"იქნებ სასამართლოს თავმჯდომარის კონკრეტული კანდიდატურა აღმოჩნდეს პროცესის განახლების და შედეგამდე მიყვანის კატალიზატორი" - კვირის პალიტრა

"იქნებ სასამართლოს თავმჯდომარის კონკრეტული კანდიდატურა აღმოჩნდეს პროცესის განახლების და შედეგამდე მიყვანის კატალიზატორი"

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე "არაორდინალური კანდიდატურის“ დასახელების წინადადებით გამოდის.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ უსუფაშვილმა განუცხადა, ექნება მცდელობა პრეზიდენტმა და პარლამენტმა აღნიშნული კუთხით თავიანთი კონსტიტუციური ვალდებულებები შეასრულონ, თუმცა განმარტა, რომ დეტალებზე ჯერ ვერ ისაუბრებს.

"კონსტიტუცია არ ითვალისწინებს პრეზიდენტის მიერ სასამართლოს თავმჯდომარის "კანდიდატურის არ წარდგენას“; მაქსიმუმი, რასაც კონსტიტუცია უშვებს, არის პრეზიდენტის მიერ "კანდიდატურის ჯერ ვერ წარდგენა“. იმედს ვიტოვებ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც სწორედ კანდიდატურის დასახელების გადავადებაზე საუბრობდა, რაც დასაშვებია და არა ამ ვალდებულების საერთოდ შეუსრულებლობაზე, რაც კონსტიტუციის დარღვევა იქნება.

პრეზიდენტის და მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან საჭირო იყო ნაბიჯების გადადგმა მართლმსაჯულების სისტემის გაჯანსაღებისთვის. თუმცა, ამის ნაცვლად, ახალი პრობლემა მივიღეთ პრეზიდენტის კონსტიტუციური ფუნქციის და უფლება-მოვალეობების გააზრების მიმართულებით... თუ ასე გაგრძელდა, მმართველი უმრავლესობა მარტივად მიჩქმალავს საკუთარ "წვლილს“ ამ პროცესებში და აქეთ გადმოვა კონტრშეტევაზე - "აი, ამიტომაც დავასუსტეთ პრეზიდენტი კონსტიტუციურად და ამიტომაც ვცდილობთ მასზე "ზედმეტი“ წარმოდგენების გაქარწყლებასო“.

ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად და, რაც მთავარია, მართლმსაჯულების სისტემაში პოზიტიური ცვლილებების შესატანად დარჩა ერთადერთი გზა - იქნებ სასამართლოს თავმჯდომარის კონკრეტული კანდიდატურა აღმოჩნდეს პროცესის განახლების და შედეგამდე მიყვანის კატალიზატორი.

გასაგები მიზეზების გამო, ჯერ დეტალებზე არ ვისაუბრებ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მხედველობაში მაქვს არაორდინალური კანდიდატურა, რომელსაც ყველა საჭირო პროფესიონალურ პარამეტრთან ერთად აქვს ერთი უნიკალური მახასიათებელიც, რაც გადამწყვეტი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც მართლა არის დაინტერესებული სასამართლოს თავმჯდომარის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ძალიან მაღალი ხარისხით. ამ ეტაპზე მთავარია, პროცესი საბოლოოდ დახურულად არ გამოვაცხადოთ არც უფლებამოსილმა სუბიექტებმა და არც დაინტერესებულმა საზოგადოებამ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.