"დაასახელოს მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატი, გამოიყვანონ თავიანთი ფალავანი და დავეჭიდებით" - კვირის პალიტრა

"დაასახელოს მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატი, გამოიყვანონ თავიანთი ფალავანი და დავეჭიდებით"

მივმართავ მმართველ პარტიას, მორჩნენ ამ საკმაოდ მდარე ხარისხით შესრულებულ სპექტაკლს, რაც არ ეკადრება ქვეყანას და დაასახელონ თავისი კანდიდატი, - ამ შეთავაზებით მიმართავს საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი მმართველ გუნდს.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველ პარტიას 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არანაირი სტრატეგია არ გააჩნია, ამიტომ, მათ საკუთარი კანდიდატის დასახელებისკენ მოუწოდებს.

"მმართველი პარტიის სტრატეგია როგორ შევაფასო, როცა სტრატეგია არ აქვთ, ხედავთ სტრატეგიის ნასახს ამ არჩევნებში? თუ უნდათ ვითომ სახელმწიფოს მშენებლობა გააგრძელონ, რომ კვლავ ვითომ დამოუკიდებელი, ვითომ პრეზიდენტი გვყავდეს, ეს არ არის სტრატეგია. ეს არის ცუდი საქმის კეთება. მივმართავ მმართველ პარტიას, ერთი დღე კიდევ დარჩათ, მორჩნენ ამ საკმაოდ მდარე ხარისხით შესრულებულ და ისეთ რამეს, რაც არ ეკადრება ქვეყანას - ეს სპექტაკლი. დაასახელონ თავისი კანდიდატი, გამოიყვანონ თავიანთი ფალავანი და დავეჭიდებით. ერთი დღე კიდევ აქვთ დარჩენილი, გადადგან ნაბიჯი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. მმართველ პარტიას საკუთარი კანდიდატი ამ არჩევნებზე არ ჰყავს. პარტიაში აცხადებენ, რომ მხარს რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერენ, თუმცა ჯერ უცნობია ვინ იქნება ეს კანდიდატი.