"მამამ მითხრა, - მიდი შვილო, მიაწექიო, ჰოდა, მეც ვაწვები" - რატომ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ლევან თედიაშვილის ვაჟმა? - კვირის პალიტრა

"მამამ მითხრა, - მიდი შვილო, მიაწექიო, ჰოდა, მეც ვაწვები" - რატომ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ლევან თედიაშვილის ვაჟმა?

"დარწმუნებული ვარ, ამ კანდიდატებს ერთი მაღაზია რომ ჩააბარო, ერთ კვირაში გააკოტრებენ და ქვეყნას რას უზამენ, წარმომიდგენია..."

"ცხოვრების გამოცდილებაც მაქვს და არც პატარა ბიჭი ვარ, რომ არ ვიცოდე რას ვაკეთებ, ბიზნესი მაქვს, ხალხიც მყავს დასაქმებული და ხელფასებსაც ვუხდი. გულით ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ხალხისთვის ბევრი რამის გაკეთება შემიძლია", - გვითხრა პრეზიდენტობის კიდევ ერთმა კანდიდატმა ბესარიონ (ბესო) თედიაშვილმა, ის ყველასთვის საყვარელი სპორტსმენის, ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის ვაჟია:

"ვთქვი, რითი მჯობიან ეს კანდიდატები - მეთქი?!"

ბესო თედიაშვილი: - რომ შევხედე, რომ "ქართული ოცნება" არ აყენებდა თავის კანდიდატს და ასევე ვნახე კანდიდატები, რომელთაც სურთ პრეზიდენტობა, პირდაპირ გეტყვით, ნერვები მომეშალა - ჩემთვის ვთქვი, რომ ეს ქვეყანა ჩვენია, რითი მჯობიან ეს კანდიდატები, რომელთა ერთადერთი მიზანი მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლაა-მეთქი, მივხდი, ჩვენ ქვეყანას მომდევნო ხუთი წელი დაპირისპირება და გაიწი-გამატარე ელოდა, ამიტომაც გადავწყვიტე ვუთხრა ჩემ ხალხს, რაც გულში მაქვს.

ეს ჩემი სლოგანიც "ეს ქვეყანა ჩვენია" - ჩემი გადაწყვეტილების პირველივე წუთებში დაიბადა...

პრეზიდენტს არ სჭირდება რაღაც უფლებამოსილებები. შენ თუ შეძელი მთავრობასთან საერთო ენის გამონახვა და ამ ორმა ინსტიტუტმა ერთად იფუნქციონირა, მჯერა რომ ყველაფერი გამოვა. დარწმუნებული ვარ, ამ კანდიდატებს ერთი მაღაზია რომ ჩააბარო, ერთ კვირაში გააკოტრებენ და ქვეყნას რას უზამენ, წარმომიდგენია...

აი, მაგალითად, დავით ბაქრაძე მებრალება პრეზიდენტობისთვის, იმდენი ლიდერი და უფროსი ჰყავს პარტიაში.

"ქართული ოცნება" არის ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, 2020 წლამდე აქვთ დარჩენილი ვადა და ჩემი აზრით, ქვეყანაში ყველა ხელისუფლებამ უნდა დაამთავროს თავისი ვადა და ბოლოს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, თუ ვინ მართოს ქვეყანა. ბევრი რეფორმაა, რომელიც მომწონს, მაგალითად, ჯანდაცვის საყოველთაო დაზღვევა, მაგრამ არის ბევრი შეცდომა და გადაცდომაც...

- ორიოდე სიტყვა თქვენს შესახებაც გვითხარით, თქვენს ბიოგრაფიას გადავხედე და კოლუმბიის უნივერსიტეტი გაქვთ დამთავრებული, ანუ ის უნივერსიტეტი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი სწავლობდა, როგორც მივხვდი თქვენ ეკონომიკის მიმართულებით სწავლობდით?

- ჯერ იყო პოლიტიკური მეცნიერება, შემდეგ კი დამატებით გავიარე ეკონომიკისა და ფილოსოფიის კურსები. სულ ამერიკაში 6 წელი მომიწია ყოფნა, ჯერ მოსამზადებელში ვიყავი ერთი წელი, მერე იყო უნივერსიტეტის წლები, ბოლო ერთი წელი კი უოლ სტრიტზე სტაჟიორად ვმუშაობდი.

- დარჩენა არ გიფიქრიათ? - არა, არ მიფიქრია. ერთადერთი, რაზეც ნერვები მეშლება ისაა, რომ საკუთარი ბინა მქონდა მანჰეტენზე, ამერიკასთან რომ დამეწვა ყველა ხიდი, ეს ბინაც კი გავყიდე, მოკლედ, გავყიდე ყველაფერი და დავბრუნდი სამშობლოში.

- რა არის მთავარი, რის გაკეთებასაც აპირებთ? - უმთავრესი ამ ქვეყანაში ერთობის მიღწევაა... ავიღოთ თუნდაც თურქეთი, გასაოცარია ამ ერის ერთიანობა. ნახეთ რეები ქნეს ამერიკის წინააღმდეგ, დოლარების დახევა და ტელეფონების დამტვრევა დაიწყეს, სისულელე კია, მაგრამ ხომ აჩვენებს მათ ერთიანობა... საქართველოში კი გათითოკაცებულები ვართ. როცა საქართველო იყო გადაშენების პირას, ერთადერთი რაც გადაგვარჩენდა ხოლმე, იყო ერთობა.

- მაინც რა იდეის გარშემო აპირებთ ქვეყნის გაერთიანებას? - ეს იდეა ქართველებს ყოველთვის ჰქონდათ და ისრაელის სახელმწიფოც ამ იდეაზეა დაფუძნებული: ეს არის ერი გადარჩენის იდეა.

გვძინავს წყნარად იმიტომ, რომ ჯარი გვიცავს. ქვეყანაში როგორ არ უნდა იყოს ჯარისკაცის პროფესია იმდენად პრესტიჟული, რომ ყველა სოციალური სფეროს წარმომადგენლებს უნდოდეთ სამხედრო სამსახურის გავლა?! ჯარისკაცი მხოლოდ სიყვარულს და პატივისცემას ითხოვს ჩვენგან. საზოგადოება, მშობლები, სკოლა ბავშვებს უნდა ზრდიდნენ ამ სიყვარულის და პატივისცემის სულისკვეთებით. ისე, კი არა, რომ ჯარისკაცობა "ტეხავს" და ახალგაზრდები რაღაც სასულიერო პირობას იბრალებდნენ და ასე ცდილობდნენ ქვეყნის სამსახურისგან თავის დაღწევას...

ჩემი პრეზიდენტობის მიზანი იქნება იცით რა, ორ ადამიანს შორის დიალოგი რომ შედგეს, ნდობა რომ აღდგეს. ძალიან ბევრი ზიზღია დღეს საქართველოში, შეგვჭამა ამ ზიზღმა... უნდა მივხედოთ ამ უკონტროლო იმგირაციას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია. კატეგორია, რომელიც აქ შემოდის და ცხოვრების უფლებას იღებს, ამ ხალხს ჩვენ არ უნდა ვიღებდეთ, არაფერს ვამბობ არც ეთნიკურ და არც რელიგიურ მხარეზე, უბრალოდ, ძალიან ბევრი ჩვენს ქვეყანასთან კულტურულად შეუთავსებელია. ხალხის დიდ ნაწილს, ვინც ჩამოდის, აქვთ თავიანთი სამყარო, უკან, შუა საუკუნეებისკენ მიდიან.

მე არ ვარ რადიკალური რეფორმის მომხრე, უბრალოდ სახელმწიფომ მკაცრად უნდა გაწეროს ვინ და როგორ უნდა მიიღოს ბინადრობის უფლება, ან თუნდაც ინვესტორს რა უფლებები ექნება. ჩემი აზრით, ფულს რომ დებს, ეს კარგია, მაგრამ ისე არ უნდა ქნას, რომ ამ ინვესტიციის განხორციელებისას თავისი ქვეყნიდან ჩამოიყვანოს ხალხი, არამედ ადგილობრივები უნდა დაასაქმოს.

ხომ ყველამ ვიცით რა როგორ ხდება, მოაწერენ ქართველ გოგონებთან ხელს, რაღაც "სტავკა" არსებობს, იხდიან და ასე იღებენ ცხოვრების უფლებას... დავუშვათ ეს ოჯახები სიყვარულით იქმნება, ყველა ზესიძედ როგორ მოდის ამ საქართველოში? რა უბედურებაა... მე არავის გაყრის მომხრე არ ვარ, კანონმა უნდა დაარეგულიროს ეს ყველაფერი.

ან ეს მარიხუანას დაკანონება რა უბედურებაა, ეს არის კატასტროფა, სკოლას ვასრულებდი, როცა ბოლოს გავსინჯე, თუმცა არ ვამბობ, რომ ვინმე თუ გასინჯავს ციხეში უნდა ჩავსვათ. რა ხდება დღეს სკოლებში, რა თაობა გაგვეზრდება?! დღეს მოზარდების ცხოვრების წესად რომ იქცეს "კაიფი", ხვალ შეიძლება სხვა გასინჯონ, უფრო ძლიერი და ეს იქნება კატასტროფა.

მამა

- მამამ რა გითხრათ, როდესაც გაიგო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გადაწყვიტეთ მონაწილეობა?

- გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა, როცა ჩემს მშობლებს ვუთხარი რასაც ვაპირებდი. მამამ მითხრა, - მიდი შვილო, მიაწექიო, ჰოდა, მეც ვაწვები (იცინის). მამასთან, ლევან თედიაშვილთან ერთად

ორი შვილი მყავს, 7 წლის ნანუკა და ორწლინახევრის ბიჭი. ორივსე მშობიარობას ვესწრებოდი. რომ გავიგე გოგო მეყოლა, დიდ სიხარულთან ერთად, ცოტა უცნაურად ვიყავი, რადგან ჩვენს ოჯახში სამ თაობას გოგო არ ჰყოლია...

ბიჭის დაბადებისას კი ყველა გაიძახოდა ლევან თედიაშვილი დაიბადაო, როცა შვილი ხელში ავიყვანე, ვთქვი, რომ ვახო დაიბადა-მეთქი... ჩემი ძმის სახელი დავარქვი... როცა ის დაიღუპა, თითქოს ოჯახის ჯაჭვი გაწყდა, ჩვენი ერთიანობა დაირღვა, ჩემი ბიჭის - ჩემი ვახოს დაბადებამ ეს ჯაჭვი გაამთელა, ისევ გავერთიანდით...

ბავშვობაში ძიუდოში ვვარჯიშობდი, არ მქონდა ცუდი შედეგები, მაგრამ, ხომ ფაქტია, მამას წარმატებას ვერაფრით გავიმეორებდი... ამიტომაც სწავლა ვარჩიე.

მამაჩემი არ იყო ჩართული დღე და ღამე შვილების აღზრდაში, მე გაცილებით მეტად ვარ, თუმცა ისე მაინც ვერა, როგორც საჭიროა... მახსოვს, ნულ კლასში ვიყავი, სკოლაში ვიღაცამ წამომარტყა, მამაჩემთან მივედი მოვუყევი, მითხრა, დაუძახე შენს ძმასო... დაგვაყენა ორივე და განგვიცხადა, - ხვალ ორივენი წახვალთ სკოლაში, ან მოაგვარებთ ამ ამბავს ან გვარს გადაგიკეთებთ და იქნებით მჭედლიშვილებიო, ანუ დედის გვარზე გადაგიყვანთო... მახოვს, სულ ამბობდა, არასოდეს მენახოს შვილები შეშინებულიო...

ვახო

ჩემი ძმა - ვახო ჩემზე წლინახევრით უფროსი იყო. აფხაზეთში მოხალისედ წავიდა. მაშინ ამერიკაში ვსწავლობდი, ვეხვეწებოდი ჩამოდი ჩემთან -მეთქი.

როცა წასვლა დააპირა, მამა ქვეყანაში არ იყო. დედას დაუჯერა და მამას ჩამოსვლას დაელოდა. მამა რომ ჩამოვიდა, უთხრა თურმე, - ხომ იცი, ომში რომ მიდიან, ხშირად ცოცხლები აღარ ბრუნდებიანო... საბოლოოდ ერთად წავიდნენ. პატარა ბესო და ვახო მამასთან, ლევან თედიაშვილთან ერთად

მამას ჩააკვდა ხელში. სადაც უნდა დახოცილიყვნენ, იქ გადარჩნენ და უკვე გამოსულები დაიღუპნენ. თვითმფრინავი ჩამოაგდეს, დაჭრილ ბიჭებს ეხმარებოდა გამოსვლაში, ამ დროს "გრადით" დაბომბეს, ვახოს არტერია დაუზიანდა, ხელში ჩააკვდა ლევანს, მხოლოდ 19 წლის იყო.

ჩემი ძმა ისე დაკრძალეს, მე არაფერი ვიცოდი, არ მითხრეს, იცოდნენ ყველაფერს მივატოვებდი და ჩამოვიდოდი ამერიკიდან. გული ავს მიგრძნობდა, გამუდმებით ვრეკავდი, თურმე ჩემი ძმის პანაშვიდები იყო... შემდეგ დედაჩემი ჩამოვიდა ამერიკაში, მე და ჩემი მეგობარი დავხვდით სახლში, შავები არ ეცვა, თუმცა უხასიათოდ იყო... ჩამეხუტა და მითხრა, ვახო სოხუმიდან არ დაბრუნებულაო...

ისევ საპრეზიდენტო არჩევნები

- ხელმოწერების შეგროვება რომ დავიწყეთ, არც ველოდი, ისე კარგად წავიდა საქმე - ვფიქრობ დაველოდო ბოლო დღეს და ვნახო რამდენად გადავაჭარბებ სავალდებულო ხელმოწერების რაოდენობას თუ ადრე შევიტანო ხელმოწერები. სულელი უნდა იყო ის თქვა, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვის დაუჭერს მხარს "ქართული ოცნება". მე ვერავის დავავალდებულებ მე დამიჭირე მხარიო, შეხედონ ვინ რისი გამკეთებელია და ისე გადაწყვიტონ...

დღეს ჩემს კამპანიას მე ვაფინანსებ. ბევრ მეგობარს აქვს ამის შესაძებლობა, მაგრამ არავისთვის მიმიმართავს. ყველაფერი მინდა სუფთა ნამუსით გავაკეთო.

ნათია დოლიძე თიკო გურაშვილი

იხილეთ ვიდეო