"საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიმართულებით მოლაპარაკებები 2019 წელს დაჩქარდება" - კვირის პალიტრა

"საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურად დასაქმების მიმართულებით მოლაპარაკებები 2019 წელს დაჩქარდება"

მწამს, რომ 2019 წელს მოლაპარაკებები მეტად დაჩქარდება. ეს საკითხი ისრაელის სახელმწიფოს დღის წესრიგში ნამდვილად არის, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურმა "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებას ეხება.

ელჩის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ისრაელში განსახილველ საკითხებს შორის დგას და თუ ტენდენცია შენარჩუნდება, რომელიც დღეს არის და აღარ გაიზრდება ქართველების არალეგალურად მუშაობის ფაქტები ისრაელში, მაშინ, 2019 წლისთვის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება.

"ბევრი მოქალაქე გვეკითხება საკონსულოში, თუ როდის დადგება ეს საკითხი. აღნიშნული საკითხი დღეს ისრაელის სახელმწიფოს დღის წესრიგში არის. ყველას მოგეხსენებათ, რომ 2014 წელს, როდესაც ვიზა გაუქმდა საქართველოსა და ისრაელს შორის, ამ დროს ბევრმა ტურისტმა დაიწყო მოგზაურობა საქართველოში. სამწუხაროდ, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ დაახლოებით, 15 ათასი საქართველოს მაცხოვრებელი არალეგალურ მუშაობას აწარმოებდა ისრაელის სახელმწიფოში. ამ საკითხზე შედგა დიალოგი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შორის. ამ დიალოგის დროს განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება ეს საქმე წინ წავიდეს. დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გააგრძელონ არალეგალური მუშაობა ისრაელის სახელმწიფოში. გადაწყდა, რომ თუ ნამდვილად აღარ მოხდება და შეწყდება ეს არალეგალური მუშაობა და სტატისტიკა დაიწევს, მაშინ, მომავალში იქნება საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის, თუ როგორ შეიძლება ოფიციალური კვოტა მიეცეს სახელმწიფოებს შორის სამუშაო პირებს, რომ მათ ოფიციალურად იმსახურონ. 2017 წელს თუკი ასეთი იყო სტატისტიკა, 2018 წელს კარგი მონაცემებია",- განაცხადა ელჩმა.

როგორც შაბთაი ცურიმ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბოლო წლებში დაახლოებით 15 ათასამდე ქართველი მუშაობდა ისრაელში არალეგალურად, თუმცა, 2018 წელს სიტუაცია გაუმჯობესებულია, რაც ელჩის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამსახურებაცაა.

"თითქმის 70%-ით შემცირდა ეს არალეგალური წასვლა. ასევე ისიც დაგვეხმარა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აკეთებს ყველაფერს და უხნის ხალხს, რა არის კრიტერიუმები და რა არა. მწამს, რომ 2019 წელს, ნამდვილად ამ მოლაპარაკებების მიმართულება მეტად დაჩქარდება. ეს საკითხი დევს მაგიდაზე ისრაელის სახელმწიფოში", - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში შაბთაი ცურმა.

"ინტერპრესნიუსი"