"კრემლის ახალი აგრესიის შემთხვევაში ევროპას რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა არ სურს" - კვირის პალიტრა

"კრემლის ახალი აგრესიის შემთხვევაში ევროპას რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა არ სურს"

შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირას ბოლო წლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვიზიტი შედგა - სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვია. ვიზიტი "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ შეაფასა, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"გულწრფელად რომ გითხრათ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტექსტში, ჩემი აზრით, ნატოში სწრაფ გაწევრებაზე ვერ ვისაუბრებთ, ყოველ შემთხვევაში, გერმანიის პოზიცია ასეთია და ასეთად დარჩება", - განაცხადა მან, რითაც ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს გაუცრუა იმედი. ისმის კითხვა, ამგვარი განცხადებები, ერთი მხრივ, ხომ არ წაახალისებს რუსეთს და უბიძგებს დესტრუქციული მოქმედებებისკენ, აფიქრებინებს, რომ შეუძლია ნატოს გაფართოების შეჩერება, მეორე მხრივ კი ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი საზოგადოებაში ნიჰილიზმს გააღვივებს?

მამუკა არეშიძე: - ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებაში ნიჰილისტურ განწყობებს პირდაპირი და გულწრფელი განცხადებები კი არ აჩენს, არამედ ის დამახინჯებული პროპაგანდა ნატოში გაწევრების თაობაზე, რაც წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და რომლის შედეგადაც გაზვიადებული მოლოდინი გაჩნდა.

გვახსოვს უპასუხისმგებლო დაპირებები - ხან მაპ-ს ვიღებდით, ხან მაპ-ზე უკეთესს, ხან საერთოდ არ იყო საჭირო მაპ-ი და პირდაპირ გვიღებდნენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

ჯობს სიმართლე ითქვას, ვიდრე განუწყვეტელი დაპირებებით კვებავდნენ ხალხს. ის, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხი ხელის შემშლელია, ახალი ამბავი არ არის, თუმცა სურვილის შემთხვევაში ამის გადალახვა რომ შესაძლებელია, ესეც ვიცით. ბოლოს და ბოლოს, როდესაც გერმანია გაწევრდა ნატოში, მისი ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებული გახლდათ, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია, მეტიც, ამას მოჰყვა ის, რომ გერმანია გაერთიანდა.

ასე რომ, ეს არ არის მთავარი, მთავარი ის არის, რომ რუსეთის ახალი აგრესიის შემთხვევაში ევროპას რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა არ სურს. რუსეთი ამ ნაბიჯს რომ გადადგამს, როგორც ჩანს, მათთვის აქსიომაა...

... ჩემთვის მერკელის განცხადება მოულოდნელი ან კატასტროფული ნამდვილად არ ყოფილა. ჩემი აზრით, ეს სულაც არ არის ჩვენთვის უბედურება, ჩვენი უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ საქართველო ვერ ქმნის ისეთ პოლიტიკურ ამინდს თუნდაც რეგიონში, რომ უფრო ძლიერ სახელმწიფოდ გამოჩნდეს, მიუხედავად დაკარგული ტერიტორიებისა. საკუთარი პოლიტიკის წარმოების ამბიცია, კავკასიის რეგიონში მოკარნახის ფუნქცია და ინიციატივა, ნებით დავთმეთ, რაც ძალიან სამწუხაროა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტა ანგელა მერკელმა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების გარეშე ჩასვლა? მოვისმინეთ ასეთი შეფასებაც, რომ ასეთ შემთხვევაში მისი მოქმედება უფრო მეტად გამოჩნდებოდა როგორც რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და პოლიტიკური აქტი, რაც თავიდან აიცილა.

- და თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთი ასეთ შეფასებას ჭამს? ანგელა მერკელის საოკუპაციო ხაზთან მისვლა ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური აქტი და რუსეთის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯია.

მიმაჩნია, რომ მერკელი აბსოლუტურად სწორად მოიქცა, როცა ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა. ამით აჩვენა, რომ სწორედ ევროკავშირი მეთვალყურეობს საოკუპაციო საზღვარს და იქ მიმდინარე მოვლენებს. ჩემი აზრით, ასე მისი ჩასვლა გაცილებით წონიანი გამოდგა. ქალბატონი მერკელი ძალიან კომპეტენტური პოლიტიკოსია, მას რომ მავთულხლართები და ბერლინის კედლები უნახავს, ბევრს არ დაესიზმრება.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ქართველმა პოლიციელმა გამაჩერა და მკითხა..." - საქართველოში გადახდენილი რა ისტორია გაიხსენა ანგელა მერკელმა?