დაიბარა ეს საცოდავები. ეს ნამდვილად ყოვლად მიუღებელი ნაბიჯია, უნდა გავაპროტესტოთ, თუმცა, სანამ ოკუპაცია გრძელდება, კრემლის ამგვარი პროვოკაციული ქმედებების მოწმენი არაერთხელ ვიქნებით.

- საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, თუმცა მმართველმა პარტიამ ჯერაც ვერ გადაწყვიტა, რას იზამს. გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საკუთარი კანდიდატის დასახელება გადაწყვიტეს და სალომე ზურაბიშვილს აღარ დაუჭერენ მხარს, თუმცა კვირის ბოლოს კვლავ განაცხადეს, რომ კანდიდატი არ ეყოლებათ.

- ვითარება მართლაც არაორდინარულია. ვერ ვიხსენებ სხვა ანალოგიურ სიტუაციას, როდესაც ასეთი განსხვავებული პოზიციები არსებობდა ერთ პარტიაში, მით უფრო განსხვავებული პარტიის თავმჯდომარის მოსაზრებისგან.

აქამდე ამბობდნენ, რომ თითქოს გადაწყვეტილი იყო სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა, არადა, ასე არ ყოფილა. ძალიან კარგად ჩანდა, რომ პარტიის ლიდერთა ერთ ნაწილს არ სურდა ამ კანდიდატისთვის მხარის დაჭერა. ნაწილი მიიჩნევს, რომ პარტიას თავისი კანდიდატი უნდა ჰყავდეს, ნაწილისთვის კი თვითონ სალომეა მიუღებელი. კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმასთან დაკავშირებითაც ერთიანი აზრი არა აქვთ. ასე რომ, არაფერს გამოვრიცხავ. ყველაზე ნაკლებად სავარაუდო მგონია, საერთოდ დაიბანონ ამ არჩევნებზე ხელი. ამას უპირველესად იმიტომ ვერ გააკეთებენ, რომ ამ ვითარებაში დიდი ალბათობით გაიმარჯვებს "ნაციონალური მოძრაობის" ან მისი განაყოფის კანდიდატი, რაც დიდი საფრთხეა "ქართული ოცნებისთვის". ამას აცნობიერებენ, ყოველ შემთხვევაში, ამაზე ლაპარაკობენ.

- როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ ხერხდება პოზიციების შეჯერება? თვითონ ბიძინა ივანიშვილსაც არა აქვს გადაწყვეტილება მიღებული, თუ პარტიაში მისი აზრი საკმარისად გავლენიანი აღარ არის?

- არა, მისი აზრი გავლენიანია, მაგრამ როგორც ვხედავ, ის ვითარების ფორსირებას არ აპირებს, "ქართული ოცნების" ლიდერებს კამათის საშუალებას აძლევს, რომ პარტიაში ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა იყოს. რატომ? - არ ვიცი.

- კვლავ უცნობია, რას იზამს მოქმედი პრეზიდენტი - მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას? აქამდე ისე ჩანდა, რომ გიორგი მარგველაშვილი მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევით იყო დაკავებული, თუმცა გასულ კვირას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მარგველაშვილი კანდიდატურას აღარ წარადგენს, კონსულტაციების ჩაშლაში კი "ქართული ოცნება" დაადანაშაულეს.

- ჩემთვის გაუგებარია მარგველაშვილის გადაწყვეტილება. მას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იუსტიციის საბჭოს შესარჩევი არ გამხდარიყო.

მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომლის თანახმადაც, კანდიდატურას იუსტიციის საბჭო შეარჩევს, მისდამი ნდობა კი ძალიან დაბალია. აქაც, როგორც ხშირ შემთხვევაში, ცარიელ ადგილას შეიქმნა ჩიხური ვითარება, რომელშიც მარგველაშვილმა თვითონ ჩაიგდო თავი. არასამთავრობო სექტორიც კი, რომელიც ყოველთვის ცდილობდა მასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას, აღშფოთებულია მისი გადაწყვეტილებით, რომლითაც, ვფიქრობ, მან უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე. რომც მიიღოს მონაწილეობა, შანსი არაფრის ექნება, რადგან ის ჯგუფებიც კი, რომლებიც მის მხარდამჭერებად მოიაზრებოდნენ, სავარაუდოდ, მხარს აღარ დაუჭერენ.

- გასულ კვირას ხმაური მოჰყვა უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის თანამდებობიდან წასვლას. მოგეხსენებათ, ის არაერთ სკანდალში ფიგურირებს. ერთი ვერსიით, მისი წასვლა ხელისუფლებასთან დაახლოებული გავლენიანი დაჯგუფებების დაპირისპირების შედეგია.

- მისი გადადგომა მოსალოდნელი იყო და არა მგონია, კლანურ დაპირისპირებას გამოეწვია. არ გამოვრიცხავ, რომ უთანხმოება თავად უწყებაში იყო.

მართლაც გაჩნდნენ გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც სახელისუფლებო ვერტიკალის გარეთ არსებული ინტერესებით იმართებიან და ეს ქვეყანას სერიოზულ პრობლემად ექცა. არის პირების კატეგორია, რომლებსაც ხელი აქვთ გახსნილი და ქვეყნის მართვაში ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე მონაწილეობენ.

ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ახალგაზრდა პრემიერი ამ სიტუაციის მოწესრიგებას ცდილობს. ამის თქმის საფუძველს რამდენიმე საკადრო გადაადგილება მაძლევს, მათ შორის გოგაშვილის წასვლაც.

ნათია დოლიძე