"მერკელს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, მკითხა, რატომ არ იყო წითელი ხალიჩა, თუმცა თავადვე მიპასუხა, რომ ეს უსაფრთხოების საკითხი იყო"
29-08-2018
"მერკელს კარგი იუმორის გრძნობა აქვს, მკითხა, რატომ არ იყო წითელი ხალიჩა, თუმცა თავადვე მიპასუხა, რომ ეს უსაფრთხოების საკითხი იყო"
როდესაც თვითმფრინავის ძრავები მუშაობს, არ შეიძლება ხალიჩა ან რაიმე ისეთი იყოს, რამაც შეიძლება უსაფრთხოების ნორმები დაარღვიოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განმარტება ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

საქმე ეხება გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოდან გამგზავრების დროს, თავად კანცლერის შეკითხვას პრემიერისადმი, თუ რატომ არ იყო თვითმფრინავამდე მისასვლელ გზაზე წითელი ხალიჩა დაგებული.

პრემიერის თქმით, გერმანიის კანცლერს აქვს კარგი იუმორის გრძნობა და მისი შეკითხვა სწორედ ხუმრობით იქნა დასმული.

"მინდა შემოქმედებითად ვუპასუხო თქვენს
შეკითხვას, იმიტომ რომ შემოქმედებით მიდგომას ჰქონდა ადგილი ხშირ შემთხვევაში. "დაკარგულები თარგმანში" - მე ასე დავარქმევდი, იმ რამდენიმე ასპექტს, რომელზეც ყურადღება გამახვილდა. რაც შეეხებოდა თარგმანს, რა თქმა უნდა, სერიოზულია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე და ქალბატონ მერკელს ჰქონდა ძალიან ერთმნიშვნელოვანი და სწორი გზავნილი არა მხოლოდ თავის საუბარში,
არამედ გადაწყვეტილებაშიც, როდესაც ის მივიდა მავთულხლართებთან.

რაც შეეხება წითელი ხალიჩის ეპიზოდს, მაშინ სერიოზულად გიპასუხებთ. ქალბატონ მერკელს აქვს ძალიან კარგი იუმორის გრძნობა და როდესაც ჩვენ მივდიოდით თვითმფრინავისკენ, მან დამისვა შეკითხვა, ვიცოდი თუ არა რატომ არ იყო წითელი ხალიჩა და თვითონვე მიპასუხა, ეს არის ძალიან მარტივი უსაფრთხოების საკითხი, როდესაც თვითმფრინავის ძრავები მუშაობს არ შეიძლება ხალიჩა იყოს, რამაც შეიძლება უსაფრთხოების ნორმები დაარღვიოს.

მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ როდესაც ასეთი სტუმარი ჩამოდის, სწორედ ეს არის უმთავრესი გზავნილი. როდესაც ასეთი მაღალი დონის პოლიტიკოსი მიდის საოკუპაციო ხაზთან და საკუთარი თვალით ხედავს იმ პრობლემას, რომელიც ჰქონდა მის სამშობლოს გერმანიის გაერთიანებამდე და ვხედავთ გერმანიის მხარდაჭერას, ჩვენი მიზნების და ამოცანების მიმართ, ეს არის ერთმნიშვნელოვანი პასუხი ყველაფრის მიმართ", -განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით