ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა - კვირის პალიტრა

ცესკომ პრეზიდენტობის კანდიდატებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა

ცესკომ 9 პოლიტიკურ გაერთიანებასა და 25 საინიციატივო ჯგუფის მიერ წარგენილ საპრეზიდენტო კანდიდატს საარჩევნო ნომერი მიანიჭა. 10 პოლიტიკურ გაერთიანებას, მათივე მოთხოვნის საფუძველზე, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობას" და " ევროპულ საქართველოს" ის ნომრები დარჩათ, რაც ბოლო თვითმმართველობის არჩევნებზე ჰქონდათ მინიჭებული. დღეს ცესკოს სხდომაზე 44 კანდიდატს განესაზღვრა ნომერი, მათ შორის: სალომე ზურაბიშვილი - 48, ზურაბ ჯაფარიძე - 36, დავით უსუფაშვილი - 25, გიორგ შენგელაია - 43.

ცესკოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის გიორგი კალანდარიშვილის თქმით, საარჩევნო ნომრების მინიჭება, ყველა კანდიდატის საბოლოო რეგისტრირებამდე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და კანდიდატების ხელშეწყობის მიზნით მოხდა.

"საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო სუბიექტების ხელშეწყობის მიზნით, ცესკომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა საარჩევნო კანდიდატებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების საკითხი. ეს გულისხმობდა პროცედურებს, რომლის თანახმადაც ათმა სუბიექტმა კანონის მიხედვით დაიტოვა ის რიგითი ნომერი, რომელიც ბოლო თვითმმართველობის არჩევნებისას ჰქოდა მინიჭებული, 9 პოლიტიკური გაერთიანების მიერ წარდგენილი კანდიდატისთვის ნომრის მინიჭება წილისყრით მოხდა, ასევე 25 საინიციატივო ჯგუფისთვის მოხდა რიგითი ნომრის მინიჭება", - განაცხადა გორგი კალანდარიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"