"ახალი ოპოზიცია "ქართული ოცნებიდან" უნდა გამოიჩეკოს"
"ახალი ოპოზიცია "ქართული ოცნებიდან" უნდა გამოიჩეკოს"
"თუკი "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო სკამი დაკარგა, მოსახლეობას გაუჩნდება განწყობა - ამათ ამის უნარიც არ ჰქონიათო..."

"როგორც პრეზიდენტობის ხუთი წლის განმავლობაში და მანამდეც, ასევე მომავალში ჩემი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი. ეს იწყებოდა საქართველოს მოქალაქეებით და გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეებით. ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებ, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ ქვეყნის სამსახურს", - სტუდენტების წინაშე გამოსვლისას ასე აცნობა საქართველოს მოქმედმა
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას საკუთარი გადაწყვეტილება 28 ოქტომბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. რა შეიძლებოდა გამხდარიყო ამ გადაწყვეტილების მოტივი? - ამ საკითხით დავიწყეთ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბარი ექსპერტ რამაზ
საყვარელიძესთან.

- დაბეჯითებით ძნელი სათქმელია, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მარგველაშვილის გადაწყვეტილების მოტივი. ამას, ალბათ, თვითონ განმარტავს. ჩემი
აზრით კი, მარგველაშვილმა მშვენივრად იცის, რომ "ქართული ოცნების" თუ მის მხარდაჭერილ კანდიდატთან გამარჯვების შანსი არ ექნებოდა, შესაბამისად, არ სურდა წინასწარ გამოცხადებული დამარცხების განცდა.

მას გამარჯვების შანსი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტიის სრული რესურსი არ ამუშავდებოდა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ. მართალია, ჯერ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ცნობილი არ არის, მაგრამ, ალბათ, პრეზიდენტს ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს და გადაწყვეტილებაც შესაბამისი მიიღო.

დარჩება თუ არა ის პოლიტიკაში, არ ვიცი. დასანანი იქნება, თუ ქართულმა პოლიტიკამ მარგველაშვილი დაკარგა. ის არის თითქმის ყოველთვის სწორი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე, კარგი ორატორი, ძალიან პატიოსანი ადამიანი - ზოგჯერ საკუთარი თავის საზიანოდაც კი... რა თქმა უნდა, პრეზიდენტობისას ჰქონდა სისუსტეები, განსაკუთრებით - ახლობლებთან დაკავშირებით, მაგრამ არა მგონია, რომ სხვა პრეზიდენტებს ასეთი და უარესი პრობლემები არ ჰქონდათ და მომავალშიც არ ექნებათ.

- კულუარული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებაში" შიშითაც კი ელოდნენ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას და ახლა შვებით ამოისუნთქეს. თქვენი აზრით, რომელი კანდიდატის წისქვილზე დაასხამს წყალს მისი განზე გადგომა?
- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის "ქართული ოცნების" მარგველაშვილისადმი დამოკიდებულება გაუგებარია. მათ ათასჯერ მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ ეყოლებათ კანდიდატი. რჩება ორი შესაძლებლობა: ისინი ან მხარს უჭერენ დამოუკიდებელ კანდიდატს, ან საერთოდ არ მონაწილეობენ ამ პროცესში. ორივე შემთხვევაში მათ ხელს აძლევდათ მარგველაშვილის მონაწილეობა - მათი მხარდაჭერილი კანდიდატი მაინც გაიმარჯვებდა, მე-2 ადგილისთვის ბრძოლაში კი, ვფიქრობ, ის დაამარცხებდა "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფრთის კანდიდატებს. მარგველაშვილი აშკარად უკეთესი პოლიტიკური ორიენტაციის ფიგურაა, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ჯგუფის კანდიდატები. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მზად არის, ქვეყანაც კი დაანგრიოს, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და თავისი ლიდერი დაიბრუნოს, მარგველაშვილს კი ქვეყნის წინააღმდეგ არასდროს გადაუდგამს ნაბიჯი. "ქართული ოცნება" თუ კარგად გაიაზრებდა შექმნილ ვითარებას, წესით, სულაც არ უნდა გახარებოდა მარგველაშვილის განცხადება, თუმცა "ქართულ ოცნებაში" რამდენად აანალიზებენ ვითარებას და როგორ თვლიან პერსპექტივას, გაუგებარია.

სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ გამოაცხადა მარგველაშვილი "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ მტრად. მას პრობლემა არ შეუქმნია მათთვის, არადა, შეეძლო. თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე მარგველაშვილს შეეძლო "ქართული ოცნების" პოზიციების შერყევა, თუმცა ეს არ მოინდომა, მეტიც - მას საერთაშორისო ასპარეზზე არასდროს დაუმცირებია და დაუზარალებია ამჟამინდელი ხელისუფლება. უხერხულობას უქმნიდა მხოლოდ ზეპირი განცხადებებით და ვეტოთი, თუმცა ამ ვეტოს დაძლევა მათ არასდროს გასჭირვებიათ. "ქართულ ოცნებაში" კი, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მასთან დაპირისპირებით ცდილობდა ძალის მოსინჯვას, თუმცა - რაღაც პრობლემა შეგვიქმნა და ამიტომ ვებრძვით მარგველაშვილსო, მათაც არ უთქვამთ....

- ორიოდე სიტყვით რომ შევაფასოთ მარგველაშვილის პრეზიდენტობა... მან თითქმის ყველა მხარის მომდურება მოახერხა. "ქართული ოცნება" ოპოზიციონერს ეძახდა, ოპოზიცია - "ქართული ოცნების" ინტერესების განმახორციელებელს...
- ჩემი აზრით, მარგველაშვილი საპრეზიდენტო მმართველობის დროს ისე იქცეოდა, როგორც თვითონ მიაჩნდა საჭიროდ და არ ითვლიდა, ამ ნაბიჯს მისთვის რა მოჰყვებოდა. მიიჩნევდა, რომ ვეტო უნდა დაედო - აკეთებდა ამას, თუმცა იმას აღარ დაგიდევდათ, ამ ვეტოს ადვილად რომ დასძლევდა უმრავლესობა, რითაც პრეზიდენტის რეიტინგი ზარალდებოდა.

ამბობდა, საჭიროა ერთიანობაო და მიაჩნდა, რომ ეს სწორი იყო, მაგრამ ეს რომ განცხადებებით ვერ მოხერხდებოდა, ამაზე აღარ დაფიქრებულა. გაერთიანება მოწოდებებით არ ხდება. გაერთიანება ძლიერი ლიდერის გავლენით შეიძლება. ასეთი ლიდერობა თუ არ აიღე შენს თავზე, ვერავის გაერთიანებას ვერ მოახერხებ. მარგველაშვილს ამის შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ შეძლო ან არ მოინდომა. და არ მოინდომა, ისევ საკუთარი პრინციპის გამო, რადგან როგორც სტუდენტებთან მისი საუბრით გამოჩნდა, ის მიიჩნევს, რომ ამის ინიციატორი და ავტორი ხალხი უნდა იყოს, ანუ მიიჩნევს, რომ ერთი კაცის ლიდერობა არასწორია, არადა, ეს ბუნებრივი პროცესია. ის ვერ ჩამოყალიბდა ისეთ პოლიტიკურ ფიგურად, რომ ხელმეორე არჩევნებში მოგება გარანტირებული ჰქონოდა.

ერთხელ ვთქვი თქვენს გამოცემასთან და გავიმეორებ - ამ ეტაპზე ის უფრო ფილოსოფოსია, თუმცა აქვს ძალიან კარგი საფუძველი, რომ იქცეს ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ფიგურად, თუკი ამას მოინდომებს.

- საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" მოსალოდნელ გადაწყვეტილებაზე რას იტყვით, რას იზამს მმართველი ძალა - განზე გადგება, საკუთარ კანდიდატურას დაასახელებს თუ სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს მხარს?
- არა მგონია, საერთოდ არ მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა, რადგან ამის შემდეგ მათთვის არასასურველი მოვლენები შეიძლება განვითარდეს, კერძოდ, დავუშვათ, გრიგოლ ვაშაძე გახდა პრეზიდენტი... როგორი პრეზიდენტი იქნება, ეს სხვაა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მას შეეძლება მოქალაქეობის, შეწყალების საკითხების გადაწყვეტა და საგარეო ურთიერთობებზე გავლენის მოხდენა.
ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ვაშაძე საგარეო ურთიერთობებში ამ ხელისუფლების მაგინებელი იქნება? შეწყალებით კი ვის შეიწყალებს, მგონი, აშკარაა და მოქალაქეობას ვის დაუბრუნებს, ესეც ცხადია. სამივე მიმართულება დიდ პრობლემად ექცევა "ქართულ ოცნებას".

