ჯონ მაკკეინის დაკრძალვას საქართველოს ხელისუფლებიდან მხოლოდ თამარ ჩუგოშვილი დაესწრება - კვირის პალიტრა

ჯონ მაკკეინის დაკრძალვას საქართველოს ხელისუფლებიდან მხოლოდ თამარ ჩუგოშვილი დაესწრება

სენატორ ჯონ მაკკეინის დაკრძალვას საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი დაესწრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარლამენტში განუცხადეს.

დღეს დილით გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნულ საკითხზე კომენტარი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც გააკეთა.

"ჯონ მაკკეინი გახლავთ ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც რომ ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადამიანი. ის იყო ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობარი, რომელსაც ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ერისთვის. განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე წუთებში და ამას ქართველი ერი არასდროს დაივიწყებს. მე დღეს, შუადღისას მივდივარ ამერიკის საელჩოში და ამასთან ერთად ბუნებრივია, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრები აუცილებლად გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

სენატორი ჯონ მაკკეინის დაკრძალვის ცერემონია 2 სექტემბერს გაიმართება. ჯონ მაკკეინის დაკრძალვა ქალაქ ანაპოლისში, მერილენდის შტატში გაიმართება, სადაც აშშ-ს საზღვაო აკადემია მდებარეობს, რომელიც სენატორმა დაამთავრა.

სენატორი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას ტვინის სიმსივნე ჰქონდა.

იხილეთ ასევე: "ჯონს სასტიკად აწამებდნენ, მაგრამ მისგან ვერანაირი ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხეს" - "თეთრი ტორნადოს" საოცარი ბიოგრაფია