"ფრაუ მერკელი არც მორცხვია და არც მშიშარა, რომ სიტყვა "ოკუპაციის" თქმას მორიდებოდა" - კვირის პალიტრა

"ფრაუ მერკელი არც მორცხვია და არც მშიშარა, რომ სიტყვა "ოკუპაციის" თქმას მორიდებოდა"

"მე რუსი ხალხის მეგობრად ვთვლი თავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემს თავს რუსეთის მთავრობის მეგობარს ვერ ვუწოდებ"

რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ ბუნდესკანცლერი მერკელი და მისი დელეგაცია სამხრეთ კავკასიაში ისტორიული ვიზიტიდან გერმანიაში, რას ფიქრობენ მისი დელეგაციის წევრები მერკელის საქართველოში გაკეთებულ განცხადებებზე, "კვირის პალიტრა" ანგელა მერკელის დელეგაციის წევრს, ბუნდესტაგის დეპუტატს "მწვანეთა პარტიიდან" და აღმოსავლეთ ევროპის სპეციალისტს, მანუელ სარაცინს ექსკლუზიურად ესაუბრა.

- გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები საქართველოზე...

- ალბათ, თავადაც კარგად იცით, რომ არათუ რეგიონის, მთელი ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქვეყანაში ცხოვრობთ. ამიტომ გავიმეორებ იმას, რაც, ალბათ, ბევრჯერ გსმენიათ - თვალწარმტაცი ბუნება გაქვთ. მთელი დელეგაცია მოხიბლული იყო საქართველოთი, ძალიან საინტერესო ადამიანები გავიცანით და ნაყოფიერი შეხვედრებიც გაიმართა. დამამახსოვრდა პირველი დღე და ქართული მასპინძლობა, განსაკუთრებით, ის საოცარი საჩუქარი, რომელიც ჩვენმა კანცლერმა თქვენი პრემიერისგან მიიღო - მე-17 საუკუნის იტალიელი მხატვრის ტილო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დრეზდენის მუზეუმიდან დაიკარგა]. ეს იყო დიდი ნდობისა და პატივისცემის გამომხატველი ჟესტი და შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე.

- მერკელის აზერბაიჯანში ვიზიტის შემდგომ განაცხადეთ, რომ აზერბაიჯანულ გაზზე გარიგების ინტერესმა არ უნდა გამოიწვიოს "ფასდაკლება" ადამიანის უფლებებზე. რუსული გაზის ფასზე რას იტყვით? ეს გამოიწვევს თვალის დახუჭვას იმაზე, რაც რუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში ჩაიდინა და დღესაც აგრძელებს? - რა თქმა უნდა, არა! სწორედ ამიტომ არის, რომ ჩემი პარტია "ნორდსტრიმ-2"-ის გაზსადენის მშენებლობის კატეგორიული წინააღმდეგია. ჩვენ ვთვლით, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდების მაქსიმალური დივერსიფიკაცია უნდა მოხდეს. რაც შეეხება ჩემს განცხადებას, ეს იყო იმის ხაზგასმა, რომ გერმანიას სამხრეთ კავკასიის რეგიონში არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე ინტერესებიც ამოძრავებს.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდ გავლენას ახდენს რუსულ გაზზე გერმანიის დამოკიდებულება? - ვფიქრობ, რუსეთი უფროა ჩვენთვის გაზის მოყიდვით დაინტერესებული და დამოკიდებული, ვიდრე ევროპა რუსეთზე, გაზის შესყიდვით... თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს პოლიტიკური ზეგავლენა ენერგოინტერესებიდან გამომდინარე, რაც ჩანს კიდეც როგორც მთავრობის, ასევე სხვადასხვა პარტიის პოზიციაში. ვერ ვიცრუებ და ვიტყვი, რომ თავისუფალი ვართ ამ ზეგავლენისგან, მაგრამ ვფიქრობ, გერმანულ პოლიტიკაში ყველას, გარდა მემარჯვენე და მემარცხენე ექსტრემისტებისა, სულ უფრო მეტი სურვილი აქვს რუსული გაზის ამ ზეგავლენას თავი დააღწიოს, რადგან აშკარად ვხედავთ, რომ რუსეთის პოლიტიკა გავლენას ახდენს ჩვენს საზოგადოებაზე. ერთი სიტყვით, ზეგავლენა არსებობს, მაგრამ არც ისე დიდი, როგორც ზოგიერთი ფიქრობს და აცხადებს.

- სიტყვა "ოკუპაციასთან" დაკავშირებით ლამის მთელი საგა ვიხილეთ. საზოგადოების ნაწილს შთაბეჭდილება დარჩა, რომ კანცლერი ამ სიტყვის ხსენებას გაურბოდა და საჭირო გახდა პირდაპირი შეკითხვა, რათა მას რუსეთის აგრესიისთვის ოკუპაცია ეწოდებინა. იყო თუ არა ასე, მართლაც ქართველებმა ვაიძულეთ მერკელი, ეს სიტყვა ეხსენებინა? - ვფიქრობ, მისთვის და სრულიად გერმანიისთვისაც ნათელია, რომ სანამ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა გაქვთ, თანაც გამოსავლის გარეშე, ევროკავშირისა და გერმანიის მხარდაჭერა აუცილებელია. იმავდროულად, თბილისში ყოფნისას ხშირად მიმეორებდნენ, რომ გამორიცხულია ამ სიტუაციის ძალისმიერი მეთოდით შეცვლა. "კრიტიკული სიტუაცია" - აი, ასე შეაფასა მდგომარეობა ბუნდესკანცლერმა ჩვენთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

- ვფიქრობ, შეკითხვა უნდა გაგიმეოროთ. არსებობდა თუ არა რაიმე პროტოკოლური ტაბუ სიტყვა "ოკუპაციაზე"? - მსგავსი აკრძალვა არ არსებობდა, ყოველ შემთხვევაში, მე არ მსმენია. ფრაუ მერკელი საკმაოდ ღიად აფიქსირებს კრიტიკულ მოსაზრებებს რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე ევროკავშირის სამეზობლოში და მგონია, რომ ფრაუ მერკელი არც მორცხვია და არც მშიშარა, რომ სიტყვა "ოკუპაციის" თქმას მორიდებოდა. მისი ბრიფინგის ჩანაწერები არ მინახავს, არც ჩემთვის უკითხავს, რა და როგორ ვთქვა პრესკონფერენციაზეო, მაგრამ როდესაც ჩვენთან განიხილა ეს შეხვედრა, ცხადი გახდა, რომ სიტყვა "ოკუპაციის" წარმოთქმასთან დაკავშირებით პრობლემა არ ჰქონდა.

- მან ასევე განაცხადა, რომ ახლო მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრება არარეალურია და მიზეზად აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სიტუაცია" დაასახელა. გავიხსენოთ, რომ სწორედ გერმანია იყო ორად გაყოფილი ქვეყანა, როდესაც ნატოს წევრი გახდა და მის ამ განცხადებას ორმაგი სტანდარტის დაღი ხომ არ ადევს? რაც მისაღებია გერმანიისთვის, ვერ ერგება საქართველოს, რადგან ჩვენ ამხელა თავსატეხად არ ვღირვართ... - ჩემი აზრით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა და აღმოსავლეთპარტნიორობის ინიციატივაში აუცილებელი იყო საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრების პერსპექტივის ჩართვა. მეორე მხრივ, ალბათ, ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოსთვის ეს გზა საკმაოდ გრძელი იქნება და თქვენი ქვეყანა სწრაფად და დაჩქარებული წესით ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. აუცილებელია, ქართველ საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ამჟამად ევროკავშირს შიდა პოლიტიკის მწვავე პრობლემები აქვს. მაგალითად, ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ მკაფიო კონსენსუსს, როდის უნდა დავიწყოთ მაკედონიასთან გაწევრებაზე მოლაპარაკება, რადგან რიგ წევრ ქვეყნებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ.

- მაგრამ მე ნატოზე გკითხეთ. გარისკავს თუ არა დასავლეთი, საქართველო კოლექტიური თავდაცვის ქოლგაში შეიფაროს? - უნდა ვაღიარო, რომ ჩემს პარტიას ნატო დიდად არ ეხატება გულზე, ამიტომაც ვცადე მედლის მეორე მხარეზე - ევროკავშირზე მესაუბრა. ვფიქრობ, ნატოსთან დაკავშირებით სიტუაცია ასეთია: ბუქარესტის სამიტზე ათი წლის წინ მიღწეული გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრების შესახებ ძალაშია, მაგრამ, იმავდროულად, პოლიტიკური სიტუაცია ნატოში ამჟამად არ გვაძლევს საშუალებას, რომ სწრაფი გაწევრების დაპირება მოგცეთ. ასე რომ, მაპ-ის გარეშე წინსვლაზე უნდა მოახდინოთ კონცენტრაცია, რათა საქართველო უკეთესად იყოს მომზადებული. თუმცა ეს მაინც არ იქნება საკმარისი იმ ცვლილებებისთვის, რომლებიც თქვენ გჭირდებათ და ვფიქრობ, ეს თქვენი ერთ-ერთი მთავარი სისუსტეა.

- რა ცვლილებებს გულისხმობთ? - ვგულისხმობ... რა თქმა უნდა, საქართველოს რუსეთისაგან დაცვის საუკეთესო გარანტია ნატოს ქარტიის მეხუთე მუხლი იქნებოდა, მაგრამ გულწრფელად გეტყვით, ბუნდესკანცლერ მერკელის ადგილას ვერც მე მოგცემდით ნატოში სწრაფად გაწევრების დაპირებას, რადგან ეს რეგიონის პრობლემატიკაზეა დამოკიდებული. ნატო საქართველოსთვის ტაბუდადებული თემა არ უნდა იყოს და გაწევრების პროცესი ძალაში უნდა დარჩეს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ფრაუ მერკელმა სწორი და გულწრფელი განცხადება გააკეთა ნატოში საქართველოს მომავლის შესახებ. შეიძლება არცთუ ისე სასიამოვნო იყო ამის მოსმენა, მაგრამ აუცილებელია ეს დაუფარავად ითქვას, არ მიიჩქმალოს და საზოგადოებას მცდარი მოლოდინი არ ჰქონდეს.

- არა როგორც პოლიტიკოსმა, არამედ როგორც გერმანიის რიგითმა მოქალაქემ, გთხოვთ მითხრათ, რა არგუმენტები აქვთ თქვენს იმ თანამემამულეებს, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკურ ამბიციებს სკეპტიკურად უყურებენ? - საქართველო არაფერ შუაშია - ეს არის ნატოს მიმართ სკეპტიციზმი და, რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორი - აშკარაა, რომ გერმანულ პოლიტიკასა და საზოგადოებაში არ არსებობს კონსენსუსი, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების პროცესი დაჩქარდეს ან გამარტივდეს.

- ალბათ, მმართველი პარტიის შეცვლაც არ მოახდენს გარდატეხას ამ პროცესში. მეტიც, თუ ხელისუფლებაში მემარჯვენე პარტიები მოვლენ, სკეპტიციზმი უფრო გამძაფრდება. - მოდი, ასე შევხედოთ საკითხს - ახლა პატარ-პატარა ნაბიჯებით უნდა დაკმაყოფილდეთ, შეასრულეთ ის საშინაო დავალებები, რაც მაქსიმალურად ახლოს მიგიყვანთ მაპ-თან. გაატარეთ რეფორმები, მოიმკეთ მათი შედეგები და დაწინაურდით - დარწმუნებული ვარ, კრემლში ყველაზე მეტად საქართველოს ეკონომიკური წარმატების ეშინიათ, რადგან სამხედრო გზით რუსეთისგან თავის დაღწევის სცენარი თქვენი ქვეყნისთვის არარეალურია. ასე რომ, საქართველოს ეკონომიკური აღმავლობა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი, რაც მაპ-ის მისაღებად თქვენი წარმატების შანსს გაზრდის.

- არ ფიქრობთ, რომ უსაფრთხოების მხრივ მოწყვლადი საქართველოსთვის გამორიცხულია მასშტაბური ეკონომიკური აღმავლობა? როდესაც ქვეყანა ნებისმიერ დროს შესაძლოა ბევრად ძლიერი მეზობლის სამხედრო აგრესიის მსხვერპლად იქცეს, რა მასშტაბურ ეკონომიკურ ზრდაზეა ლაპარაკი? - თქვენს ქვეყანას უკვე აქვს ეკონომიკური ზრდა და, იმავდროულად, არა მგონია, ახლა საქართველო გარდაუვალი რუსული სამხედრო აგრესიის საფრთხის წინაშე იდგეს - ვფიქრობ, ამ წითელი ხაზისთვის გადაბიჯებას დასავლეთი - ნატო, ევროკავშირი - რუსეთს ძვირად დაუსვამს და ეს კრემლშიც იციან. ევროკავშირის ქმედებებმა უკრაინაში დაგვანახა, რომ შეგვიძლია საკმაოდ ეფექტურები ვიყოთ ნატოს წევრობის გარეშეც. ასევე, ვფიქრობ, გერმანული დელეგაციის სტუმრობა ე.წ. ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ამ სოლიდარობის დადასტურება იყო.

