ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალზე ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულ ირანის სამ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - კვირის პალიტრა

ანაკლიაში, მუსიკალურ ფესტივალზე ნარკოტიკების გასაღებაში ბრალდებულ ირანის სამ მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ირანის სამ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

დაკავებულებს ბრალად ზუგდიდის რაიონის, სოფელ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ ,,ECHO WAVES’’-თვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა გასაღება ედებათ ბრალად.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და ირანის ისლამური რესპუბლიკის სამ მოქალაქეს ჩ.რ.-ს, ზ.მ.-ს და კ.ა.-ს, რომელთაც ბრალი აქვთ წაყენებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ჩ.რ.-მ და ზ.მ.-მ. წინასწარი შეთანხმებით, შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს დიდი ოდენობით 0.2294 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს (3.4 - მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) შემცველი ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით და 2018 წლის 25 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის, სოფელ განმუხურში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ ,,ECHO WAVES’’-თვის განკუთვნილ ტერიტორიაზე, 350 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღეს ფესტივალის ერთ-ერთ მოქალაქეზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ იქნა ამოღებული.

რაც შეეხება მესამე ბრალდებულ კ.ა.-ს, მან შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 0.0158 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეტამფეტამინის“ შემცველი 3 ცალი ტაბლეტი, რაც 2018 წლის 25 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში, ასევე ელექტრონული მუსიკის ფესტივალის ,,ECHO WAVES’’-ის მიმდინარეობისას, 280 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ერთ-ერთ მოქალაქეზე, რაც იმავე დღეს საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლის მიერ იქნა ამოღებული.

2018 წლის 27 აგვისტოს ჩ.რ-ს. და ზ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინა (წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება), ხოლო კ.ა.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით წარედგინა (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და გასაღება); სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს“, -ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.