"ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის მიზანი იქნება თურქეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის ხალხების საქართველოსთან ინტეგრაცია" - კვირის პალიტრა

"ჩემი საპრეზიდენტო პროგრამის მიზანი იქნება თურქეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის ხალხების საქართველოსთან ინტეგრაცია"

ჩემი საარჩევნო პროგრამის მთავარი მიზანი იქნება თურქეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის ხალხების: ლაზების, ხალიბების საქართველოსთან ინტეგრაცია. მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გიორგი ანდრიაძემ განუცხადა, რომელმაც საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების მოთხოვნით ცესკოს მიმართა.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს მხოლოდ უპარტიო პრეზიდენტობის კანდიდატი დაიცავს.

"საქართველოს სჭირდება უპარტიო პრეზიდენტი. მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციამ სწორედ ასეთი ფორმატი შემოგვთავაზა. ყველას პრეზიდენტი ვერ იქნება რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა. მითუმეტეს, ვერ იქნებიან, უკვე 25 წელი რომ გამოატარა ქართველი ხალხი, აი, იმ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ამიტომ, შევიტანე პრეზიდენტობის კანდიდატობაზე განცხადება. ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს ისტორიაში ის არის, რომ საინიციატივო ჯგუფის ნახევარი, 7 ადამიანი, თურქეთის მოქალაქე, ლაზია, რომელთაც საქართველო ძალიან უყვართ", - განაცხადა ანდრიაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, ზოგიერთი საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს აბსოლუტურ სიცრუეზე დაყრდნობით. ისინი მოსახლეობას პირდებიან სოციალური პირობების გაუმჯობესებას, რისი უფლებამოსილება ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტს არ აქვს.

"ხალხი კიდევ ერთხელ შეყავთ შეცდომაში. რა უფლებაც აქვს პრეზიდენტს, იმას მაქსიმალურად გამოვიყენებ. მთავარი მიზანი იქნება თურქეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის ხალხების: ლაზების, ხალიბების საქართველოსთან ინტეგრაცია, მათთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება. ვისაც არ ეკუთვნოდა მოქალაქეობა და უკანონოდ მიანიჭეს, მათ ჩამორეთმევათ. საქართველოსთვის თავდადებული ჩვენი ძმებისთვის მოხდება მოქალაქეობის მინიჭება. ისინი ძალიან დაგვეხმარებიან საქართველოს აღორძინებაში. ისინი არიან ძალიან წარმატებული, მათ შორის ეკონომიკურად და საქართველოზე გიჟდებიან. მათ წლების განმავლობაში კარს უხურავდნენ და ვიღაც-ვიღაცებს, რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ საქართველო, ზოგი მტერიც კია, იმათ აძლევდნენ მოქალაქეობას. ჩემი ამ პატარა საპრეზიდენტო პროგრამით ქართველი ერი უახლოეს პერიოდში იგრძნობს ეკონომიკურ, თუნდაც მორალურ მხარდაჭერას", - განაცხადა ანდრიაძემ.

გიორგი ანდრიაძის თქმით, საპრეზიდენტო კამპანიას იგი ხვალ, სარფიდან დაიწყებს, სადაც ტრადიციული დღესასწაული კოლხობა აღინიშნება.

"კამპანიას დავიწყებ ხვალ სარფიდან, სადაც კოლხეთობა აღინიშნება. იქ იქნებიან ლაზებიც, აჭარლებიც. შემდეგ კი საპრეზიდენტო კამპანიას სამეგრელოში გავაგრძელებ", - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

"ინტერპრესნიუსი"