- სამწუხაროდ, ეს სოლიდარობა საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წელს. თქვენ თავად ახსენეთ ბუქარესტის სამიტი - მაშინ გერმანია და საფრანგეთი საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხს სკეპტიკურად მიუდგნენ და დღევანდელი ფედერალური პრეზიდენტი ფრანც-ვალტერ შტაინმაიერი აქტიურად აფიქსირებდა ამ პოზიციას. როგორ ფიქრობთ, 2008 წელს თქვენს ქვეყანას სხვა მიდგომა რომ ჰქონოდა, თავიდან ავიცილებდით აგვისტოს ომსაც და შემდგომ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს? - გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი: მახსოვს მაშინ "მწვანეებიც" სკეპტიკურად ვიყავით განწყობილი, მათ შორის, მეც. ვფიქრობდით, რომ საქართველოსთვის და საზოგადოდ, ამ რეგიონისთვის უკეთესი გამოსავალი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაცვლად, ევროკავშირში გაწევრება იყო. მაგრამ შემდეგ ვნახეთ, რაც მოხდა 2013-2014 წლებში და გავიაზრეთ, რომ შესაძლოა ვცდებოდით. მაგრამ ამასთან გერმანია თავშეკავებული იყო 1993 წელსაც, კოპენჰაგენის კრიტერიუმის მიღებისას, როდესაც ცენტრალური ევროპის ქვეყნებს დავპირდით, რომ ევროკავშირის წევრები გახდებოდნენ. ეს გერმანიის ნების წინააღმდეგ მოხდა - არ გვსურდა ამაზე დათანხმება.

- იყო თუ არა ეს, ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური ეგოიზმი? - ვფიქრობ, მთავარი ის არის, რომ სტრატეგიული გადმოსახედიდან გონივრული ნაბიჯი არ იქნებოდა მსგავსი პოზიციის დამალვა - ჩვენ გულწრფელები უნდა ვიყოთ ჩვენს რუს მეგობრებთან. თუ გვაქვს ჩვენი ინტერესები საქართველოში, უკრაინასა და ევროპულ სამეზობლოში, მათ უნდა ვუთხრათ ეს, რადგან მათაც აქვთ ინტერესები, უნდა იცოდნენ, როგორია ჩვენი სტრატეგიული ამბიციები. ვფიქრობ, ევროპას აქვს სტრატეგიული ამბიციები ამ რეგიონში. რაც შეეხება ნატოში საქართველოს გაწევრებას, ამჟამად გერმანიას არ აქვს იმის ფუფუნება, ამ საკითხზე ცალსახა მოსაზრება ჰქონდეს, რადგან ამ თემაზე პოლიტიკური კონსენსუსი არ არსებობს.

- "მწვანეთა პარტიის" წარმომადგენლისგან ფრაზის: "ჩვენი რუსი მეგობრები" მოსმენა ცოტა უცნაურია... მაინც როგორი რუსი მეგობრები ჰყავს გერმანიას და საერთოდ, როგორი მეგობრობაა შესაძლებელი რუსეთთან? - რა თქმა უნდა, ჩვენ შორის არსებობს მეგობრობა და ის ღრმა და ძალიან მნიშვნელოვანია, ვგულისხმობ რუს ხალხს, რომელსაც უნდა ვესაუბროთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ დღეს ცვლილებები რუსეთში, რუს საზოგადოებაშიც მოხდება - ახლახან გამოქვეყნდა კვლევა, სადაც ჩანს, რომ რუსების უმრავლესობას არ სურს იცხოვროს პოლიტიკურად იზოლირებულ ქვეყანაში. მე რუსი ხალხის მეგობრად ვთვლი თავს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემს თავს რუსეთის მთავრობის მეგობარს ვერ ვუწოდებ. ვფიქრობ, კრემლი დღეს სტაბილური და ძლიერი გერმანიისა და საზოგადოდ ევროპული დემოკრატიის მთავარი ოპონენტია.

ვაჟა თავბერიძე