"ქართველები უარესს შვრებიან ქვეყნის გარეთ... კრიმინალი ლამის ჩვენს ეროვნულ ნიშნად იქცა!"
11-09-2018
"ქართველები უარესს შვრებიან ქვეყნის გარეთ... კრიმინალი ლამის ჩვენს ეროვნულ ნიშნად იქცა!"
"სამართლიანობისთვის ბრძოლის პოლიტიკური ნება "ქართულ ოცნებას" ჯერჯერობით არ აღმოაჩნდა"

მთავარ პროკურატურაში ფართომასშტაბიანი რეორგანიზაცია დაანონსდა. მოგეხსენებათ „ხორავას“ საქმის გარშემო განვითარებული მოვლენები მთავარი პროკურორობიდან ირაკლი შოთაძის წასვლის მიზეზი გახდა. ახალ პროკურორად კი შალვა თადუმაძე შირჩა. მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაციის დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ისმის კითხვა, შეძლებს კი დაანონსებული ცვლილებები ამ სფეროში შექმნილი ვითარების შეცვლას? უსამართლობის განცდა, შერჩევითი მართლმსაჯულება კვლავაც უდიდესი პრობლემაა ქვეყანაში...

გვესაუბრება ექსპერტი რამაზ საყვარელიძე:
- გეთანხმებით, რომ ეს დიდი პრობლემაა ქვეყნისთვის, თუმცა
მე ამას მხოლოდ პროკურატურის კონტექსტში არ განვიხილავდი. პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო სისტემა არის სამი ვეშაპი, რომლებზეც უნდა იდგეს საზოგადოებაში სამართლიანობის განცდა და რაც ჩვენთან ასე შერყეულია. შესაბამისად, სამივეს ერთდროულად, ერთი სტილით დარეგულირების გარეშე შეუძლებელი იქნება შედეგის მიღწევა. განსაკუთრებით სავალალოა ვითარება სასამართლო სისტემაში, რომლის ტვირთსაც უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარემ ვერ გაუძლო და თანამდებობიდან გაიქცა...

სამართალდამცველებისადმი ქვეყანაში სრული უნდობლობა ყალიბდება, რასაც თვითონვე უწყობენ ხელს. გავიხსენოთ, ანალოგიური პრობლემა დიდი ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ჰქონდა, როცა მაფია გამეფდა ყველგან, ყველა სტრუქტურაში, თუმცა დიდი ბრძოლით ამის დაძლევა მოხერხდა და დღეს იქ თავში აზრად არავის მოუვა, მოსამართლის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ დააყენოს. ვფიქრობ, ამ ქვეყნის გამოცდილება საგულისხმოა.

რამაზ საყვარელიძერუზველტს მოუწია ამ პროცესის წარმართვამ სიმართლისმოყვარე ადამიანების პატარა ჯგუფთან ერთად. ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი, მაგრამ მთავარი იყო, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ამის პოლიტიკური ნება, საზოგადოებამ კი ეს დაინახა, ირწმუნა, რომ ეს ადამიანები მართლაც სიმართლისთვის იბრძოდნენ და მათ მხარეს დადგა. ეს პოლიტიკური ნება ჯერჯერობით "ქართულ ოცნებას" არ აღმოაჩნდა, ამიტომაც საზოგადოებას მის მიმართ ნდობა ნელ-ნელა უქრება.
იუსტიციის საბჭოსადმი, რომელმაც უნდა შეარჩიოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა, საზოგადოებას ნდობის ნატამალი არ გააჩნია. ეს არის სავალალო ვითარება. მთელი მართლმსაჯულების სისტემა, მისი გადაწყვეტილებები მუდმივად საეჭვოა, რაც უპირველესად ჩვენს სახელმწიფოებრიობას აზარალებს.

- არსებობს მოსაზრება, რომ სამართალდამცავი სტრუქტურებისა და სასამართლოს გაკონტროლებით "ქართული ოცნება" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ აკონტროლებს კი მმართველი ძალა იმ მახინჯ სისტემას, რომელიც, წინა ხელისუფლებიდან მოყოლებული, ძალოვან სტრუქტურებშია ჩაბუდებული?
- ან სჭირდება კი "ქართულ ოცნებას" ძალაუფლებაზე ზრუნვისთვის მეტისმეტი ძალისხმევა? ის თუ არა, მაშ, ვინ შეიძლება მოვიდეს ხელისუფლებაში? "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისათვის კვლავაც მიუღებელია?!

ეს შესანიშნავად იცის ბიძინა ივანიშვილმა, ამიტომაც ყველა არჩევნების წინ გამუდმებით ასე სვამდნენ საკითხს: ჩვენ თუ არ დაგვიჭერთ მხარს, "ნაციონალური მოძრაობა" გაიმარჯვებს! ამ არჩევნებში ეს ჯერ არ დასჭირვებიათ, თუმცა თუ დასჭირდათ, კვლავ დაიწყებენ ამ საკითხზე აპელირებას. მოკლედ, როდესაც შენი ალტერნატივა არის ძალა, რომლის ხელისუფლებაში მოსვლა ისე არ უნდათ ქვეყანაში, რომ ამომრჩეველი მზად არის, ორივე ხელით მოგცეს ხმა, რატომ გვგონია, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ?

მაგრამ თუ გამოჩნდა რეალური მესამე ძალა, რომლის კონტურებიც კი, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩანს, მაშინ მართლაც შეექმნება პრობლემა "ქართულ ოცნებას", რომელსაც მხარდამჭერები კი არ ჰყავს, არამედ მისი ამომრჩევლის უმრავლესობა ის ხალხია, ვისაც "ნაციონალური მოძრაობა", თავისი განაყოფით, არ დაენახვება თვალით.

საიდან შეიძლება გამოჩნდეს ეს მესამე ძალა - ახალი ოპოზიცია? ისევ და ისევ "ქართული ოცნებიდან" უნდა გამოიჩეკოს, რაც ახასიათებს ქართულ პოლიტიკას, მაგრამ ამგვარი პროცესის დასაწყისი ჯერ არ ჩანს. ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი კვლავაც რჩება ამ პარტიის გამაერთიანებლად...

- ჩვენი საზოგადოების განხილვის საგნად იქცა კრიმინალური შემთხვევების გაზრდილი სტატისტიკა. მართალია, ითქვა, რომ ეს, გარკვეულწილად, დანაშაულის აღრიცხვის მეთოდოლოგიის შეცვლით არის განპირობებული, მაგრამ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვხედავთ, ყოველდღიურად რამდენი დანაშაული ხდება...
- რადგან აღიარეს პრობლემა და გამოაქვეყნეს სტატისტიკა, იმედი მაქვს, ღონისძიებებსაც გაატარებენ, მაგრამ არ ველი, რომ მაინცდამაინც ჭკვიანურ ნაბიჯებს გადადგამენ.

ამ პრობლემაზე დასმულ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს სახელმწიფომ, მაგრამ არა მინისტრის ან სხვა მაღალი რანგის ჩინოსნის განცხადებით, არამედ უნდა დაუკვეთოს გამოკვლევები სპეციალისტებს, რომლებიც გაარკვევენ, რით არის ეს გამოწვეული. თუ ასეთი გამოკვლევები არ იქნება, სწორი დიაგნოზი თუ არ დაისმება, ჭირის მკურნალობა ძალიან გაჭირდება. როგორც მედიცინაში, აქაც დიაგნოსტიკა უფრო რთულია, ვიდრე რეპრესიული ღონისძიებების გატარება.

არ ხდება ეს მხოლოდ საქართველოში, ქართველები უარესს შვრებიან ქვეყნის გარეთ. სულ ახლახან იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი გაქურდეს საქართველოს მოქალაქეებმა! კრიმინალი ლამის ჩვენს ეროვნულ ნიშნად იქცა! სააკაშვილის დროს ტარდებოდა გაცილებით მძიმე რეპრესიული ღონისძიებები და დანაშაულმაც იკლო, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ კრიმინალური აზროვნება არ გამქრალა! ოდნავ ლიბერალური მიდგომა აქვს ამ ხელისუფლებას და დანაშაული ისევ ყვავის.

ხომ გახსოვთ, სააკაშვილის დროს ქურდებზე გამოცხადდა ნადირობა. ამის შემდეგ წავიდნენ უცხოეთში და ქვეყანას არანაკლები ზიანი მიაყენეს. ისინი, უცხოეთში დანაშაულის ჩადენასთან ერთად, საქართველოსაც ჰპარავენ იმიჯსა და რეიტინგს!

რატომ სჩადის ქართველი დანაშაულს?
ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ეკონომიკური სიდუხჭირე იყოს, მაგრამ, ჩემი აზრით, უმთავრესი ეთნო-ფსიქოლოგიური პრობლემებია.
არის საქართველოში რეგიონი, სადაც ცხენის მოპარვა სირცხვილად კი არა, ვაჟკაცობად მიიჩნეოდა! დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ქურდი საგინებელი სიტყვა სულაც არ იყო და ქურდთან ძმაკაცობით თავსაც იწონებდნენ!

უფრო ღრმა ანალიზია საჭირო - რომელი ტრადიცია საიდან მოდის, როგორ ტრანსფორმირდება ეს ტრადიცია დღევანდელობაში, როგორ ილექება ადამიანის ცნობიერებაში... ზედაპირული შთაბეჭდილებებით ან მხოლოდ დაშინებით ეს პრობლემა არ მოგვარდება.

იხილეთ ასევე: ვინ არის შაკირასა და ჟერარ პიკეს სახლის ძარცვისთვის დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდი"?

ნათია დოლიძე

რედაქტორის რჩევით