"ჩემთვის დიდი პატივია ხელი შევუწყო იაპონიისა და საქართველოს მეტად დაახლოებას" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის დიდი პატივია ხელი შევუწყო იაპონიისა და საქართველოს მეტად დაახლოებას"

ტარო კონო, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი: "მე მჯერა, რომ ჩემი ვიზიტი იქნება პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი იაპონიას, საქართველოსა და კავკასიის რეგიონს შორის ურთიერთობის გაძლიერების მიმართულებით და იქნება მორიგი ეტაპი იმ იმედისმომცემ გზაზე, რომელსაც მომავალი გვიმზადებს"

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში 4-5 სექტემბერს პირველად ვეწვევი საქართველოს. გასულ წელს იაპონიამ და საქართველომ დიპლომატიური ურთიერთობის 25-ე წლისთავი აღნიშნეს. ჩემთვის დიდი პატივია, ვესტუმრო საქართველოს და ხელი შევუწყო ჩვენი ქვეყნების მეტად დაახლოებასა და ორმხრივი ურთიერთობის განვითარებას. მტკიცედ მწამს, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიც არის იაპონია და საქართველო, რომლებიც იზიარებენ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება და დემოკრატია, უფრო მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდნენ.

იაპონია არის მშვიდობის პროაქტიური კონტრიბუტორი, დიდ პატივს სცემს და აფასებს საქართველოს წვლილს მსოფლიო მშვიდობის საკითხში, რომელიც მას ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში შეაქვს.

ჩვენს ქვეყნებს მრავალი ეპიზოდი აკავშირებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო წელს ტოჩინოშინის (ლევან გორგაძე) გამარჯვება იაპონური ეროვნული სპორტის სუმოს პირველ ტურნირზე და მისი ოძეკის რანგში დაწინაურება მაისში. აღნიშნულის შემდეგ საქართველო კიდევ უფრო პოპულარული გახდა იაპონიაში. უფრო მეტიც, საქართველო და იაპონია იკავებენ მეთერთმეტე და მეცამეტე პოზიციებს რაგბის მსოფლიო რეიტინგში, ქართული ღვინო კი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. 2013 წელს, იაპონურ კერძებთან ერთად, ქართული ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიციული მეთოდი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა. ასევე ახლახან მიღებული დნმ ანალიზის შედეგების მიხედვით, იაპონური ყურძნის ჯიში "კოშუ" კავკასიაში ენდემური წარმომავლობის ყურძენს უკავშირდება. მოხარული ვარ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში მოვახერხებ მსგავსი ორმხრივი კავშირების შესახებ ვამცნო როგორც ჩვენს ქვეყნებს, ისე მთელ მსოფლიოს.

კავკასიის რეგიონი წარმოადგენს კვანძს, რომელიც მსოფლიოს აკავშირებს ყველა ძირითადი მიმართულებით. შესაბამისად, რეგიონის უსაფრთხოება წარმოადგენს არა მხოლოდ ადგილობრივი შეშფოთების საგანს, არამედ პირდაპირ არის დაკავშირებული საერთაშორისო საზოგადოებრიობის მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან. კავკასიის რეგიონის დასავლეთით განლაგებულია ევროპა, აღმოსავლეთით კი კასპიის ზღვა, რომლის საპირისპირო სანაპიროზეც ცენტრალური აზიაა. უფრო შორს კი, აღმოსავლეთით, აღმოსავლეთაზიური ეკონომიკური ბლოკია, რომელიც იაპონიასაც მოიცავს. ვისურვებდი, მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ხელს შეუწყობს კავკასიის თვითმყოფად განვითარებას, რადგან აღნიშნული რეგიონი მნიშვნელოვან როლს თამაშობს გზაგასაყარზე, რომელიც ევროპასა და აზიას აკავშირებს.

იაპონიის ჩართულობას კავკასიის რეგიონში მუდმივად ექცევა ყურადღება და იაპონია განაგრძობს რეგიონის თვითმყოფადი განვითარების გონივრულ მხარდაჭერას. მზად ვართ გაგიზიაროთ იაპონიის გამოცდილება და გაკვეთილები, რომლებიც მივიღეთ მეცხრამეტე საუკუნის შუახანებში, იაპონიის გახსნის შემდეგ, როდესაც თავად ვცდილობდით განვითარების გზის გამოძებნას. იაპონია მხარს დაუჭერს კავკასიის რეგიონის თვითმყოფად განვითარებას შემდეგი ორი მიმართულებით:

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსის განვითარება. სახელმწიფოს მშენებლობა სწორედ ადამიანებით იწყება. ორივე, ინფრასტრუქტურაც და ინსტიტუციებიც, მხოლოდ მას შემდეგ გახდება ეფექტური, როდესაც პროფესიონალები იმუშავებენ შესაბამის პოზიციებზე. 150 წლის წინ იაპონიამ ქვეყნის მშენებლობისას უმთავრეს პრიორიტეტად ადამიანური რესურსი დაასახელა, ვინც შეძლებდა მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიებისა და ცოდნის შეძენას, შემდგომ კი იაპონიაში ამ ცოდნის ჩამოტანასა და გამოყენებას. ადამიანური რესურსი, რომელიც შეძლებს ინფორმაციული შუამდგომლობის როლის გაწევას, საჭიროა კავკასიის რეგიონშიც იაპონური გამოცდილების გასაზიარებლად.

კანონის უზენაესობა ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა იაპონიის სახელმწიფოს შენებაში. პროფესიონალები იურიდიული განათლებით უზრუნველყოფენ სამართლიანი სახელმწიფოს შენების პროცესს. სწორედ აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლებს ევალებათ კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, იაპონია გამოიყენებს შესაძლებლობას და შესთავაზებს სხვადასხვა პროგრამას ახალგაზრდა სამართლის სპეციალისტებს კავკასიიდან.

იაპონია აგრეთვე უპირატესობას მიანიჭებს რეგიონის ახალგაზრდებს, რომლებსაც აქვთ იაპონური ღირებულებების ღრმა ცოდნა და წარმოადგენენ ხიდს ჩვენს ქვეყნებს შორის. აღნიშნული ინიციატივის მხარდასაჭერად, გავაგრძელებთ იაპონური ენის შესწავლის ხელშეწყობას.

გარდა ამისა, იაპონია მიიწვევს ქართველ ინსტრუქტორებს, რათა აიმაღლონ კვალიფიკაცია შემდეგი მიმართულებებით: წყლის რესურსების მართვა და კატასტროფის შემცირება, მმართველობა, ტრანსპორტი, ბუნებრივი რესურსები და ენერგეტიკა, ეკონომიკური პოლიტიკა, კერძო სექტორის განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარება, ბუნების კონსერვაცია, ურბანული განვითარება და გარემოს დაცვის მენეჯმენტი.

სწორედ ადამიანურმა რესურსმა უნდა დაისახოს მიზნად "უფრო მიმზიდველი კავკასიის" განვითარება, რომელსაც ექნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ბიზნესგარემო უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. ეს მიდგომა წარმოადგენს მეორე მიმართულებას, რომელშიც იაპონია ხედავს თავის წვლილს.

დღეის მდგომარეობით იაპონია კავკასიის რეგიონთან, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს, თანამშრომლობს სტაბილიზაციის, დემოკრატიზაციის, სოციალურ-ეკონომიკური და საბაზრო ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. მაგალითად, დონორების კონფერენციაზე, რომელიც 2008 წელს ჩატარდა, საქართველოსთვის იაპონიამ დაახლოებით 200 მილიონი დოლარი გაიღო, მათ შორის ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალის გასაუმჯობესებლად. ამ მიმართულებით იაპონია ცდილობს ხელი შეუწყოს საქართველოს სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარებას, რომელიც ევროპისა და აზიის ძირითად ლოგისტიკურ ქსელს წარმოადგენს, და გააფართოოს დახმარება რეგიონული ეკონომიკის განსავითარებლად.

ძირითად ინფრასტრუქტურულ დახმარებასთან ერთად, იაპონია არ იშურებს ძალისხმევას კავკასიის ქვეყნებთან ორმხრივი საინვესტიციო ხელშეკრულების გასაფორმებლად. საქართველოსთან საინვესტიციო ხელშეკრულების დადებისთვის მოლაპარაკებები სტაბილურად პროგრესირებს. საინვესტიციო ხელშეკრულებები შექმნის სამართლიან და პროგნოზირებად სამართლებრივ ჩარჩოს იაპონური კომპანიებისათვის, რათა განახორციელონ ინვესტიციები ქვეყნებში, და შექმნის პირობებს იაპონური ინვესტიციების მოსაზიდად. იაპონია არა მხოლოდ განავითარებს აღნიშნულ სამართლებრივ ჩარჩოს, არამედ გაუზიარებს გამოცდილებასა და ცოდნას რეგიონის წარმომადგენლებს. იაპონია დაეხმარება ხელისუფლების წარმომადგენლებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად საინვესტიციო ხელშეკრულებისა და არბიტრაჟის მიმართულებით.

ბიზნესის განვითარება ხელს შეუწყობს ხალხის მოგზაურობას ორ ქვეყანას შორის. იაპონიის მთავრობა იმუშავებს პროცედურების გამარტივებაზე, რათა კავკასიის ქვეყნების მოქალაქეებმა უფრო მარტივად მოახერხონ იაპონიაში მოგზაურობა.

რაც შეეხება იაპონიის განახლებადი რესურსების მიმართულებით თანამშრომლობას, ახლახან იაპონიამ საქართველოს გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო ეკიპაჟისთვის 96 შემდეგი თაობის ავტომობილი, რომლებიც არ ვნებს გარემოს. აგრეთვე, დამონტაჟდა მზის ენერგიის სისტემები თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ზემოაღნიშნულ ორ მიმართულებაზე დაყრდნობით, იაპონია ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონის დამოუკიდებელ განვითარებას. იაპონიის თანამშრომლობა საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებთან არ შეჩერდება. ჩვენი თანამშრომლობა შექმნის ორგანულ კავშირებს სხვა ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან და წარმოშობს სინერგიულ ეფექტს. მე მჯერა, რომ ჩემი ვიზიტი იქნება პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი იაპონიას, საქართველოსა და კავკასიის რეგიონს შორის ურთიერთობის გაძლიერებისთვის და იქნება მორიგი ეტაპი იმ იმედისმომცემ გზაზე, რომელსაც მომავალი გვიმზადებს.

ტარო კონო, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი