პრეზიდენტობის 46 მსურველიდან ვის დაუჭერს მხარს "ქართული ოცნება"? - კვირის პალიტრა

პრეზიდენტობის 46 მსურველიდან ვის დაუჭერს მხარს "ქართული ოცნება"?

8 სექტემბერს, 18 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატთა განაცხადების მიღების პროცესი დასრულდა. ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძის თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით რეგისტრაციის 46-მა მსურველმა მიმართა.

მისივე ინფორმაციით, საპრეზიდენტო კანდიდატებმა ცესკოში მხარდამჭერთა ხელმოწერები 18 სექტემბრამდე უნდა მიიტანონ, რომელთა რაოდენობაც 25 923-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

"ცესკოს საარჩევნო სუბიექტობის 46-მა მსურველმა მომართა. მათგან 26 წარმოდგენილია საინიციატივო ჯგუფის მიერ, ხოლო დანარჩენი 20 წარადგინა პოლიტიკურმა პარტიებმა. კანონმდებლობის თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მხარდამჭერ ამომრჩევლთა ხელმოწერები წარმოდგენილი უნდა იყოს არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა, რაც არის 18 სექტემბერი. წარმოდგენილ ხელმოწერებს საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური შეამოწმებს. იმ შემთხვევაში, თუკი ხარვეზი იქნება დადგენილი, მის გამოსასწორებლად შესაბამის საინიციატივო ჯგუფსა და პარტიას აქვს ორდღიანი ვადა. ამის შემდეგ საარჩევნო ადმინისტრაციის შესაბამისი სამსახური ისევ შეამოწმებს წარმოდგენილ ხელმოწერებს. კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა არის 28 სექტემბერი", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

9 სექტემბერს, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. სხდომას სავარაუდოდ, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

"პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება 9 სექტემბერს და პოლიტსაბჭო იმსჯელებს კანდიდატთან დაკავშირებით. ჩვენი მხარდაჭერა იქნება ფართო, მათ შორის ჩვენი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას იმ ღონისძიებებში, რომელიც დაიგეგმება. რაც შეეხება ფინანსურ დახმარებას, იქნება მოწოდება შემომწირველების მიმართ, რომ ის ფინანსები, რომელიც მიემართებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ, წარიმართოს სწორედ დამოუკიდებელი კანდიდატის მიერ შექმნილ ფონდში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

კულუარული ინორმაციით, მმართველი ძალის რჩეული სალომე ზურაბიშვილი იქნება.

იხილეთ ასევე: "ქართული ოცნება" იძულებულია, სალომე ზურაბიშვილი მიიყვანოს პრეზიდენტობამდე"