"მარგველაშვილი აჭრილია"
"მარგველაშვილი აჭრილია"
"არ არსებობს განმარტება, რომელიც პრეზიდენტის ამ უცნაურ ნაბიჯს აგვიხსნის"

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელოვან პროცესს წყვეტს და ფარ-ხმალს გაუგებარი მოტივით კიდევ ერთხელ ყრის - გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პარლამენტს აღარ წარუდგენს.

"ვითარებაში, როდესაც კანდიდატის შესარჩევ კონსულტაციებში "ქართული ოცნება" არ ჩაერთო, კანდიდატის დასახელება იქნებოდა დასახელება დასახელებისთვის და კანდიდატურა კანდიდატურისთვის", - პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის ამ განმარტებამ კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა მარგველაშვილის პოზიცია - პრეზიდენტის
მიერ წამოწყებულ არც ერთ პროცესში "ქართული ოცნება" არასოდეს ჩართულა და რატომ ელოდა მარგველაშვილი, რომ მმართველი გუნდი კონსულტაციებში ამჯერად ჩაერთვებოდა, ან თუ მხოლოდ მმართველი პარტიის პოზიცია იყო პრეზიდენტისთვის მთავარი ფაქტორი, რატომ უხმო სასახლეში ფართო ჩართულობისთვის სამოქალაქო სექტორის სრულ სპექტრს - არასამთავრობო ორგანიზაციებს, უფლებადამცველებსა და იურისტებს?

მოკლედ,
სანამ მარგველაშვილი დუმს და საზოგადოებას არ განუმარტავს, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, როგორც მმართველი პარტია, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები მას ისევ უსუსურ და უპასუხისმგებლო ფიგურად მოიხსენიებენ. მთავარი კი საზოგადოებას წინ ელოდება - კონსტიტუციის ახალი რედაქციით, თუ მოქმედი პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პარლამენტს არ წარუდგენს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში ქვეყნის შეცვლილი მთავარი დოკუმენტი შევა, რომლის თანახმადაც, პირველ მოსამართლეს იუსტიციის საბჭო აირჩევს და შერჩეულ კანდიდატურას დასამტკიცებლად პარლამენტს თავადვე წარუდგენს.

რატომ გადაულოცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პრეროგატივა მარგველაშვილმა იუსტიციის საბჭოს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც იუსტიციის საბჭო მწვავედ არაერთხელ გაუკრიტიკებია, "კვირის პალიტრა" ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

- პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუშვა შეცდომა, როდესაც კონსულტაციების­ დაწყებამდე ხელისუფლებასთან თანამშრომლობა სცადა და ამით პოლიტიკური თამასა ისევ მაღლა ასწია, საბოლოოდ კი, მართლმსაჯულების გადასარჩენად დაწყებულმა პროცესმა და, ფაქტობრივად, ბოლო შანსმა ტრადიციულად პოლიტიკური და კონფრონტაციული სახე მიიღო. მეტიც, მარგველაშვილმა არათუ მმართველ გუნდთან, სამოქალაქო სექტორთან შეთანხმებაც კი ვერ შეძლო - ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორისაც გაიყო პოზიციები, თუმცა კონკრეტულად რას ეხებოდა ეს საკითხი, ვერ გეტყვით.

- როგორც ამბობენ, სამოქალაქო სექტორი­ პრეზიდენტს მხოლოდ კრიტერიუმებს სთავაზობდა, რომლის მიხედვითაც კანდიდატი უნდა შერჩეულიყო, თუმცა პერსონების დასახელებისგან სამოქალაქო სექტორმა თავი შეიკავა და ეს პრეროგატივა პრეზიდენტს მიანდო.
- ამაზე თავად იმ პირებმა უნდა ილაპარაკონ, რომლებიც კონსულტაციებში მონაწილეობდნენ, თუმცა ეს მაინც არ ამართლებს მარგველაშვილის გადაწყვეტილებას. გასაგებია, რომ შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობას პრეზიდენტის კანდიდატისთვის მხარი არ დაეჭირა, თუმცა ერთია წარდგენა, მეორე - მაღალი საზოგადოებრივი ყურადღების კონცენტრირება ღირსეული კანდიდატისა და მთლიანად პროცესის გარშემო. "ქართული ოცნება" საზოგადოებრივ მონიტორინგს ჯერ კიდევ უწევს ანგარიშს, ნაცვლად ამისა, მარგველაშვილმა საბოლოოდ დაუსვა წერტილი თუნდაც იმ მცირე შანსს, რომელიც არსებობდა - იუსტიციის საბჭოში არსებულ კლანს საზოგადოება დაჰპირისპირებოდა.

