"ერთი მაგალითი მითხარით, როცა სხვა ქვეყანაში მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს - თქვე უსირცხვილოებო!" - კვირის პალიტრა

"ერთი მაგალითი მითხარით, როცა სხვა ქვეყანაში მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს - თქვე უსირცხვილოებო!"

უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში ის მარაზმი, როცა მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ინაშვილმა უმრავლესობის დეპუტატებს "უსირცხვილოები" უწოდა და 2004-2012 წლების მმართველობის სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასებისკენ მოუწოდა.

"საქართველოს 200 ათასზე მეტი მოქალაქე საქართველოს პარლამენტისგან ითხოვს შეფასდეს სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმი, თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, ეს იქნება მძიმე დარტყმა სახელმწიფოსთვის. მე ჩემი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი მადარდებს, თორემ თქვენი საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, თქვენ თვითონვე რომ გჭამს. უნდა დავამთავროთ ამ ქვეყანაში ის მარაზმი, როცა მწამებლები იძიებენ მკვლელობის საქმეს. ერთი მაგალითი მაინც მითხარით, სადაც ასეთი იდიოტობა ხდება სხვა ქვეყანაში, თქვე უსირცხვილოებო, თქვენა", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესულია "პატრიოტთა ალიანსის" რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს მიეცეს სამართლებრივ-პოლიტიკური შეფასება 2004-2012 წლების მმართველობას - სააკაშვილ-ბოკერიების დანაშაულებრივ მმართველობასა და რეჟიმს. ასევე, ინაშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტს მიღებული აქვს დადგენილება და დადასტურებული აქვს საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა 200-ზე მეტი პოლიტპატიმარი სწორედ ამ პარლამენტმა დაადასტურა რომ გვყავს.

"ასევე, საქართველოს პარლამენტმა სპეციალური დადგენილებით დაადასტურა წამების ფაქტები და მკაფიოდ აღნიშნა, რომ წამების ფაქტებს ორგანიზებას უწევდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები. ახლა მე გეკითხებით თქვენ უმრავლესობას, თუ პოლიტპატიმრები არსებობდნენ, წამების ფაქტებს ჰქონდა ორგანიზებული ხასიათი და სისტემური დანაშაული იყო ეს, მაშინ რატომ არ უნდა დაისაჯონ დამნაშავეები და რატომ არ უნდა გამოიკვეთონ ფიგურანტები? თუ თქვენ ის გინდათ, რომ მუდმივ რეჟიმში ამას გვაყურებინოთ, როგორ ეჟღურტულებით ერთმანეთს თქვენ და ბოკერიები? დაამთავრეთ ეს მარაზმი, ძალიან გთხოვთ. მოვუწოდებ საკონსტიტუციო უმრავლესობას, იხელმძღვანელეთ სახელმწიფოებრივი და ეროვნულიო ინტერესებიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირეთ ჩვენს რეზოლუციას. ვიციმ, რომ ერთი მზაკვრობა გაქვთ ჩაფიქრებული, გინდათ ეს რეზოლუცია გაჭიმოთ და საზოგადოებას დაავიწყოთ და როგორც მანამდე გვეუბნებოდით, რომ წარსული დაივიწყეთ, ჩაეხუტეთ დამნაშავეებს, მერე გვითხრათ, რომ არავის ახსოვს ეს რეზოლუცია. მინდა გაგაფრთხილოთ აქედანვე, რომ გაითვალისწონოთ იმ ათასობით ადამიანის განწყობა, რომელმაც ხელი მოაწერა ამ რეზოლუციას", - განაცხადა ინაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"