არ ვიცი, ეს სურთ მათ? ჩემი აზრით, არა, რადგან ეს იქნება მათი ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი. ჩვენს ჩამონათვალში მეოთხე და ყველაზე უარესი იქნება ის, რომ თუკი "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო სკამი დაკარგა, მოსახლეობას გაუჩნდება განწყობა - ამათ ამის უნარიც არ ჰქონიათო... არადა, "ქართულ ოცნებას" ხომ ყველაზე მეტად უნარიანობის პრობლემა უდგას! სააკაშვილის რეიტინგი თუ დაბალი იყო, ეს გამოწვეული იყო ძალაუფლების გადამეტებითა და უსამართლობის დაკანონებით, თუმცა მასზე არასდროს არავის უთქვამს, უნიათოაო, "ქართულ ოცნებაზე" კი სწორედ ასე ფიქრობენ. მოკლედ, ეს განწყობა უფრო დამძიმდება, თუ ხელისუფლებამ საპრეზიდენტო პორტფელი დაკარგა, რაც დიდ საფრთხეს შეუქმნის მას საპარლამენტო არჩევნების დროს.

ჩემთვის გაუგებარია ზურაბიშვილზე გულის აცრუებაც. ის დიდი ხანია პოლიტიკაშია და როდესაც მისი მხარდაჭერა გადაწყვიტეს, მისი ხასიათი, ალბათ, უნდა გაეთვალისწინებინათ. ის არ არის რბილი და დამყოლი ხასიათის ადამიანი, პირიქით, ამბიციური და ჯიუტი პოლიტიკოსია. ეს ყველაფერი "ქართულ ოცნებას" მაშინ უნდა გაეთვალისწინებინა, როცა მის მხარდაჭერაზე დაიწყეს მსჯელობა, ახლა კი მოახერხეს და ჩიხში შევიდნენ. მათთვის უკიდურესად მცდარი გადაწყვეტილება იქნება საკუთარი კანდიდატის დასახელებაც და განზე გადგომაც... ვფიქრობ, კანდიდატს ვეღარ დაასახელებენ. ჯერ ერთი, იმდენი იძახეს, არ დავასახელებთო, უკვე სასაცილო იქნება, თუ დაასახელეს; მეორეც, ძალიან ცოტა დრო რჩება, რომ ან შერჩევა მოასწრონ, ან მისი საზოგადოებისთვის წარდგენა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც წინასაარჩევნოდ პიარი არ დასჭირდება, ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ ის არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს. აი, ამიტომაც "ქართული ოცნება" იძულებულია, სალომე ზურაბიშვილი მიიყვანოს პრეზიდენტობამდე.

- მთავარ პროკურატურაში ფართომასშტაბიანი რეორგანიზაცია დაანონსდა. მოგეხსენებათ­ ის მოვლენები, რასაც მთავარი­ პროკურორობიდან­ ირაკლი შოთაძის წასვლა და ახალ პროკურორად შალვა თადუმაძის შერჩევა მოჰყვა. თქვენი აზრით, შეძლებს კი დაანონსებული ცვლილებები ამ სფეროში შექმნილი ვითარების შეცვლას? უსამართლობის განცდა, შერჩევითი მართლმსაჯულება კვლავაც უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში...
- გეთანხმებით, რომ ეს დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის, თუმცა მე ამას მხოლოდ პროკურატურის კონტექსტში არ განვიხილავდი.
პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო სისტემა არის სამი ვეშაპი, რომლებზეც უნდა იდგეს საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა და რაც ჩვენთან ასე შერყეულია. შესაბამისად, სამივეს ერთდროულად, ერთი სტილით დარეგულირების გარეშე შეუძლებელი იქნება შედეგის მიღწევა. განსაკუთრებით სავალალოა ვითარება სასამართლო სის-ტემაში, რომლის ტვირთსაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ვერ გაუძლო და თანამდებობიდან გაიქცა...

სამართალდამცველებისადმი ქვეყანაში სრული უნდობლობა ყალიბდება, რასაც თვითონვე უწყობენ ხელს. გავიხსენოთ, ანალოგიური პრობლემა დიდი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ჰქონდა, როცა მაფია გამეფდა ყველგან, ყველა სტრუქტურაში, თუმცა დიდი ბრძოლით ამის დაძლევა მოხერხდა და დღეს იქ თავში აზრად არავის მოუვა, მოსამართლის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენოს. ვფიქრობ, ამ ქვეყნის გამოცდილება საგულისხმოა.

