"პრეზიდენტმა საკმაოდ უარყოფითი როლი შეასრულა უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტმა საკმაოდ უარყოფითი როლი შეასრულა უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში"

გაერთიანებული ოპოზიციის, "ძალა ერთობაშიას“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებით არსებული ვითარება არალოგიკურია. როგორც ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, იმ ლეგიტიმაციის ფონზე, რომელიც გააჩნია საქართველოს პრეზიდენტს, მან არ უნდა წარადგინოს რომელიმე თანამდებობის პირი.

"ფაქტია, რომ უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ არსებული ვითარება არის არალოგიკური, თუმცა ეს ვითარება შექმნილია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა საკმაოდ უარყოფითი როლი შეასრულა უზენაეს სასამართლოსთან მიმართებაში, როდესაც თავის დროზე "ქართული ოცნების“ კანდიდატი და პარტიული აქტივისტი წარადგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე. საუბარია, ნინო გვენეტაძეზე და მივიღეთ ისეთი შედეგი, რაც მივიღეთ. დღეს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ხარისხი ძალიან დაბალია, მაშინ როდესაც უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები და ხელისუფლების ახალი ლეგიტიმაცია უნდა მოხდეს, საუბარი იმაზე რომ არსებულმა პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს რომელიმე თანადებობის პირი, თუნდაც უზენაესი სასამართლოს რიგითი მოსამართლის კანდიდატურა, არამართებულად მიმაჩნია.

ვფიქრობ, რომ ეს უნდა მოხდეს არჩევნების შემდგომ, როდესაც ხელისუფლება არჩევნების გზით გარკვეულ ლეგიტიმაციას მიიღებს ხალხის მიერ. ახალი კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს არ ექნება კანდიდატის წარდგენის უფლება, მაგრამ არსებული ლეგიტიმაციის ხარისხის მქონე პრეზიდენტის მხრიდან რაიმე კანდიდატურის დასახელება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ თუ წარდგენილი იქნება შესაბამისი კანდიდატურა, კვლავ მოხდება "ქართული ოცნების“ ინტერესების გათვალისწინება. არსებულ პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს არანაირი კანდიდატურის წარდგენის უფლებამოსილება“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 2 აგვისტოს დატოვა. პოსტიდან წასვლის მიზეზად ნინო გვენეტაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობა და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროება დაასახელა.