მეთიუ ბრაიზა: "ჩვენ თითქოს ვამბობდით, მიაწექით, პრეზიდენტო პუტინ" - კვირის პალიტრა

მეთიუ ბრაიზა: "ჩვენ თითქოს ვამბობდით, მიაწექით, პრეზიდენტო პუტინ"

ფოტოზე: მეთიუ ბრაიზა

"პრობლემა ის არის, რომ იმ დროს ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა ჩამოყალიბებული ზუსტი პოლიტიკა და გეგმა, თუ როგორ მოვიქცეოდით, თუ რუსეთი საქართველოში ძალიან შეტოპავდა"

"სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორედ რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა, რომ სწორედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მშვიდობისმყოფელები ისროდნენ რუს მშვიდობისმყოფელების ზურგს ამოფარებულები..."

"ჩვენ დრო არ გვეყო" - ასე იხსენებს სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა 10 წლის წინ, აგვისტოს ომისდროინდელ პრობლემებს. როგორია სენატორ მაკკეინის ქართული ღვაწლი, რას გვერჩის კენტუკელი სენატორი რენდ პოლი და როდის ვიყავით ნატო & ევროკავშირის წევრობასთან უფრო ახლოს - დღეს თუ ათი წლის წინ - ამ და სხვა კითხვებს ყოფილმა დიპლომატმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში უპასუხა.

- ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზა, რომელიც 2008 წლის მოვლენებთან დაკავშირებით შემორჩა ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებას, იყო სენატორ ჯონ მაკკეინის სიტყვები - "დღეს ჩვენ ყველანი ქართველები ვართ". გასულ კვირას სენატორი გარდაიცვალა. როგორ შეაფასებთ მის როლს და მნიშვნელობას საქართველოს უახლეს ისტორიაში?

- სენატორ მაკკეინის მემკვიდრეობა დროს გაუძლებს - ეს იყო ადამიანი, რომელიც შთაგონების წყარო იყო სხვებისთვის, მათ შორის, ჩემთვისაც; ადამიანი, რომლის შემხედვარე ვრწმუნდებოდი, რომ სწორად ვიქცეოდით, როდესაც ასე თავგამოდებით ვიბრძოდით საქართველოს უფლების დასაცავად - უფლებისა, რომ თავად განეკარგა საკუთარი ბედი; რომ არ ვცდებოდით, როცა გვჯეროდა, რომ თუ ქართველმა ხალხმა აირჩია პრეზიდენტი, რომელიც მათ ქვეყნის გაერთიანებას დაჰპირდა, მაშინ ასეც უნდა მომხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსატლანტიკურ თანამეგობრობაში ბევრს ეხამუშებოდა, რომ საქართველო მყარად იდგა ფეხზე და საკუთარ უფლებებს იცავდა. სენატორ მაკკეინის ხმა იყო ის ზარი, რომელიც გვახსენებდა, რომ ჩვენს ღირებულებებს დაცვა სჭირდებოდა, და თუ ქართველებიც იზიარებდნენ ამ ღირებულებებს, მაშინ მათაც ზუსტად ისეთივე უფლება ჰქონდათ, ჰქონოდათ დემოკრატიული სახელმწიფო და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, როგორიც ჩვენ გვაქვს.

- ვრცელდება პოპულარული პეტიცია, სადაც ითხოვენ, რომ მოსკოვის პროსპექტს თბილისში სენატორ მაკკეინის სახელი დაერქვას.

- მშვენიერი იდეაა და ჩემი აზრით, თავად სენატორი მაკკეინი, ალბათ, ცოტა შეცბუნებული, მაგრამ უსაზღვროდ ამაყი იქნებოდა, რადგან მას ყოველთვის სჯეროდა, რომ საქართველოს ინტერესებისთვის ბრძოლა იყო არა მხოლოდ სწორი მორალური გადმოსახედიდან, არამედ ის, რომ ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებშიც შედიოდა. იმედია, შესაძლებლობა მექნება ამ ქუჩას ახალი სახელის დარქმევის შემდეგ ვესტუმრო.

- ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სენატორი არ გამოირჩევა მსგავსი კეთილგანწყობით საქართველოსადმი და ასეთებს შორის ყველაზე ცნობილი, ალბათ, კენტუკელი სენატორი რენდ პოლია - ის ჯერ იყო და საქართველოსთვის "ჯაველინების" მიყიდვას აპროტესტებდა, შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკა პუტინის რუსეთთან დათმობებზე უნდა წავიდეს და ერთ-ერთი ასეთი დათმობა საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოში გაწევრებაზე უარის თქმა იქნებოდა. კიდევ უფრო ადრე ის მონტენეგროს ნატოში გაწევრებასაც ეწინააღმდეგებოდა და სწორედ მაშინ მას სენატორმა მაკკეინმა პუტინისთვის მუშაობაში საჯაროდ დასდო ბრალი. როგორ ფიქრობთ, რა ამოძრავებს სენატორ პოლს?

