"ივანიშვილი "ოცნებაში" დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის გაძლიერების საშუალებას არავის აძლევს,ზურაბიშვილის მხარდაჭერაც ამიტომ გადაწყდა" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი "ოცნებაში" დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის გაძლიერების საშუალებას არავის აძლევს,ზურაბიშვილის მხარდაჭერაც ამიტომ გადაწყდა"

"ქართულ ოცნებაში" არსებულ დაჯგუფებებში ლიდერობა ვერავინ მოიპოვა და საკუთარი კანდიდატის გაყვანაც ვერც ერთმა ვერ მოახერხა"

8 სექტემბერს 18 საათზე ამოიწურა საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა. ამ ეტაპზე პრეზიდენტობის სურვილი 46 პირს აქვს, მათგან 23 საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, ხოლო დანარჩენი პოლიტიკურმა პარტიებმა. დარეგისტრირებულ პირებს სავალდებულო ხელმოწერების წარდგენისთვის დრო 18 სექტემბრამდე აქვთ. "ქართულმა ოცნებამ" დაპირებისამებრ საკუთარი კანდიდატი არ დაასახელა და  როგორც მოსალოდნელი იყო მხარდაჭრა სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადა.

ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ დაასახელა საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანდიდატს, რომელსაც მხარს დაუჭერენ, ექნება ფინანსური, პიროვნული თუ საორგანიზაციო მხარდაჭერა, შეიძლება დემოკრატიის განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს, როგორც თავად ცდილობენ ამის წარმოჩენას?

ამ საკითხზე "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე სუბრობს, გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან: - თუ არჩევნებში მთელი თავისი რესურსით გეგმავდა მონაწილეობას, მაშ, რატომ არ დაასახელა სახელისუფლებო ძალამ საკუთარი კანდიდატი?

- ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს არა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვით, არამედ იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებაში" არსებულ დაჯგუფებებში ლიდერობა ვერავინ მოიპოვა და საკუთარი კანდიდატის გაყვანაც ვერც ერთმა ვერ მოახერხა. ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, ცდილობს ერთ დონეზე ჰყავდეს ყველა ჯგუფი და გავლენის მოპოვების საშუალებას არავის აძლევს, რათა ვითარება პარტიაში ადვილად მართოს. ვინაიდან პირველობის უფლება არც ერთ ჯგუფს არ ეძლევა, წინასაარჩევნოდ გაჩნდა პრობლემა - თუ კანდიდატი დასახელდებოდა ერთი რომელიმე ჯგუფიდან, ეს იქნებოდა მისი დაწინაურების მაჩვენებელი, ამიტომაც მოძებნეს ასეთი გამოსავალი - კანდიდატურას არ დავასახელებთ და ნეიტრალურ კანდიდატს დავუჭერთ მხარსო.

როდესაც ასეთი დაპირისპირებაა პარტიაში, ამგვარი გადაწყვეტილების მიღება გასაკვირი არ არის. რა თქმა უნდა, ამას საჯაროდ ვერ იტყვიან, ხომ არ აღიარებენ, რომ პარტიაში დაჯგუფებებია, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან პირველობისთვისო. ამიტომაც გადააბრალეს დემოკრატიის განვითარების კეთილშობილურ სურვილს. ეს არის "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების მთელი ანატომია. ზურაბიშვილი არის ზოგადად, "ქართული ოცნების" კანდიდატი, მაგრამ არ ეკუთვნის არც ერთ დაჯგუფებას.

არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც აწყობს "ქართულ ოცნებას" ზურაბიშვილის კანდიდატურა. საქმე ის არის, რომ ის ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო სავარძელს არ გამოიყენებს იმისთვის, რომ ახალი პოლიტიკური ცენტრი შექმნას და მისი ლიდერი გახდეს. ეს არ გააკეთა არც გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა "ქართულ ოცნებას" ამის ძალიან ეშინოდა. მოკლედ, მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ამის ალბათობა და ხიფათი ზურაბიშვილისგან არ დაემუქრებათ.

აქვე ვიტყვი, რომ დაპირისპირებები და პირველობისთვის ბრძოლა "ქართულ ოცნებაში" არსად გაქრება და მოგვიანებით, საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გამძაფრდება.

...

- ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტობის შემთხვევაში შესაძლოა "ქართულ ოცნებას" მარგველაშვილზე მეტი პრობლემა შეუქმნასო.

- ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილი უფრო მართვადი იქნება, ვიდრე მარგველაშვილი. ის საკმაოდ "რთული" პოლიტიკოსია, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი, ზურაბიშვილი, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, რისიც "ქართულ ოცნებას" ყველაზე მეტად ეშინია, ისეთი პრეზიდენტი არ და ვერ იქნება, ანუ ოპოზიციური ძალების ლიდერი. მას ჰქონდა ამის შანსი, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებიდან ოპოზიციაში წავიდა და შეეძლო ოპოზიციის უპირობო ლიდერად ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ეს ვერ შეძლო, მერე კი საერთოდ წავიდა ქართული პოლიტიკიდან და ქვეყნიდან. მან თავისი შანსი 13 წლის წინ გაუშვა... ჩემი აზრით, დღეს ზურაბიშვილი უფრო დიდ და რთულ პოლიტიკურ თამაშს ვერ შეძლებს და არც მოისურვებს.

იხილეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად