"ახალგაზრდებს საქართველო აინტერესებთ, მაგრამ როგორც მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც ომი ჰქონდათ" - რას ფიქრობენ აფხაზები ქართველებზე
12-09-2018
"ახალგაზრდებს საქართველო აინტერესებთ, მაგრამ როგორც მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც ომი ჰქონდათ" - რას ფიქრობენ აფხაზები ქართველებზე
"საქართველოთი დაინტერესება 2001 წელს გაცივდა გელაევის ცნობილი რეიდის შემდგომ, ხოლო 2008 წლის მოვლენებმა ინტერესი მინიმუმამდე დაიყვანა"
"ბავშვებს საქართველო აინტერესებთ, მაგრამ როგორც მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც ომი ჰქონდათ", - ამბობს ისტორიკოსი გია ანჩაბაძე, რომელიც 17 წელია აფხაზ ახალგაზრდებს ლექციებს უკითხავს. მისი თქმით, აფხაზებმა ინტერესი­ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დაკარგეს, მანამდე კი ქართველებს მცირე შანსი ჰქონდათ, რაც შევარდნაძის ხელისუფლებამ არ გამოიყენა.

გიორგი ანჩაბაძე: -
სოხუმში ლექციებს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ვკითხულობ. თუმცა
ომის დროს, 1992-93 და შემდგომ წლებში ამას ვეღარ ვახერხებდი. 1998 წელს ჩავედი პირველად სოხუმში. 1999 წელს აფხაზეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შემომთავაზეს, გამეგრძელებინა ლექციების კითხვა. დავთანხმდი და 2001 წლიდან განვაახლე ლექციები.


- როგორი განწყობა იყო მაშინ სტუდენტებში და როგორია ახლა? - ომის შემდგომ აფხაზებს ჰქონდათ იმედი, რომ
საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება კომპრომისზე წავიდოდა. კერძოდ, აფხაზეთი ყოფილიყო ფედერაციის ან კონფედერაციის წევრი, მაგრამ ქართულმა მხარემ ეს წინადადებები არ მიიღო.
- მაშინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა შეცდომა, კომპრომისზე რომ არ წავიდა?
- რა თქმა უნდა. შეიძლება საკითხი უცებ არ გადაწყვეტილიყო, მაგრამ ამ შეხვედრებში პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას მიიღებდნენ, დაახლოვდებოდნენ, რაც ხელს შეუწყობდა სასურველი შედეგის მიღებას.
- 2008 წლის ომის შემდგომ რა განწყობაა სოხუმში?
- საქართველოთი დაინტერესება 2001 წელს გაცივდა გელაევის ცნობილი რეიდის შემდგომ, ხოლო 2008 წლის მოვლენებმა ინტერესი მინიმუმამდე დაიყვანა.
- აფხაზების გულის მოსაგებად ჩვენი ხელისუფლება რაღაც ნაბიჯებს დგამს...
- ეს უნდა კეთდებოდეს არა გულის მოსაგებად, არამედ ურთიერთობის აღსადგენად. სამკურნალო პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს, ძალიან კარგია. ყველა, ვინც ამით ისარგებლა, ქართველი ექიმების მადლიერია, მაგრამ პრობლემას ეს ვერ გადაწყვეტს. პოლიტიკური საკითხები მხოლოდ პოლიტიკური დიალოგით წყდება. უფასო მკურნალობა ან ჟურნალისტების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და სხვათა შეხვედრები სასარგებლოა, მათ შეიძლება ფონი შექმნან პოლიტიკური დიალოგის დასაწყებად. ამ ეტაპზე­ საამისო ფონი არ არსებობს. თუ რომელიმე ღონისძიება აუმჯობესებს ვითარებას, სხვა ფაქტები საქმეს უკან სწევენ. მაგალითად, ურთიერთობის გამოსწორებაზე დადებით გავლენას არ ახდენს ინტერნეტსა და პრესაში ატეხილი აჟიოტაჟი თურქეთში რომელიმე აფხაზური ანსამბლის გამოსვლის ან შოტლანდიის პატარა ქალაქში აღმოჩენილი მემორიალის გამო... ახალგაზრდებს საქართველო აინტერესებთ, მაგრამ როგორც მეზობელი ქვეყანა, რომელთანაც ომი ჰქონდათ.
- სტუდენტებს ისტორიული ფაქტები თუ მიეწოდებათ სწორად?
- ცხადია, ქართული და აფხაზური ისტორიული ნარატივი დაშორდა ერთმანეთს. პოლიტიკური კონფლიქტისთვის ეს დამახასიათებელია როგორც ევროპის, ასევე აზიისა და აფრიკის ქვეყნებისათვის, სადაც ეთნოპოლიტიკური წინააღმდეგობებია...
- თბილისში დიდი გამოხმაურება მოჰყვა შამბას ინტერვიუს, სადაც ამბობს, რომ ქართველები მტრად არ მიაჩნია და დროა, დიალოგი დაიწყოს.
- დიალოგზე ხელაღებით უარის თქმა არ შეიძლება. არც იმისი თქმა შეიძლება, რომ აფხაზები მთლიანად რუსეთზე არიან დამოკიდებული და თავიანთი აზრი არ გააჩნიათ. შამბას 80-იანი წლებიდან ვიცნობ. იგი გამოცდილი პოლიტიკოსია, თბილისშიც არის ნამყოფი, სოხუმშიც უმასპინძლია ქართველებისთვის. საჭირო იყო არა ნაჩქარევი უარი, არამედ იმის გაგება, თუ რას გულისხმობდა...
- ახალგაზრდები ფლობენ აფხაზურ ენას?
- ძირითადად, რუსულად საუბრობენ, თუმცა ბოლო პერიოდში აფხაზურ საუბარსაც ხშირად გაიგონებთ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტარდება კონფერენციები, სადაც მოხსენებები მნიშვნელოვანწილად აფხაზურ ენაზე იკითხება. თუმცა კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი, რომ მცირერიცხოვანი ეთნოსის ენა არ გაქრეს.

თიკო ოსმანოვა

რედაქტორის რჩევით