"ათონელზე შევხვდებით..."­ - კვირის პალიტრა

"ათონელზე შევხვდებით..."­

"როგორც მე ვერ წარმომიდგენია "ქართული ოცნების" გარდა, სხვა პარტიამ დამიჭიროს მხარი, ისე რთული წარმოსადგენია ჩემ გარდა, სხვა რომელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი "ქართულმა ოცნებამ"

საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის ივლისის ბოლოს მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ახალი რედაქციის კონსტიტუციასთან ერთად შევა ძალაში, და რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება იყოს ორმაგი მოქალაქე, თუ ის სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განაცხადს გააკეთებს. ჯერ კიდევ ამ ცვლილებების მიღებისთანავე გაჩნდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვას ხელმეორედ მოინდომებდა, რადგან 2013 წელს სწორედ ორმაგი მოქალაქეობის გამო ცესკომ ის საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირა, თანაც მაშინ ზურაბიშვილმა ვერც "ქართული ოცნების" მხარდაჭერა მოიპოვა. თითქოს გარემოებები და პოლიტიკური კონიუნქტურა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ შემოტრიალდა - მმართველმა გუნდმა უარი თქვა საკუთარი კანდიდატურის დასახელებაზე და ასევე გაცხადებული აქვს პოზიციაც, რომ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატ ქალს დაუჭერს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადებებით დაწყებული საპრეზიდენტო კამპანიის ფონზე, მმართველი პარტია ისევ დილემის წინაშე აღმოჩნდა - გუნდში ამ დრომდე ბჭობენ, დაუჭირონ თუ არა სალომე ზურაბიშვილს მხარი, საბოლოო პოზიციას კი "ქართული ოცნება" 8 სექტემბერს გამოაცხადებს. რას ჰპირდება საზოგადოებას და შეძლებს თუ არა მმართველი პარტიის მხარდაჭერის გარეშე არჩევნებში გამარჯვებას, "კვირის პალიტრის" კითხვებს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

- საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატის სტატუსით ჩართვას ჯერ კიდევ 2013 წელს ცდილობდით, თუმცა მაშინ გუნდის ფავორიტი გიორგი მარგველაშვილი იყო. ახლა უკვე ოფიციალურად დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი ხართ, თუმცა ისევ მმართველი გუნდისგან მხარდაჭერას ელოდებით. რატომ არის თქვენთვის ეს პოსტი ასე მნიშვნელოვანი?

- ვფიქრობ, პრეზიდენტის პოსტიდან, მით უმეტეს, იმ ფორმატით, როგორც კონსტიტუციის ახალ რედაქციაშია გაწერილი, შემიძლია ქვეყანას ორი მიმართულებით დავეხმარო - საერთაშორისო კონტაქტები და დიპლომატიური გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დამიგროვდა. კარგად ვიცი, როგორ უნდა ვესაუბრო საერთაშორისო პარტნიორებს და მეორე - გააზრებული მაქვს, რა აკლია და რა მდგომარეობაშია დღეს საზოგადოება.

როდესაც პროცესებს გარედან აფასებ, პრობლემებსაც უფრო ადეკვატურად აღიქვამ. ასე რომ, ვიცი, რა არის ქვეყნის მთავარი სირთულე და რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

თუნდაც წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაიწყო, თვალსაჩინოს ხდის, რომ ტიპური ტოტალიტარიზმის შემდგომ პერიოდში ვცხოვრობთ. სიძულვილი და ერთმანეთის მიმართ დაუსრულებელი აგრესია ჩვენს ყოველდღიურობად იქცა, რაც გვაფერხებს და წარსულში გვაბრუნებს როგორც ეკონომიკურად, ისე კულტურულად - ვერ გამოვდივართ ჭაობიდან, რომელშიც უკვე საუკუნეებია ვცხოვრობთ. სწორედ არსებული ვითარების გარდატეხა იქნება ჩემი მთავარი ამოცანა - ქვეყანა ახალ მენტალობაზე უნდა გადაეწყოს. ევროპელობა მაინცდამაინც დასავლური კანონების პირდაპირ ჩვენს რეალობაზე მორგებას კი არ ნიშნავს,

ევროპელობა იმ სისტემისგან გათავისუფლებას გულისხმობს, რომელშიც თითქმის ორი საუკუნეა, რუსული იმპერიალისტური მმართველობის შემდეგ ვცხოვრობთ და რომელიც ნეოკოლონიურმა წყობამ დაგვიტოვა.

- თქვენ საარჩევნო კამპანია დაიწყეთ სიტყვებით: "საქართველო მინდა გახდეს ის, რაც მე ვარ, ანუ ევროპელი და ქართველი". ბევრმა თქვენი ეს განცხადება ვერ გაიგო. უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს სახელმწიფოს მართვის ეს ფორმულა და აქვე, თქვენი შეფასებით, დღეს საზოგადოებას უფრო აქვს მენტალობის პრობლემა თუ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ამ ქვეყანას მართავენ? - რა თქმა უნდა, პოლიტიკური პარტიებისთვის ბევრად კომფორტულია ასეთი ტიპის მმართველობა და საერთოდ, საქართველოში პოლიტიკური ძალები შერწყმული არიან ისეთ საზოგადოებასთან, როგორიც დღეს გვყავს. ასე რომ, პოლიტიკოსებისგან რაიმე ტიპის მენტალურ ცვლილებას ნაკლებად უნდა ველოდოთ, პირიქით, ისინი მაქსიმალურად გაუფრთხილდებიან ისეთ სისტემას, როგორიც დიდი ხანია საქართველოში არსებობს.

მსგავსი დამოკიდებულება მე არ გამაჩნია - აბსოლუტურად თავისუფალი ვარ და როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, რეალურად ვუყურებ ჩემი ხალხის გასაჭირს და შესაძლოა ისეთი საკითხებიც მაღელვებს, რაზეც, ალბათ, საზოგადოება ნაკლებად ღელავს, რადგან ზოგჯერ სადაც საჭიროა, იქ პრობლემას ვერ ხედავს.

- ანუ, თუ მმართველ გუნდს გარკვეულ პოლიტიკურ საკითხებში არ დაეთანხმებით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, "ქართულ ოცნებასთან" პრინციპულ საკითხებზე დაპირისპირება თქვენგან მოსალოდნელია? - ვფიქრობ, ეს მათთვისაც საჭიროა. მჯერა, რომ ე.წ. გარე თვალი, რომელიც არ იქნება მმართველ პარტიასთან პოლიტიკურად დაპირისპირებული, მაგრამ რეალობას ადეკვატურად შეაფასებს, "ქართული ოცნებისთვის" აუცილებელია. რა თქმა უნდა, არ ვაპირებ კონფრონტაციის პრეზიდენტი ვიყო, ეს ქვეყანას დადებით შედეგს ნამდვილად არ მოუტანს, პირიქით, უნდა შევეცადოთ მუდმივი დაპირისპირებისგან ახალ რელსებზე გადავეწყოთ - პატარა ქვეყანა ვართ და უაზრო ქიშპობასა თუ კონკურენციაში დროის დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს, თუ, რა თქმა უნდა, საქმე ძირითად პრინციპებსა და იმ "წითელ ხაზებს" არ ეხება, რისი გარანტორიც პრეზიდენტი უნდა იყოს. ვგულისხმობ ქვეყნის საგარეო ორიენტაციას, მის პერსპექტივას, დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. სხვა მხრივ კი პრეზიდენტმა უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივი აზრის ხელისუფლებასთან ინტეგრირება - თუ ხალხისგან არჩეული პრეზიდენტი გქვია, ვალდებულიც ხარ მოსახლეობის პრობლემები მმართველ ძალამდე მიიტანო. პარალელურად, საზოგადოებას სჭირდება ახსნა-განმარტება, რა გაკეთდა ან ვერ გაკეთდა, ან საერთოდ, რას უნდა ველოდოთ ხვალისთვის.

- რეალური ცვლილებებისა და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის თვალსაზრისით, სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლის შემდეგ, პრეზიდენტზე მეტი უფლებები პარლამენტის დეპუტატს აქვს. რატომ ფიქრობთ, რომ თუ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამას ვერ მიაღწიეთ, პრეზიდენტის შეზღუდული უფლებამოსილების გათვალისწინებით, თუნდაც პოლიტიკურ სპექტრში გარდამტეხ როლს შეასრულებთ? - საერთოდ, დეპუტატს პრეზიდენტზე მეტი უფლებამოსილება აქვს, თუმცა არა "მარტოხელა პარლამენტარს".

- საზოგადოებასთან კომუნიკაციაზეც ბევრი ისაუბრეთ, თუმცა თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ მთაწმინდის რაიონში გამარჯვების შემდეგ მოსახლეობასთან აღარ გამოჩენილხართ. - ეს "ნაცების" მოგონილი სიცრუეა... მე ამ უბანში ყოველდღე ფეხით დავდივარ და ბიურო 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მოსახლეობამდე სწორი გზავნილების მიტანა და ურთიერთობაა აუცილებელი - მაგალითად, ნებისმიერი პრობლემის აღმოსაფხვრელად უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და მათი მოსაზრებები ხელისუფლებამდე მივიდეს. რა თქმა უნდა, ყველა პრობლემას ერთბაშად ვერ გადაჭრი, მაგრამ მნიშვნელოვანი ინიციატივების აქტიურად წამოყენებას ვგეგმავ. პარალელურად, მჭიდრო კონტაქტი მაქვს და მექნება უცხოეთში მყოფ ქართველებთან. მნიშვნელოვანია, მათაც იგრძნონ, რომ მათი გამოცდილება და ინტელექტი დღეს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება.

- ფიქრობთ, რომ მმართველი გუნდის მხარდაჭერის გარეშე არჩევნებში გაიმარჯვებთ? - შეხვედრებზე დადებით დამოკიდებულებას ვგრძნობ, ბევრ პრობლემაზე თავისუფლად მესაუბრებიან, ალბათ, მათთვის კანდიდატ ქალთან პრობლემებზე საუბარი ბევრად მარტივია. რაც შეეხება მმართველი გუნდის მხარდაჭერას, რაც უნდა მოხდეს, საარჩევნო კამპანიას აუცილებლად ბოლომდე მივიყვან, მაგრამ იმედი მაქვს, "ქართული ოცნება" ჩემს კანდიდატურას მხარს დაუჭერს, არც ერთი სხვა პარტიის მხარდაჭერა ჩემთვის პოლიტიკურად მისაღები არ იქნება. ბუნებრივია, ოპოზიციის ამომრჩევლების მიუღებლობაზე არ ვსაუბრობ.

- განაცხადეთ კიდეც, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ელოდებით, თუმცა ისიც ფაქტია, რომ მმართველ გუნდს საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბება ჯერ კიდევ უჭირს. მეტიც, დაფიქსირდა, რომ თქვენი მოსაზრებები საპარლამენტო უმრავლესობის გარკვეული ჯგუფისთვის მიუღებელია და უარს ამბობს ნდობის გამოცხადებაზე. - არ მითქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ველოდები, თუმცა, თუ მმართველი პარტია ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერაზე შეთანხმდება, ბიძინა ივანიშვილს უთუოდ შევხვდები. უნდა ვიცოდე, რა ტიპის მხარდაჭერას გამომიცხადებს პარტია და სადამდე უნდა გაგრძელდეს ეს "გამოცხადებული" მხარდაჭერა.

რაც შეეხება გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას, აბსოლუტურად გასაგებია "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე დისკუსია - პარტიისთვის ისედაც რთული გადაწყვეტილებაა, უარი თქვას საკუთარ კანდიდატზე და სხვა, არაპარტიულ პირზე გადაანაწილოს ამომრჩევლის მხარდაჭერა, თანაც ხომ უნდა გაირკვეს, ვინ დარეგისტრირდება საპრეზიდენტო კანდიდატად, ხომ შეიძლება, ჩემი რეგისტრაცია ცესკოში შეფერხდეს?

- ამის შანსი კიდევ არსებობს, როგორც ეს 2013 წელს მოხდა? - არა, მაგრამ თეორიულად ხომ შეიძლება დავუშვათ. ამიტომ აბსოლუტურად გასაგებია, რატომ ითხოვს "ქართული ოცნება" 8 სექტემბრამდე ვადას, სწორედ 8 სექტემბერს გაირკვევა საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა. სხვა მხრივ კი, როგორც მე ვერ წარმომიდგენია "ქართული ოცნების" გარდა, სხვა პარტიამ დამიჭიროს მხარი, ისე რთული წარმოსადგენია ჩემ გარდა, სხვა რომელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი "ქართულმა ოცნებამ".

- სანამ თქვენ "ქართული ოცნების" ოფიციალურ მხარდაჭერას ელოდებით, ოპოზიცია უკვე რამდენიმე დღეა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მმართველი პარტიის აქტივისტები საარჩევნო ოლქებში დამოუკიდებელ კანდიდატებად რეგისტრირდებიან, რაც მათი განცხადებით, არჩევნების გაყალბებისთვის მზადებას ნიშნავს. თქვენთვის არ არის მნიშვნელოვანი და არ აკვირდებით, როგორია დღეს საარჩევნო გარემო, მით უმეტეს, ოპოზიციის გავრცელებული აუდიო თუ ვიდეოჩანაწერების ფონზე და ხომ არ უკავშირდება ეს სამზადისი შიშს, რომ შესაძლოა თქვენზე მეტი მხარდაჭერა არჩევნებზე ოპოზიციურმა კანდიდატებმა მიიღონ? - უცნაურია, "ქართულ ოცნებას" საკუთარი კანდიდატურა არ ჰყავს და მაინც არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება?! ეს "ნაცმოძრაობის" სტრატეგიაა - სხვას მიაკეროს იარლიყი. მათმა ბრალდებებმა რესურსი და ლეგიტიმაცია ამოწურა.

შეამჩნევდით, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ჩემს ოპონენტებზე არაფერი მითქვამს და იმედია, მომავალი ორი თვე სწორედ ამ რეჟიმში იმუშავებენ ოპოზიციური პარტიების საპრეზიდენტო კანდიდატებიც.

- თავადაც ხომ არ დაიმკვიდრეთ ხისტი კანდიდატის იმიჯი, მათ შორის, მედიის გაკრიტიკებითა და სიტყვებით, ჟურნალისტებო, ტვინი გაანძრიეთო, ან გაურკვეველი პოზიციით აგვისტოს ომზე? - ეს არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა, შესაბამისად, თავის მართლების სურვილიც არ მაქვს - ქვეყნიდან რუსული სამხედრო ბაზები ტყუილად არ გამიყვანია. სამწუხაროდ, ისინი ქვეყანაში სხვებმა ისევ დააბრუნეს და თანაც ისეთ ტერიტორიებზე, სადაც რუსული სამხედრო ძალა არასოდეს უნდა ყოფილიყო. დროა, ვისაუბროთ ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა ჰაერის, სურსათისა თუ ბუნების დაბინძურება, თუმცა იცით, რა? ჰაერის დაბინძურებაზე უფრო სერიოზულ პრობლემად მიმაჩნია ის ნეგატივი, რომელიც საზოგადოებაში აგრესიის სახით დაგროვდა.

- ვიცით, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ავლაბრის სასახლიდან ათონელზე გადაინაცვლებთ. რატომ? - აუცილებლად ათონელზე შევხვდებით და მოგვიანებით აგიხსნით, თუ რატომ.

რუსუდან შელია