"თუკი "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო სკამი დაკარგა, მოსახლეობას გაუჩნდება განწყობა - ამათ ამის უნარიც არ ჰქონიათო..." - კვირის პალიტრა

"თუკი "ქართულმა ოცნებამ" საპრეზიდენტო სკამი დაკარგა, მოსახლეობას გაუჩნდება განწყობა - ამათ ამის უნარიც არ ჰქონიათო..."

"მარგველაშვილი აშკარად უკეთესი პოლიტიკური ორიენტაციის ფიგურაა, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ჯგუფის კანდიდატები. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მზად არის, ქვეყანაც კი დაანგრიოს, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და თავისი ლიდერი დაიბრუნოს, მარგველაშვილს კი ქვეყნის წინააღმდეგ არასდროს გადაუდგამს ნაბიჯი"

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მმართველ გუნდს არ დაუსახელებია თავისი კანდიდატურა და არც ის კანდიდატურა, ვისაც მხარს დაუჭერს არჩევნებზე.

კითხვაზე, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე 9 სექტემბერს იმსჯელებს პარტიის პოლიტსაბჭო.

როგორც ცნობილია, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უარი განაცხადა არჩევნებში მეორედ მონაწილეობაზე.

რამაზ საყვარელიძე, ექსპერტი: დაბეჯითებით ძნელი სათქმელია, რა შეიძლებოდა გამხდარიყო მარგველაშვილის გადაწყვეტილების მოტივი. ამას, ალბათ, თვითონ განმარტავს. ჩემი აზრით კი, მარგველაშვილმა მშვენივრად იცის, რომ "ქართული ოცნების" თუ მის მხარდაჭერილ კანდიდატთან გამარჯვების შანსი არ ექნებოდა, შესაბამისად, არ სურდა წინასწარ გამოცხადებული დამარცხების განცდა.

მას გამარჯვების შანსი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტიის სრული რესურსი არ ამუშავდებოდა რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ. მართალია, ჯერ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ცნობილი არ არის, მაგრამ, ალბათ, პრეზიდენტს ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს და გადაწყვეტილებაც შესაბამისი მიიღო.

დარჩება თუ არა ის პოლიტიკაში, არ ვიცი. დასანანი იქნება, თუ ქართულმა პოლიტიკამ მარგველაშვილი დაკარგა. ის არის თითქმის ყოველთვის სწორი პოლიტიკური ორიენტაციის მქონე, კარგი ორატორი, ძალიან პატიოსანი ადამიანი - ზოგჯერ საკუთარი თავის საზიანოდაც კი... რა თქმა უნდა, პრეზიდენტობისას ჰქონდა სისუსტეები, განსაკუთრებით - ახლობლებთან დაკავშირებით, მაგრამ არა მგონია, რომ სხვა პრეზიდენტებს ასეთი და უარესი პრობლემები არ ჰქონდათ და მომავალშიც არ ექნებათ.

- კულუარული ინფორმაციით, "ქართულ ოცნებაში" შიშითაც კი ელოდნენ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებას და ახლა შვებით ამოისუნთქეს. თქვენი აზრით, რომელი კანდიდატის წისქვილზე დაასხამს წყალს მისი განზე გადგომა?

- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის "ქართული ოცნების" მარგველაშვილისადმი დამოკიდებულება გაუგებარია. მათ ათასჯერ მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ ეყოლებათ კანდიდატი. რჩება ორი შესაძლებლობა: ისინი ან მხარს უჭერენ დამოუკიდებელ კანდიდატს, ან საერთოდ არ მონაწილეობენ ამ პროცესში. ორივე შემთხვევაში მათ ხელს აძლევდათ მარგველაშვილის მონაწილეობა - მათი მხარდაჭერილი კანდიდატი მაინც გაიმარჯვებდა, მე-2 ადგილისთვის ბრძოლაში კი, ვფიქრობ, ის დაამარცხებდა "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფრთის კანდიდატებს. მარგველაშვილი აშკარად უკეთესი პოლიტიკური ორიენტაციის ფიგურაა, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ჯგუფის კანდიდატები. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მზად არის, ქვეყანაც კი დაანგრიოს, ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს და თავისი ლიდერი დაიბრუნოს, მარგველაშვილს კი ქვეყნის წინააღმდეგ არასდროს გადაუდგამს ნაბიჯი. "ქართული ოცნება" თუ კარგად გაიაზრებდა შექმნილ ვითარებას, წესით, სულაც არ უნდა გახარებოდა მარგველაშვილის განცხადება, თუმცა "ქართულ ოცნებაში" რამდენად აანალიზებენ ვითარებას და როგორ თვლიან პერსპექტივას, გაუგებარია.

სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რატომ გამოაცხადა მარგველაშვილი "ქართულმა ოცნებამ" საკუთარ მტრად. მას პრობლემა არ შეუქმნია მათთვის, არადა, შეეძლო. თუნდაც საერთაშორისო ასპარეზზე მარგველაშვილს შეეძლო "ქართული ოცნების" პოზიციების შერყევა, თუმცა ეს არ მოინდომა, მეტიც - მას საერთაშორისო ასპარეზზე არასდროს დაუმცირებია და დაუზარალებია ამჟამინდელი ხელისუფლება. უხერხულობას უქმნიდა მხოლოდ ზეპირი განცხადებებით და ვეტოთი, თუმცა ამ ვეტოს დაძლევა მათ არასდროს გასჭირვებიათ. "ქართულ ოცნებაში" კი, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა მასთან დაპირისპირებით ცდილობდა ძალის მოსინჯვას, თუმცა - რაღაც პრობლემა შეგვიქმნა და ამიტომ ვებრძვით მარგველაშვილსო, მათაც არ უთქვამთ.... (იხილეთ სრულად)