არ არსებობს განმარტება, რომელიც მარგველაშვილის ამ უცნაურ ნაბიჯს აგვიხსნის. "ქართული ოცნებისგან" რა ეწყინა, თავად პროცესი მოსწყინდა თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს გაუბრაზდა, გულწრფელად ვერ გამიგია.

- პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზად იქნებ მართლაც შეგვიძლია განვიხილოთ უშედეგო და არაფრისმომცემ პროცესზე უარი, როგორც მის ადმინისტრაციაში განმარტ­ავენ... დიდი ალბათობით, მარგველაშვილის კანდიდატურას საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერდა და იქნებ ვადის ამოწურვამდე პრეზიდენტმა არ ისურვა კიდევ ერთხელ ეწვნია მარცხი?
- ეს ლოგიკაც აბსოლუტურად გაუმართლებელია, თუმცა მარგველაშვილის გაორებული პოზიცია დიდი ხანია აღარ გვიკვირს. დიახ, მას უფლებამოსილება ეწურება და როგორც ჩანს, მართლაც არ იცის, რა ქნას - დარჩეს პოლიტიკაში თუ სამუდამოდ წავიდეს. თუმცა წასვლასა და დარჩენასაც, მით უმეტეს, პრეზიდენტის პოსტიდან, ღირსეული შეფუთვა სჭირდება. მარგველაშვილი ამასაც ვერ ახერხებს და მარტივად რომ ვთქვათ, აჭრილია. ბოლო გადაწყვეტილებით მან მთავარი სისუსტე გამოავლინა - იწყებს პოლიტიკურ ბრძოლას, მაგრამ არასოდეს ასრულებს, ბრძოლის ველს შუა გზაში ტოვებს ან კაპიტულაციას აცხადებს. მან ვერც ერთი პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანა. გავიხსენოთ თუნდაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შერჩევა - მაშინაც მაღლა ასწია პოლიტიკური თამასა, თუმცა საბოლოოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და საზოგადოებას ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დაუტოვა. მიუხედავად ამისა, მჯერა, გულის სიღრმეში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანია.

- გულის სიღრმეში, მაგრამ არა ქმედებებით - ახლა მის ნაცვლად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს იუსტიციის საბჭო აირჩევს, ანუ საბჭო, რომელთანაც საზოგადოებასა და მათ შორის, პრეზიდენტს მწვავე კითხვები დიდი ხანია აქვთ.
- დიახ, მარგველაშვილი ამ გადაწყვეტილებით სახიფათო ზონაში შევიდა - ახლა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე წინა ხელისუფლებიდან გადმობარგებულმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ უნდა შეარჩიოს. ეს კლანი კიდევ უფრო დაასნეულებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მართლმსაჯულებას და საზოგადოებას წაართმევს ბოლო შანსს, რომ სასამართლო სისტემა ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს. უახლოეს მომავალში მივიღებთ ჩაბეტონებულ და დამარხულ მართლმსაჯულებას, საბოლოოდ კი ეს ისევ ხელისუფლებას დაუჯდება მძიმე პოლიტიკურ ფასად - სამართლის პოვნის იმედდაკარგულ საზოგადოებას ვითარება რევოლუციურ რეჟიმში გადაჰყავს - თუ არ არის სამართალი, არ იქნება მშვიდობა.

თუ მმართველ გუნდს აქვს ილუზია, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის მართვას შეძლებს, მწარედ ცდება, რადგან როდესაც ურჩხული წამოიზრდება, ის მშობელს აუცილებლად შეჭამს. ეს ცხოვრებისა და პოლიტიკის დაუწერელი კანონია.
თუ ჩინჩალაძე ამჯერად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ჩაიგდებს ხელში, კლანს კიდევ მეტი ამბიცია გაუჩნდება. თუ სააკაშვილის დროს ისინი პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობდნენ, ახლა შეეცდებიან თავად უკარნახონ თამაშის წესები ხელისუფლებას. მურუსიძე-ჩინჩალაძის ტყვეობაში ყოფნა "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურად დაასრულებს.

რუსუდან შელია
01 სექტემბერი 2018 12:36
საცინლად კი გაქვს საქმე კაი დრო ატარე წარსული კარგი გქონდა აკმყო კარგი გაქვს მომავალიც კარგი გექნება გაკეთებული საქმე 000
oto
31 აგვისტო 2018 07:16
მარგველაშვილი ძალიან უხერხემლო ვინმე გამოდგა. არც მინისტრად ვარგოდა და არც პრეზიდენტად ივარგა. დაასამარა ბიძოს "კადრების შერჩევის" ნიჭზე მითები.
...
30 აგვისტო 2018 15:55
როგორ ეტყობა კაი ცხოვრება რომ აქვს არაფრის დარდი არა აქვს არაფერზე ფიქრობს ფული ბევრი აქვს და კაი პირობები
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები