"ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ზოგჯერ საუკეთესო პოლიტიკა მოთმინებაა"
27-08-2018
"ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ზოგჯერ საუკეთესო პოლიტიკა მოთმინებაა"
ქვეყანას ბევრი აქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის, ამ გზაზე კი საუკეთესო პოლიტიკა მოთმინებაა, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი გერმანულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს.

ბოძაშვილი გერმანელ ჟურნალისტებთან საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებსა და რუსული პოლიტიკის ფონზე ქვეყნის განვითარების შესაძლებლობაზე, ასევე მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს.

როგორც გერმანული მედია წერს, ბოძაშვილის თქმით, საგარეო რისკების შემცირების თვალსაზრისით ქვეყნის მთავარი ამოცანა და თვითმიზანი არა მხოლოდ ინტეგრაცია, არამედ სტაბილური ეკონომიკური განვითარება და
უსაფრთხოების ქმედითი გარემოს შექმნაა.

გერმანული მედიის წარმომადგენლებთან საუბარში ბოძაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველო ეთნოკულტურული თვალსაზრისით ისედაც არის ევროპული ქვეყანა, თუმცა მას სისტემური და სახელმწიფოებრივი ორგანიზების მიმართულებით ბევრი აქვს გასაკეთებელი ევროპული სტილის სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად, რაშიც მნიშვნელოვანია ევროკავშირისა და გერმანიის დახმარება.

ბოძაშვილის თქმით, საქართველოს, როგორც უალტერნატივო სატრანზიტო
ქვეყანას, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებაში, კონკრეტულად ენერგორესურსებისა და იგივე გერმანიის რუსეთის გაზზე დამოკიდებულების შემცირების კუთხით.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის განცხადებით, ღირებულებითი თვალსაზრისით და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანა უპირობო ლიდერია პოსტსაბჭოთა სივრცეში და ეს მხოლოდ მისი ევროატალანტიკური მისწრაფებებით არ არის განპირობებული. მისი აზრით, ამავე დროს მნიშვნელოვანია ეკლესიის როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც მნიშვნელოვანი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინსტიტუციისა, რაც არსებითად თანხვედრაშია ევროპულ რელიგიურ პოლიტიკასთანაც.

გარდა ამისა, ბოძაშვილის თქმით, სახელმწიფო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს გენდერულ თანასწორობას, ამ ფონზე ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი კი შეიძლება გარდამტეხიც კი აღმოჩნდეს მენტალური, პარადიგმული თვალსაზრისით. გერმანულ მედიასთან საუბარში ბოძაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მომავალი პრეზიდენტი სწორედ ქალი იყოს.

ბოძაშვილმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის ციფრულ ბაზარზე საქართველოს ინტეგრაციის რეალურობაზე და აღნიშნა, რომ საქართელოს აქვს პოტენციალი ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით მეორე ესტონეთი გახდეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები