"ვიდეომასალის თანახმად, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს აკომპლექტებს" - კვირის პალიტრა

"ვიდეომასალის თანახმად, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს აკომპლექტებს"

ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საარჩევნო ადმინისტრაცია "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბად გადააქცია და მოვუწოდებთ, გადადგეს თანამდებობიდან,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთმა წევრმა ლევან ბეჟაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლევან ბეჟაშვილმა პრესკონფერენციაზე წარადგინა ვიდეომასალა, სადაც მისივე თქმით, საუბარია იმაზე,თუ როგორ აკომპლექტებს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი საარჩევნო ადმინისტრაციებს, როგორ აწვდის სიებს საოლქო კომისიებს და როგორ ხდება მათთან თანამშრომლობა. მისი თქმით, ჩანაწერებში ჩანს, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზეა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის კრწანისის კომისიის კურატორთან. როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ასეთ პირობებში არჩევნების ჩატარება ლეგიტიმაციას მოკლებულია.

"ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ პრაქტიკულად,უპრეცედენტო დაბალი რეიტინგის ფონზე საარჩევნო ადმინისტრაცია პირდაპირ უხეშად თანამშრომლობს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბთან და მათი დირექტივებით მოქმედებს. ჩანაწერებში საუბარი არის, რომ კრწანისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პირდაპირ კონტაქტზეა "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის კრწანისის საოლქო კომისიების კურატორ ნინო მაისურაძესთან. ჩანაწერებში ასევე საუბარია, რომ მათ აქტიური თანამშრომლობა აქვთ ალეკო ცხოვრებაძესთან, რომელიც არის "ქართული ოცნების" შტაბის თბილისის კომისიების კოორდინატორი. ასევე საუბარია იმაზე, რომ კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-4, მე-10, მე-16 უბნის თავმჯდომარეები პირდაპირ ადასტურებენ იმას, რომ ისინი იქნებიან კომისიის თავმჯდომარეები და მოადგილეები მაშინ, როდესაც თანამდებობის პირების არჩევა უნდა მოხდეს ერთი თვის შემდეგ საუბნო კომისიის წევრების დანიშვნიდან", - განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ჩანაწერები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ უკვე ცნობილია,ვინ იქნებიან საოლქო კომისიის თავმჯდომარეები და მოადგილეები.

"პირდაპირ აძლევენ დაპირებებს, რომ მათ პრობლემა არ ექნებათ არჩევნების დროს და ა.შ.აღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ უნდა მოვუწოდოთ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას, გადადგეს თანამდებობიდან, რადგან ეს არის კრახი და ფაქტობრივად, საარჩევნო ადმინისტრაციების ნდობის ჩამოშლა. ის რაც ხდება კრწანისის საარჩევნო ოლქში პრაქტიკულად ხდება ყველა საარჩევნო ოლქში. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხდება საარჩევნო ადმინისტრაციების და "ქართული ოცნების " საარჩევნო შტაბის თანამშრომლობა. გარდა ამისა, უნდა დადგეს კრწანისის საოლქო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი და უნდა მოვუწოდოთ ყველა საოლქო კომისიას, რომ არ დაუშვან "ქართული ოცნების" სააჩევნო შტაბიდან მოწოდებული სიებით საუბნო კომისიების არჩევა. ასევე უნდა მოახდინონ კონკურსის ღია წესით ჩატარება. ასევე უნდა მოხდეს ამ გასაუბრებების ჩანაწერების პირდაპირი ტრანსლირება სოციალური ქსელებით და ა.შ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს დაკარგული ნდობის ფონზე გაუჩნდეთ გარკვეული ნდობა ამ პროცესისადმი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალსახაა, რომ ქვეყანას დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია არ ჰყავს, არჩევნებს ატარებს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბი",- განაცხადა ბეჟაშვილმა.