- არ არის აუცილებელი ამ ყველაფერში კონსპირაცია დავინახოთ - მე ვხედავ სენატორს, რომელიც არის ე.წ. მავერიკი, მაგრამ ჯონ მაკკეინის საპირისპირო მოსაზრებებით. მაკკეინიც მავერიკი იყო - ანუ ადამიანი, რომელიც არ ერიდება დინების საწინააღმდეგოდ ცურვას, თუნდაც ეს საკუთარი პარტიის პოზიციის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდეს. მაკკეინი ამ რისკზე მიდიოდა, როდესაც მას სწამდა, რომ თვითონ მართალი იყო - მისი მიდგომა იყო ინტერნაციონალისტური. მას სჯეროდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მით უფრო უსაფრთხო და წარმატებული იქნებოდა, რამდენადაც მისი მოკავშირეები იქნებოდნენ დაცული და მოწინავენი. სენატორ პოლს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს, მისი აზრით, შეერთებულმა შტატებმა მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოს, რომ დიდ მოთამაშეებთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს, პატარა ქვეყნები კი ჩუმად უნდა ისხდნენ და ის გააკეთონ, რასაც ეტყვიან. სამწუხაროდ მსგავსი ნარატივი ამერიკულ საგარეო პოლიტიკაში დიდი ხანია არსებობს - იზოლაციონიზმი, ანუ ამერიკის სისხლი და სიმდიდრე სხვა ქვეყნებზე არ უნდა იხარჯებოდეს. ალბათ, გახსოვთ ჯორჯ ვაშინგტონის ცნობილი გამოსათხოვარი მიმართვა, სადაც ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ამერიკელებს ურჩია, არ გახლართულიყვნენ საგარეო საკითხებში და ამის ნაცვლად ძლიერი ქვეყნის შენებაზე დაეხარჯათ დრო და ძალისხმევა. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვეთანხმები ამერიკის საგარეო პოლიტიკის ამ ტრენდს, უნდა ვაღიარო, რომ ის დღემდე რჩება ჩემი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად.

- ახლახან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში თქვით, რომ ამერიკულ მხარეს უფრო მკაფიოდ უნდა დაენახებინა რუსეთისთვის, რომ საქართველოს საკითხში არსებობდა წითელი ხაზი, რომლის გადალახვაც არ უნდა გაებედათ, მაგრამ თვითონ პრეზიდენტი ბუში იხსენებს მემუარებში, რომ პირადად გააფრთხილა პუტინი, სააკაშვილი ცხელსისხლიანიაო. რა გამოდის, გაფრთხილება საკმარისი არ აღმოჩნდა?

- პრეზიდენტ ბუშს, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ჯერ კიდევ არ ესმოდა, თუ რას უმზადებდა პუტინი საქართველოს. ვფიქრობ, პრეზიდენტ ბუშს, ისევე როგორც მის თითქმის ყველა ნატოელ კოლეგას, სწამდა და თან თავსაც აჯერებდა, რომ რუსეთთან უფრო მეტი საერთო გვქონდა,

ვიდრე ეს რეალურად აღმოჩნდა - რომ რუსეთი იზიარებდა დასავლურ ღირებულებებს და ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის წევრობას ესწრაფოდა - არც ერთი ეს ვარაუდი არ გამართლდა. პრეზიდენტ ბუშს რომ სცოდნოდა, ეს ყველაფერი საბოლოოდ უკრაინის მოვლენებთან მიგვიყვანდა, დარწმუნებული ვარ, ბევრად ხისტი იქნებოდა პუტინთან და ეტყოდა, რა მოჰყვებოდა წითელი ხაზის გადაბიჯებას. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ იმ დროს ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა ჩამოყალიბებული ზუსტი პოლიტიკა და გეგმა, თუ როგორ მოვიქცეოდით, თუ რუსეთი საქართველოში ძალიან შეტოპავდა.

- ზემოხსენებულ ინტერვიუში თქვენ ეთანხმებით მაშინდელ სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს, რომელმაც უკვე მერამდენედ განაცხადა, რომ ამერიკა აფრთხილებდა სააკაშვილს, არ აჰყოლოდა პროვოკაციებს. ასევე ამბობთ, რომ წლების განმავლობაში ცდილობდით დაგერწმუნებინათ მაშინდელი პრეზიდენტი, უფრო დინჯად მისდგომოდა ქვეყნის გაერთიანების პროცესს. იზიარებდა თუ არა თქვენს არგუმენტებს სააკაშვილი?

- ჩვენ შევიკრიბეთ თეთრ სახლში და ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მთავრობასთან ერთად შევიმუშავეთ ახალი სამშვიდობო გეგმა. ეს იყო 2008 წლის მაისში - სწორედ მაშინ გავიაზრეთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის აზრი არ ჰქონდა იმის ჩაგონებას, რომ არ გაეტარებინა ის პოლიტიკა, რისთვისაც ხალხმა ხელისუფლებაში მოიყვანა - ის ნაწილობრივ ხალხმა აირჩია იმიტომ, რომ ქვეყანა გაეერთიანებინა. გავიაზრეთ, რომ ჩვენი ჩაგონებები, მოთმენით მჯდარიყო, ნიშნავდა სააკაშვილის და საზოგადოდ საქართველოს ჩაყენებას გამოუვალ მდგომარეობაში - ჩვენი მსგავსი პოლიტიკით ის რჩებოდა უმძიმესი არჩევნის წინაშე: ან უნდა დასთანხმებოდა საქართველოს სუვერენული ტერიტორიის და ნაწილობრივ დამოუკიდებლობის დაკარგვას, პარალელურად უნდა გამოსთხოვებოდა ჩრდილოატლანტიკურ თანამეგობრობაში საკუთარი ქვეყნის ხილვის იმედს, ან კიდევ რუსეთთან ომში ჩაბმულიყო. როდესაც ეს ყველაფერი გავიაზრეთ, ვიმედოვნებდით, რომ მეტი დრო გვექნებოდა, ამ დიპლომატიური გეგმის ასამუშავებლად, მაგრამ დრო არ გვეყო. სიკვდილამდე დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორედ რუსულმა მხარემ გაისროლა პირველმა, რომ სწორედ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მშვიდობისმყოფელები ისროდნენ რუს მშვიდობისმყოფელების ზურგს ამოფარებულები და საქართველოს, ბოლოს და ბოლოს, მოუწია პასუხის გაცემამ. მსოფლიოს რომელი პრეზიდენტი არ უპასუხებდა საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე სეპარატისტულ თავდასხმას?

- მაშინ ისიც მითხარით, რას ფიქრობთ იმ ნარატივზე, რომლის მიხედვითაც ომი საქართველომ დაიწყო?

- 2008 წლამდე რუსეთმა გააჩაღა საინფორმაციო ომი, ჩაატარა სადაზვერვო ოპერაციები, დააფინანსა მკვლელობები და გადადგა სამართლებრივი ნაბიჯები იმ მიზნით, რომ საქართველოს მთავრობის ავტორიტეტისთვის ძირი გამოეთხარა, სეპარატისტი ლიდერების პოზიციები კი გაემყარებინა. გამოიყენა ყველა სახელმწიფო ბერკეტი, მიმართა ეკონომიკურ ზეწოლას, საინფორმაციო ომს, ფეიკნიუს-ტაქტიკას და მხოლოდ შემდეგ დაიწყო სამხედრო მოქმედებები, თანაც ფარულად და ე.წ. მშვიდობისმყოფელების გამოყენებით. აი, ასე დაიწყო ომი რუსეთმა საქართველოში - ომი დაიწყო წლების წინ და არა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცეცხლის საპასუხოდ ქართველების საარტილერიო ზალპით. ფაქტი ჯიუტია - ომი წლების მანძილზე გრძელდებოდა, ის დაიწყო რუსეთმა, მაგრამ ომის გამოცხადებით, ბუნებრივია, თავი არ შეუწუხებია.

- არ ფიქრობთ, რომ ყველა ის გაფრთხილება, რომლებიც თქვენ, დასავლეთმა, სააკაშვილს მიეცით, ნიშნავდა ასევე რუსეთისთვის მწვანე შუქის მიცემას, რათა ჩანაფიქრისთვის ხორცი შეესხა, რადგან კრემლს ყველა მიზეზი ჰქონდა ეფიქრა, რომ საბოლოოდ სწორედ სააკაშვილი იქცეოდა განტევების ვაცად?

- ნამდვილად გეთანხმებით - ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო. მე მაშინ გამოვთქვი ამაზე აზრი, მაგრამ აზრის გარდა, მე ბრძანებებიც მქონდა... ვფიქრობ, მართალი ხართ და შეიძლება ხაზი გავავლოთ ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მწარე მარცხიდან, საქართველოს გვერდში მდგარიყო 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე, და საბოლოოდ ეს ხაზი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და ყირიმის ანექსიამდე მიგვიყვანს. ყველა სიგნალი, რომლებიც გავგზავნეთ, იყო იმის მანიშნებელი, რომ ეს ყველაფერი რუსებს შერჩებოდათ, ჩვენ თითქოს ვამბობდით: "მიაწექით, პრეზიდენტო პუტინ, კიდევ ცოტაც, კიდევ ცოტაც და, გამოგივათ". მინდა გავიხსენო 2014 წლის ზაფხული, როდესაც რუსეთს უკვე დაპყრობილი ჰქონდა ყირიმი, საფრანგეთის მთავრობა კიდევ ორჭოფობდა, მიეყიდა თუ არა მისტრალები მოსკოვისთვის. ეს იყო ის იარაღი, რომელზეც 2008 წელს რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ თქვა, მისტრალის გადამზიდები რომ გვქონოდა, საქართველოში ბევრად ეფექტური ვიქნებოდითო. ეს ხდება 2014 წელს, როცა საქართველოსთან ომიდან სულ რაღაც 6 წელია გასული, რუსეთი კი უკრაინაშია შეჭრილი!

- როგორ ფიქრობთ, რა ისწავლა დასავლეთმა აგვისტოს ომის შემდეგ?

- ვფიქრობ, როგორც იქნა, დაისწავლა გაკვეთილი მას შემდეგ, რაც უკრაინაში მოხდა და დღეს გვაქვს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა ზოგ ახალ წევრ ქვეყანას სანქციების მოხსნა სურს, მგონი, პრეზიდენტი ტრამპიც კი არ იტყოდა უარს ამაზე. ისეთი ლიდერებიც შემოგვრჩნენ, რომლებმაც ეს გაკვეთილი ვერ ან არ გაითავისეს. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციას უნდა დავუფასოთ, რომ უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო დანადგარების მიწოდება გადაწყვიტა. მსგავსი ნაბიჯი ბუშის ადმინისტრაციამ ვერ გადადგა საქართველოსთვის -

საქართველოს რომ 2008 წელს "ჯაველინები" და მსგავსი თავდაცვითი შეიარაღება ჰქონოდა, არა მხოლოდ საქართველოში განვითარდებოდა სხვაგვარად მოვლენები, არამედ რუსეთი ვერასოდეს გაბედავდა უკრაინაში შეჭრასაც.

- გააკეთა თუ არა საკმარისი დასავლეთმა საქართველოსთვის?

- არ ვიცი, რას შეიძლება ვუწოდოთ "საკმარისი". დასავლეთი დაგეხმარათ ომის შემდგომ - 1 მილიარდი დოლარი შტატებმა მოგცათ, 1 მილიარდი ევრო კი ევროკავშირმა. ამერიკამაც და ევროპამაც დააფიქსირეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი სტრატეგიული მომავალი; ნატოს სამიტებზე გამუდმებით ვადასტურებთ, რომ ბუქარესტის სამიტზე გაცემული დაპირება ძალაშია. თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა საქართველოს ბედ-იღბალი მეტწილად თქვენივე ქვეყნის ხელშია, ბევრად მეტად, ვიდრე ადრე -

საქართველოში ამომრჩეველმა, ხალხმა უნდა უზრუნველყოს, რომ ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათ დასავლურ ხედვას გაიზიარებს.

საქართველოს დღეს ახალი რეალობა აქვს - გაქვთ ასოცირებული შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა და ა.შ. ასე რომ, ვფიქრობ დასავლეთმა ბევრი გააკეთა - ახლა ჯერი ქართველ ხალხზეა, როგორ გამოიყენებს ამას.

- ჩვენ შეიძლება სწორი მიმართულებით მივდიოდეთ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, როდის უფრო ახლოს ვიყავით ნატოს და ევროკავშირის წევრობასთან, დღეს თუ ათი წლის წინ?

- თანამშრომლობის მხრივ დღეს უფრო ახლოს ხართ, მაგრამ წევრობის მხრივ, არა. გარდამტეხი მომენტი ბუქარესტის სამიტზე იყო და ეს იყო პრეზიდენტ პუტინისთვის წითელი ნაჭრის აფრიალების ტოლფასი - ეს გადაწყვეტილება ნიშნავდა, რომ მას დროზე უნდა ემოქმედა, რადგან უკრაინა და საქართველო შეიძლება დღეს არა, მაგრამ ხვალ ნატოს წევრებად მოევლინებოდნენ. დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ ნატო ყოველწლიურად ხელახლა ადასტურებს ამ დაპირებას, ვფიქრობ, გული აღარ მიუწევთ ამისკენ. ჭკვიანური იქნება, თუ იმაზე იფიქრებთ, რეალურად როგორ დაუახლოვდეთ ნატოს და ევროკავშირს, ე.წ. დე ფაქტო ინტეგრაციას რაც შეიძლება ღრმად - ეს აჯობებს ტრანსატლანტიკურ პოლიტიკურ არენაზე გამართულ პოლიტიკურ ბატალიებსა და გაწევრება-არგაწევრების პერსპექტივებზე თავის ტეხას.

ვაჟა თავბერიძე