რუზველტს მოუწია ამ პროცესის წარმართვამ სიმართლისმოყვარე ადამიანების პატარა ჯგუფთან ერთად. ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი, მაგრამ მთავარი იყო, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ამის პოლიტიკური ნება, საზოგადოებამ კი ეს დაინახა, ირწმუნა, რომ ეს ადამიანები მართლაც სიმართლისთვის იბრძოდნენ და მათ მხარეს დადგა. ეს პოლიტიკური ნება ჯერჯერობით "ქართულ ოცნებას" არ აღმოაჩნდა, ამიტომაც საზოგადოებას მის მიმართ ნდობა ნელ-ნელა უქრება.

იუსტიციის საბჭოსადმი, რომელმაც უნდა შეარჩიოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, საზოგადოებას ნდობის ნატამალი არ გააჩნია. ეს არის სავალალო ვითარება. მთელი მართლმსაჯულების სისტემა, მისი გადაწყვეტილებები მუდმივად საეჭვოა, რაც უპირველესად ჩვენს სახელმწიფოებრიობას აზარალებს.

არსებობს მოსაზრება, რომ სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სასამართლოს გაკონტროლებით "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ აკონტროლებს კი მმართველი ძალა იმ მახინჯ სისტემას, რომელიც, წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, ძალოვან სტრუქტურებშია ჩაბუდებული?

ან სჭირდება კი "ქართულ ოცნებას" ძალაუფლებაზე ზრუნვისთვის მეტისმეტი ძალისხმევა? ის თუ არა, მაშ, ვინ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში? "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისათვის კვლავაც მიუღებელია?!

ეს შესანიშნავად იცის ბიძინა ივანიშვილმა, ამიტომაც ყველა არჩევნების წინ გამუდმებით ასე სვამდნენ საკითხს: ჩვენ თუ არ დაგვიჭერთ მხარს, "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს! ამ არჩევნებში ეს ჯერ არ დასჭირვებიათ, თუმცა თუ დასჭირდათ, კვლავ დაიწყებენ ამ საკითხზე აპელირებას. მოკლედ, როდესაც შენი ალტერნატივა არის ძალა, რომლის ხელისუფლებაში მოსვლა ისე არ უნდათ ქვეყანაში, რომ ამომრჩეველი მზად არის, ორივე ხელით მოგცეს ხმა, რატომ გვგონია, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ?
მაგრამ თუ გამოჩნდა რეალური მესამე ძალა, რომლის კონტურებიც კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩანს, მაშინ მართლაც შეექმნება პრობლემა "ქართულ ოცნებას", რომელსაც მხარდამჭერები კი არ ჰყავს, არამედ მისი ამომრჩევლის უმრავლესობა ის ხალხია, ვისაც "ნაციონალური მოძრაობა", თავისი განაყოფით, არ დაენახვება თვალით.

საიდან შეიძლება გამოჩნდეს ეს მესამე ძალა - ახალი ოპოზიცია? ისევ და ისევ "ქართული ოცნებიდან" უნდა გამოიჩეკოს, რაც ახასიათებს ქართულ პოლიტიკას, მაგრამ ამგვარი პროცესის დასაწყისი ჯერ არ ჩანს. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი კვლავაც რჩება ამ პარტიის გამაერთიანებლად...

- "რა არის დემოკრატია? ეს არის არჩევნებში უმრავლესობის გამარჯვება, მაგრამ დემოკრატია არის ასევე მმართველი პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ აღმოჩნდება ოპოზიციაში," - გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის საქართველოში გაკეთებული ეს განცხადება ოპოზიციის ნაწილმა ახსნა ისე, თითქოს მან "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებიდან წასვლა მოსთხოვა...
- როგორც მოვისმინე, ეს ვერსია განავითარა გრიგოლ ვაშაძემ. ჯერ ერთი, ასეც რომ ყოფილიყო, ძალიან დამამცირებელია, პრეზიდენტობის კანდიდატი სხვა ქვეყნის პირველი პირის ნათქვამის გამო მიიჩნევდეს, რომ მისი ქვეყნის ხელისუფლება უნდა წავიდეს. მეორეც, ასეთი რამ მერკელს არ უთქვამს არც ხელისუფლებისთვის, არც - ოპოზიციისთვის. მან სტუდენტებთან შეხვედრისას, დემოკრატიაზე საუბრისას თქვა თქვენ მიერ მოყვანილი ფრაზა. ჩემი აზრით, ეს ვაშაძისეული ინტერპრეტაციით არ თქმულა. ასე რომ ყოფილიყო, მერკელი ამას სტუდენტებს კი არა, უპირველესად ოპოზიციას ეტყოდა... ისე, მერკელის ვიზიტს კავკასიაში გაუგებრობების მთელი შლეიფი მოჰყვა...

- ჩვენი საზოგადოების განხილვის საგნად იქცა კრიმინალური შემთხვევების გაზრდილი სტატისტიკა. მართალია, ითქვა, რომ ეს, გარკვეულწილად, დანაშაულის აღრიცხვის მეთოდოლოგიის შეცვლით არის განპირობებული, მაგრამ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვხედავთ, ყოველდღიურად რამდენი დანაშაული ხდება...
- რადგან აღიარეს პრობლემა და გამოაქვეყნეს სტატისტიკა, იმედი მაქვს, ღონისძიებებსაც გაატარებენ, მაგრამ არ ველი, რომ მაინცდამაინც ჭკვიანურ ნაბიჯებს გადადგამენ.

ამ პრობლემაზე დასმულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს სახელმწიფომ, მაგრამ არა მინისტრის ან სხვა მაღალი რანგის ჩინოსნის განცხადებით, არამედ უნდა დაუკვეთოს გამოკვლევები სპეციალისტებს, რომლებიც გაარკვევენ, რით არის ეს გამოწვეული. თუ ასეთი გამოკვლევები არ იქნება, სწორი დიაგნოზი თუ არ დაისმება, ჭირის მკურნალობა ძალიან გაჭირდება. როგორც მედიცინაში, აქაც დიაგნოსტიკა უფრო რთულია, ვიდრე რეპრესიული ღონისძიებების გატარება. არ ხდება ეს მხოლოდ საქართველოში, ქართველები უარესს შვრებიან ქვეყნის გარეთ. სულ ახლახან იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი გაქურდეს საქართველოს მოქალაქეებმა! კრიმინალი ლამის ჩვენს ეროვნულ ნიშნად იქცა! სააკაშვილის დროს ტარდებოდა გაცილებით მძიმე რეპრესიული ღონისძიებები და დანაშაულმაც იკლო, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ კრიმინალური აზროვნება არ გამქრალა! ოდნავ ლიბერალური მიდგომა აქვს ამ ხელისუფლებას და დანაშაული ისევ ყვავის.

ხომ გახსოვთ, სააკაშვილის დროს ქურდებზე გამოცხადდა ნადირობა. ამის შემდეგ წავიდნენ უცხოეთში და ქვეყანას არანაკლები ზიანი მიაყენეს. ისინი, უცხოეთში დანაშაულის ჩადენასთან ერთად, საქართველოსაც ჰპარავენ იმიჯსა და რეიტინგს!

რატომ სჩადის ქართველი დანაშაულს?
ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ეკონომიკური სიდუხჭირე იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, უმთავრესი ეთნო-ფსიქოლოგიური პრობლემებია.
არის საქართველოში რეგიონი, სადაც ცხენის მოპარვა სირცხვილად კი არა, ვაჟკაცობად მიიჩნეოდა! დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ქურდი საგინებელი სიტყვა სულაც არ იყო და ქურდთან ძმაკაცობით თავსაც იწონებდნენ!

უფრო ღრმა ანალიზია საჭირო - რომელი ტრადიცია საიდან მოდის, როგორ ტრანსფორმირდება ეს ტრადიცია დღევანდელობაში, როგორ ილექება ადამიანის ცნობიერებაში... ზედაპირული შთაბეჭდილებებით ან მხოლოდ დაშინებით ეს პრობლემა არ მოგვარდება.

ნათია დოლიძე
ალექს
08 სექტემბერი 2018 14:55
ბოლოა საინტერესო,არაა დასრულებული,აი ხელისუფლება ,ძალად მოსული,არარჩეული ,კოლექტიურ დანაშაულებს რომ სჩადის ასი წელია და დემოკრატი ვარო გაიძახის ,სოციალიზმი ავაშენე და კაპიტალიზმს ვაშენებო , ერს მივუძღვი წინო,აკლია !
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები