"ობიექტურ გარემოებათა გამო, ხორავას ქუჩის საქმის სათანადოდ გახსნა ვერ მოხერხდა" - კვირის პალიტრა

"ობიექტურ გარემოებათა გამო, ხორავას ქუჩის საქმის სათანადოდ გახსნა ვერ მოხერხდა"

'სამწუხაროდ, ამ რეალობაში ობიექტურ გარემოებათა გამო, ხორავას ქუჩის საქმის სათანადოდ გახსნა ვერ მოხერხდა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში. ამით პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომელიც მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებას უკავშირდებოდა.

"ხორავას ქუჩის საქმეში ობიექტური პრობლემა არსებობდა და ამაზე გვქონდა საუბარი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროკურატურასთან. არ თანამშრომლობენ კონკრეტული პირები გამოძიებასთან. ის დრო წავიდა, როდესაც თქვენ იცით რა მეთოდებითაც ხდებოდა ჩვენებების მიღება ადამიანებისგან. რა თქმა უნდა, მინუსები აქვს იმას, რომ ჩვენების მიღებისათვის უხეშ მეთოდებს არ ვიყენებთ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიღწევა ის არის, რომ ადამიანის უფლებები არის დაცული. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ობიექტურ გარემოებათა გამო ვერ მოხერხდა საქმის სათანადოდ გახსნა. ეს არის სამწუხარო რეალობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.