"სალომე ზურაბიშვილმა თავისი შანსი 13 წლის წინ გაუშვა"
"სალომე ზურაბიშვილმა თავისი შანსი 13 წლის წინ გაუშვა"
ფოტოზე: ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი, ეკა ბესელია

"ქართულ ოცნებაში" არსებულ დაჯგუფებებში ლიდერობა ვერავინ მოიპოვა და საკუთარი კანდიდატის გაყვანაც ვერც ერთმა ვერ მოახერხა

"ჩვენ მოვახერხეთ და საპარლამენტო მმართველობა ლამის საპრეზიდენტოდ ვაქციეთ. რაზეა საერთოდ ლაპარაკი!"


8 სექტემბერს 18 საათზე ამოიწურა საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა. ამ ეტაპზე პრეზიდენტობის სურვილი 46 პირს აქვს, მათგან 23 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, ხოლო დანარჩენი პოლიტიკურმა პარტიებმა. დარეგისტრირებულ პირებს სავალდებულო ხელმოწერების წარდგენისთვის დრო 18 სექტემბრამდე აქვთ. "ქართულმა ოცნებამ" დაპირებისამებრ
საკუთარი კანდიდატი არ დაასახელა. 10 სექტემბერს, როდესაც ჩვენი გაზეთი გამოვა, სავარაუდოდ, უკვე ოფიციალურად იქნება ცნობილი, თუ რომელ დამოუკიდებელ კანდიდატს დაუჭერს მხარს მმართველი ძალა. კულუარული ინფორმაციით, ის სალომე ზურაბიშვილი იქნება. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, მხარდაჭერა იქნება მასშტაბური და მათი რჩეულის საარჩევნო კამპანიაში პარტიის ლიდერებიც ჩაერთვებიან.

ის, რომ
"ქართულმა ოცნებამ" არ დაასახელა საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანდიდატს, რომელსაც მხარს დაუჭერენ, ექნება ფინანსური, პიროვნული თუ საორგანიზაციო მხარდაჭერა, შეიძლება დემოკრატიის განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს, როგორც თავად ცდილობენ ამის წარმოჩენას? - ამ შეკითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ ვახტანგ­ ძაბირაძესთან:

- რა თქმა უნდა, არა! კანდიდატი რომ არ დაასახელეს, დემოკრატიულობას სულაც არ ნიშნავს. რაღა დაგიმალოთ და, "ქართულ ოცნებას" ფრიად უცნაური ლოგიკა აქვს. შეიძლება ეს იმისთვის სჭირდებათ, რომ ბოლოს თქვან, ჩვენ კანდიდატი არ გვყოლია და არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში ეჭვი არავინ უნდა შეიტანოსო. ეს უფრო პიარისა და დისკუსიის თემაა, ვიდრე დემოკრატიის.
თუ დამოუკიდებელი კანდიდატის ფინანსური რესურსი, ორგანიზაციული მხარე და საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლობა "ქართული ოცნების" იქნება, ამასთანავე, პარტიის ლიდერები აქტიურად ჩაერთვებიან ზურაბიშვილის კამპანიაში, რომელ დამოუკიდებელ კანდიდატზე შეიძლება ლაპარაკი?! ეს იქნება მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრა და მეტი არაფერი.

- თუ არჩევნებში მთელი თავისი რესურსით გეგმავდა მონაწილეობას, მაშ, რატომ არ დაასახელა სახელისუფლებო ძალამ საკუთარი კანდიდატი?
- ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს არა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვით, არამედ იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაჯგუფებებში ლიდერობა ვერავინ მოიპოვა და საკუთარი კანდიდატის გაყვანაც ვერც ერთმა ვერ მოახერხა. ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, ცდილობს ერთ დონეზე ჰყავდეს ყველა ჯგუფი და გავლენის მოპოვების საშუალებას არავის აძლევს, რათა ვითარება პარტიაში ადვილად მართოს. ვინაიდან პირველობის უფლება არც ერთ ჯგუფს არ ეძლევა, წინასაარჩევნოდ გაჩნდა პრობლემა - თუ კანდიდატი დასახელდებოდა ერთი რომელიმე ჯგუფიდან, ეს იქნებოდა მისი დაწინაურების მაჩვენებელი, ამიტომაც მოძებნეს ასეთი გამოსავალი - კანდიდატურას არ დავასახელებთ და ნეიტრალურ კანდიდატს დავუჭერთ მხარსო.

როდესაც ასეთი დაპირისპირებაა პარტიაში, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება გასაკვირი არ არის. რა თქმა უნდა, ამას საჯაროდ ვერ იტყვიან, ხომ არ აღიარებენ, რომ პარტიაში დაჯგუფებებია, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან პირველობისთვისო. ამიტომაც გადააბრალეს დემოკრატიის განვითარების კეთილშობილურ სურვილს. ეს არის "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების მთელი ანატომია. ზურაბიშვილი არის ზოგადად, "ქართული ოცნების" კანდიდატი, მაგრამ არ ეკუთვნის არც ერთ დაჯგუფებას.
ვახტანგ ძაბირაძე
არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც აწყობს "ქართულ ოცნებას" ზურაბიშვილის კანდიდატურა. საქმე ის არის, რომ ის ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო სავარძელს არ გამოიყენებს იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი შექმნას და მისი ლიდერი გახდეს. ეს არ გააკეთა არც გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა "ქართულ ოცნებას" ამის ძალიან ეშინოდა. მოკლედ, მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ამის ალბათობა და ხიფათი ზურაბიშვილისგან არ დაემუქრებათ.

აქვე ვიტყვი, რომ დაპირისპირებები და პირველობისთვის ბრძოლა "ქართულ ოცნებაში" არსად გაქრება და მოგვიანებით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გამძაფრდება.

ვფიქრობ, თუ "ქართული ოცნება" საერთოდ უარს იტყოდა არჩევნებში მონაწილეობაზე, არც ეს იქნებოდა დიდად დემოკრატიული ნაბიჯი, მაგრამ ნამდვილად შეუწყობდა ხელს ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის ჩამოყალიბებასა და რანჟირებას და იქნებოდა გარკვეულწილად დადებითი მოვლენა.

- ამ შემთხვევაში "ქართული ოცნება" შეიძლება დამდგარიყო იმ პრობლემის წინაშე, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ან მისი განაყოფის რომელიმე კანდიდატს მოეპოვებინა გამარჯვება.
- ჩემი აზრით, ეს ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა. შევხედოთ კანდიდატებს, ბევრი კი არის დასახელებული, მაგრამ მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი ოთხია: - სალომე ზურაბიშვილი, დავით უსუფაშვილი, გრიგოლ ვაშაძე და დავით ბაქრაძე. ისე საინტერესოდ კი დალაგდნენ - მათგან 2 პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეა, 2 კი საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. ამ ოთხივეს პარტიული მხარდაჭერა რომ ჩამოვაცილოთ - უსუფაშვილს ეს საერთოდ არა აქვს - სამწუხაროდ, ყველა ერთმანეთზე დაბალი რეიტინგის იქნება. მოკლედ, ჩემი აზრით,
თუ "ქართული ოცნება" მხარს არავის დაუჭერდა, მაშინ დიდი ალბათობით იქნებოდა მეორე ტური, რომელშიც დიდი ალბათობით გავიდოდნენ ვაშაძე და ზურაბიშვილი ან უსუფაშვილი. აი, მეორე ტურში კი "ქართულ ოცნებას" აშკარად თუ ირიბად თავისუფლად შეეძლო დეკლარირებული მხარდაჭერით "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის ჩაძირვა.

- როგორ ფიქრობთ, "ქართული ოცნების" მიერ ზურაბიშვილის მხარდაჭერის შემთხვევაშიც შეიძლება საქმე მეორე ტურამდე მივიდეს?
- გააჩნია მხარდაჭერის ხარისხს. თუ ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის "ქართულმა ოცნებამ" ყველა რესურსი გამოიყენა, მაშინ მეორე ტური, ალბათ, არ გახდება საჭირო.

- საინტერესოა, როგორ აფასებთ გიორგი მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადას?
- მარგველაშვილს რთული პრობლემის გადაჭრა მოუხდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მისი არჩევის დროსაც პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდული იყო, ის ხალხმა ინერციით მაინც აირჩია ისეთ პრეზიდენტად, რომელსაც საკონსტიტუციო ცვლილებებამდე ირჩევდა. ვგულისხმობ ფართო უფლებამოსილებას, რაც ჰქონდა სააკაშვილს ან შევარდნაძეს. არადა, რეალურად ეს უფლებამოსილება მას აღარ ჰქონდა, რამაც დიდი პრობლემები შეუქმნა.

უუფლებო პრეზიდენტის ახალი ინსტიტუტი, ფაქტობრივად, მის ხელში ყალიბდებოდა, ანუ საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში პრეზიდენტის როლი და ფუნქცია სრულიად ახლებურად იყო გასააზრებელი.

ჩემი აზრით, ამას მარგველაშვილმა კარგად გაართვა თავი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ საპრეზიდენტო ვადაში როგორც ინსტიტუციურად, ისე საზოგადოებრივ აღქმაში ეს ინსტიტუტი სრულყოფილად ვერ ჩამოყალიბდებოდა, რადგან საზოგადოებას აქვს ინერციული მეხსიერება და ისევ ელოდება პრეზიდენტისგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მარგველაშვილი იმაზე მეტს ვერ გააკეთებდა, რაც გააკეთა, მაგრამ მან სწორი მიმართულება აიღო. ვიღაცას ეს მოსწონს, ვიღაცას - არა, მაგრამ ის მოქმედებდა სწორედ პრეზიდენტის ახლებურად განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. მას დღეს ოპოზიცია საყვედურობს, რომ პოლიტიკურად მეტად აქტიური არ იყო და არ იქცა ოპოზიციურ ლიდერად, რაც შეეძლო და რასაც ხელისუფლება მთელი მისი ვადის განმავლობაში აბრალებდა. თუმცა მარგველაშვილმა აჩვენა, რომ ის იყო ნამდვილად ზეპარტიული პრეზიდენტი და ამ ინსტიტუციასაც სწორი მიმართულება მისცა. მნიშვნელოვანია, ახალი პრეზიდენტი გააგრძელებს ამ მიმართულებას თუ საპრეზიდენტო სავარძელს ან ნულოვან ნიშნულად გამოაცხადებს, ან მისი გამოყენებით ოპოზიციურ ძალთა ლიდერად იქცევა.

- ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის შემთხვევაში შესაძლოა "ქართულ ოცნებას" მარგველაშვილზე მეტი პრობლემა შეუქმნასო.
- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილი უფრო მართვადი იქნება, ვიდრე მარგველაშვილი. ის საკმაოდ "რთული" პოლიტიკოსია, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ზურაბიშვილი, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, რისიც "ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტად ეშინია, ისეთი პრეზიდენტი არ და ვერ იქნება, ანუ ოპოზიციური ძალების ლიდერი. მას ჰქონდა ამის შანსი, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებიდან ოპოზიციაში წავიდა და შეეძლო ოპოზიციის უპირობო ლიდერად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ეს ვერ შეძლო, მერე კი საერთოდ წავიდა ქართული პოლიტიკიდან და ქვეყნიდან. მან თავისი შანსი 13 წლის წინ გაუშვა... ჩემი აზრით, დღეს ზურაბიშვილი უფრო დიდ და რთულ პოლიტიკურ თამაშს ვერ შეძლებს და არც მოისურვებს.

- მოგეხსენებათ, მომზადდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, ხელისუფლების ყოფილ პირველ პირებს და მათ ოჯახის წევრებს პერსონალური სახელმწიფო დაცვა მათი უფლებამოსილების ამოწურვიდან მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში დაიცავს, თუმცა გამონაკლის შემთხვევაში მთავრობის გადაწყვეტილებით შესაძლოა ეს ვადა გახანგრძლივდეს... შეგახსენებთ, აქამდე დაცვის უფლებით ისინი სიცოცხლის ბოლომდე სარგებლობდნენ. რამდენად სწორია ეს ინიციატივა? მათ პირად უსაფრთხოებაზე რომ არაფერი ვთქვათ, გასათვალისწინებელია, რომ ამ ადამიანებს პოსტზე ყოფნისას სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს და საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებოდათ ხელი.
- აბსოლუტურად გეთანხმებით. მარტო ამ ფაქტორიდან გამომდინარეც, ყოვლად არასწორი მგონია ეს ინიციატივა. თურმე ხარჯების დაზოგვაა ამ ნაბიჯის მოტივაცია. გვითხრან ერთი, რამდენი იხარჯება ამაზე? მით უფრო, ყოვლად მიუღებელია, რომ თურმე ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვის უნდა დაენიშნოს დაცვა და ვის - არა. ეს ხომ სრული აბსურდია. კანონმა უნდა განსაზღვროს, დაენიშნებათ თუ არა დაცვა ყოფილ პირველ პირებს და მორჩა. ეს ვიღაცის ხასიათსა და ხუშტურზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

თუ მაინცდამაინც დიდი ხარჯი ადგება სახელმწიფოს ამით, მაშინ შეიძლება განისაზღვროს, მაგალითად, 10-წლიანი ვადა და პოსტის დატოვებიდან ამ ხნის განმავლობაში დაენიშნოთ დაცვა. ვფიქრობ, ამ დროის განმავლობაში მათ ხელთ არსებული საიდუმლო ინფორმაცია უკვე მოძველებული იქნება.

- რამდენიმე დღის წინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დასკვნა მიიღო, რომელიც კომისიის წევრებმა "ქართული ოცნებიდან" არ გაიზიარეს და "ევროპული საქართველო" საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულეს. კომისიის სხდომებს საზოგადოება პირდაპირ ეთერში ადევნებდა თვალს და აშკარად გამოჩნდა პროკურატურის შეცდომებიც და მიკერძოების ფაქტებიც, რისი აღიარებაც მმართველ ძალას არ სურს, რაც გამოჩნდა კიდეც მმართველი გუნდის წარმომადგენლების ალტერნატიულ დასკვნაში. ახლა ჯერი პარლამენტზეა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ამ დასკვნების ბედი. სწორედ აქ გამოჩნდება, რამდენად ადეკვატური იქნება ხელისუფლების შეფასებები და მოქმედება?
- ფაქტი ერთია, დაიღუპა მოზარდი და ვინ მოკლა, ჯერაც არ არის ცნობილი. როგორც ვიცი, საქმე აღძრულია გამოძიების მიმდინარეობის გამოც.
საქმის მსვლელობაში დარღვევები რომ იყო, ცხადია. ამ თემას ორი მხარე აქვს: ერთი - თუ რა იურიდიული გაგრძელება ექნება ამ კომისიის მუშაობას, აისახება თუ არა რეალურად საქმის მსვლელობაზე და მეორე - რა პოლიტიკური გავლენა ექნება და როგორ იმოქმედებს "ქართული ოცნების" რეიტინგზე. ერთს ვიტყვი, ეს რომ არ იყოს "ნაციონალური მოძრაობისგან" წამოსული პირების მიერ შედგენილი დოკუმენტი, მაშინ მას "ქართული ოცნებისთვის" ბომბის ეფექტი ექნებოდა, მაგრამ ამ ადამიანების პოლიტიკური წარსული აზარალებს მთელ ამ პროცესს.

თუმცა, თუ ადრე ვინმე აშავებდა, ეს ვერ იქნება საშველი "ქართული ოცნებისთვის" და პოლიტიკურ ზიანს წარმოდგენილი დასკვნის გაზიარება კი არ მოუტანს, არამედ გაუზიარებლობა. საქმე ის არის, რომ ეს არის ტრაგედია, რომელიც ერთი დასკვნით არ შემოიფარგლება. თუ არ დადგინდა სიმართლე, ამ საქმეს იგივე ეფექტი ექნება ამ ხელისუფლებისთვის, რაც ჰქონდა გირგვლიანის საქმეს "ნაციონალური მოძრაობისთვის". ეს მუდმივად იმუშავებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და ნელი მოქმედების ნაღმის ეფექტი ექნება.

- ამ საქმემ კარგად წარმოაჩინა პროკურატურაში არსებული რთული ვითარება. ამ უწყებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ რამდენიმე დღის წინ დაანონსდა სტრუქტურის მასშტაბური რეორგანიზაციაც. თქვენი აზრით, რეორგანიზაცია იქ არსებულ ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის?
- 30 წელია საქართველოში ყველა ხელისუფალი ყოველ მეორე წელს ახალ რეფორმას აანონსებს, მაგრამ მისი შედეგი ჩვენმა მოსახლეობამ ვერ ნახა - ისევ მეფობს უსამართლობის განცდა, გვაქვს დაქცეული ეკონომიკა, ქვეყნიდან ისევ გარბიან მოქალაქეები და ა.შ.
არავინ ამბობს, რომ 30 წლის განმავლობაში შვეიცარიად უნდა გადაქცეულიყო საქართველო, მაგრამ ბალტიისპირეთის ქვეყნების ნახევარი დონისთვის მაინც ხომ უნდა მიგვეღწია? მაგრამ ვერ შევძელით! და რატომ? იმიტომ, რომ არ შევცვალეთ სისტემა. პროკურატურის ან სხვა რომელიმე უწყების ცალკე აღებული რეფორმა რაოდენ კარგიც უნდა იყოს, შედეგიანი ვერ იქნება და საქმეს ვერ უშველის, იმიტომ, რომ მართვის სისტემა მთლიანადაა შესაცვლელი. ინსტიტუციებია ჩამოსაყალიბებელი, მაგრამ არა ცალ-ცალკე, არამედ ერთიანად.
ვცვლით კონსტიტუციას, მაგრამ ვცვლით ისე, რომ მისი არსი არ იცვლება. დომინანტად მუდმივად მმართველი ძალა რჩება, საბოლოოდ კი იმაზე უარეს შედეგს ვიღებთ, ვიდრე გვქონდა.

არანაირი იმედი არა მაქვს, რომ რაიმე შეიცვლება პროკურატურაში. რა იდეალური სისტემაც უნდა ჩამოაყალიბონ ამ სტრუქტურაში, მას სხვა ძალოვანი უწყება თუ პირველი პირი დაბლოკავს და საბოლოოდ გამოვა ცნობილი ნათქვამის მსგავსად: "გვინდოდა უკეთ, მაგრამ გამოვიდა როგორც ყოველთვის".

იგივე ითქმის სასამართლო სისტემაზეც. ახლა დებატებია, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ვინც უნდა იყოს, ერთი ადამიანი ამ მახინჯ სისტემასთან ვერაფერს გააწყობს. საბოლოოდ აშკარაა, რომ მმართველ ძალას ქვეყანაში სამართალი არც ერთი ხელისუფლების დროს არ სჭირდებოდა და ახლაც ასეა. ასეთ პირობებში როგორ იქნება სასამართლო დამოუკიდებელი?! ჩვენ მოვახერხეთ და საპარლამენტო მმართველობა ლამის საპრეზიდენტოდ გადავაქციეთ. რაზეა საერთოდ ლაპარაკი!

- 4-7 სექტემბერს საქართველოში გაიმართა სამხრეთ კავკასიის საერთაშორისო მედიაფორუმი, რომელსაც სკანდალებიც ახლდა. "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" დარღვევის გამო რუსეთის სამი მოქალაქე არ შემოუშვეს ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლებიც ამ ფორუმზე დასწრებას აპირებდნენ, მათ შორის: ტასის და ნტვ-ს ჟურნალისტები. ფორუმის მსვლელობისას კი აღმოჩნდა, რომ ფორუმის რუსი მონაწილეების ნაწილი ცნობილია ანტიქართული განწყობით. როგორც ირკვევა, ამ ღონისძიების ორგანიზატორთა შორის კრემლისგან გამოკვებილი ორგანიზაციები იყვნენ.
- გაუგებარია, აქ რატომ იმართება ამგვარი შეკრებები. შეიძლება სადღაც ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაიმართოს მედიაფორუმი, სადაც რუსებიც მიიღებენ მონაწილეობას, მაგრამ არა საქართველოში. ამგვარი ფორუმის ერთადერთი მიზანი ხომ ისევ და ისევ კრემლის პროპაგანდის გაძლიერებაა. ჩამოდიან აქ კრემლის რუპორები და აქედან აკეთებენ განცხადებებს, რომელიც რუსეთში შუქდება ისე, ნახეთ, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ისევ დომინანტიაო.

მე არა ვარ რუსეთთან დიალოგის წინააღმდეგი, მაგრამ ამ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და გაწყვეტილია დიპლომატიური კავშირი, რუსეთთან მოლაპარაკების მანდატი აქვს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებას და არა ოპოზიციას ან არასამთავრობო თუ მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს. გაუგებარია ამგვარი ფორუმების აზრი და ლოგიკა, გარდა იმისა, რომ ეს არის რუსული პროპაგანდისთვის საკვების მიწოდება.

ნათია დოლიძე

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები