"იუსტიციის საბჭოში ჩამოყალიბებული მაფიოზური კლანი, ეცდება, ახალი თავმჯდომარის არჩევით მაფია გააძლიეროს" - კვირის პალიტრა

"იუსტიციის საბჭოში ჩამოყალიბებული მაფიოზური კლანი, ეცდება, ახალი თავმჯდომარის არჩევით მაფია გააძლიეროს"

"ეს ავგიას თავლად ქცეული სასამართლო სისტემა შეიძლება რევოლუციურად გახდეს გასაწმენდი"

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელოვან პროცესს წყვეტს და ფარ-ხმალს გაუგებარი მოტივით კიდევ ერთხელ ყრის - გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას პარლამენტს აღარ წარუდგენს.

რატომ გადაულოცა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის პრეროგატივა მარგველაშვილმა იუსტიციის საბჭოს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც იუსტიციის საბჭო მწვავედ არაერთხელ გაუკრიტიკებია?

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

-- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი. მარგველაშვილი ამ გადაწყვეტილებით სახიფათო ზონაში შევიდა საქმე ის არის, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი გადადის იუსტიციის საბჭოს პრეროგატივაში, სადაც უკვე ჩამოყალიბდა აბსოლუტურად მაფიოზური მმართველობა. ეს მაფიოზური კლანი, ბუნებრივია, ეცდება, ახალი თავმჯდომარის არჩევით მაფია გააძლიეროს და არა - სახელმწიფო.

ეს კლანი კიდევ უფრო დაასნეულებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მართლმსაჯულებას და საზოგადოებას წაართმევს ბოლო შანსს, რომ სასამართლო სისტემა ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს. უახლოეს მომავალში მივიღებთ ჩაბეტონებულ და დამარხულ მართლმსაჯულებას, საბოლოოდ კი ეს ისევ ხელისუფლებას დაუჯდება მძიმე პოლიტიკურ ფასად - სამართლის პოვნის იმედდაკარგულ საზოგადოებას ვითარება რევოლუციურ რეჟიმში გადაჰყავს - თუ არ არის სამართალი, არ იქნება მშვიდობა.

თუ მმართველ გუნდს აქვს ილუზია, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის მართვას შეძლებს, მწარედ ცდება, რადგან როდესაც ურჩხული წამოიზრდება, ის მშობელს აუცილებლად შეჭამს. ეს ცხოვრებისა და პოლიტიკის დაუწერელი კანონია.

თუ ჩინჩალაძე ამჯერად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს ჩაიგდებს ხელში, კლანს კიდევ მეტი ამბიცია გაუჩნდება. თუ სააკაშვილის დროს ისინი პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობდნენ, ახლა შეეცდებიან თავად უკარნახონ თამაშის წესები ხელისუფლებას. მურუსიძე-ჩინჩალაძის ტყვეობაში ყოფნა "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურად დაასრულებს.

აქაც ვიტყვი - ყველას და მათ შორის პრეზიდენტსაც სახელმწიფოებრივ პრიზმაში რომ გაგვეხედა, მას თავმჯდომარის შერჩევისას თამასა კი არ უნდა აეწია, "ოცნებასთან" თანამშრომლობა უნდა ეცადა. ხომ ფაქტია, მარგველაშვილს კონსენსუსის ძიებით და მათთან მოლაპარაკებით უნდა ეცადა კანდიდატურის შერჩევა. ამ თამაშში "ოცნება" როგორმე უნდა ჩაეთრია, მაგრამ ასე არ ხდება.

შედეგად ეს ავგიას თავლად ქცეული სასამართლო სისტემა შეიძლება რევოლუციურად გახდეს გასაწმენდი.

იხილეთ ასევე: "მარგველაშვილი აჭრილია"