"ზურაბიშვილი მიმტკიცებდა, რომ სახელმწიფოს გადარჩენის გზა განგრენით დაავადებული ხელის ამპუტაცია, ანუ აფხაზეთზე უარის თქმა იყო" - კვირის პალიტრა

"ზურაბიშვილი მიმტკიცებდა, რომ სახელმწიფოს გადარჩენის გზა განგრენით დაავადებული ხელის ამპუტაცია, ანუ აფხაზეთზე უარის თქმა იყო"

სალომე ზურაბიშვილი თავისი აზროვნების უნარით, გონიერებით, მსოფლმხედველობით და არტიკულაციით არის ემზარ კვიციანის კლონი თუ პროტოტიპი,- ასე აფასებს შს ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.

ოქრუაშვილის თქმით, ივანიშვილს "სწორი არჩევანი" აქვს გაკეთებული მასზე.

"სალომე ზურაბიშვილს კარგად რომ არ ვიცნობდე და დღემდე ამდენი მავნებლური რამ რომ არ ეთქვა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს, კიდევ არაფერს ვიტყოდი მასზე. ეს ქალბატონი თავისი აზროვნების უნარით, გონიერებით, მსოფლმხედველობით და არტიკულაციით არის ემზარ კვიციანის კლონი თუ პროტოტიპი. იშვიათად შეხვდები "პარიზში აღზრდილ" ადამიანს, რომელიც იმავდროულად პროვინციალიზმის ამხელა დოზით იყოს გაჟღენთილი. ის, რომ 1921 წლის შემდეგ საქართველოში დარჩენილ ყველა ქართველს ზემოდან გვიყურებს, როგორც ცისფერსისხლიანი პლებეებს და ყველა აქ დარჩენილ/დაბადებულს კომკავშირის პირმშოებად აღგვიქვამს, ეს ჩემთვის ახალი არაა, რადგან ასეთი რამ საფრანგეთში ხუთწლიანი ცხოვრების მანძილზე ბევრი "მისნაირი" ქართველისთვის შემიმჩნევია. არასოდეს დამავიწყდება ცხრა წლის წინ, აგვისტოს ომის შემდეგ პარიზში შეხედრისას თუ როგორ მიმტკიცებდა, რომ ქართული სახელმწიფოს გადარჩენის და განვითარების ერთადერთი გზა განგრენით დაავადებული ხელის ამპუტაცია ანუ აფხაზეთზე ერთხელ და სამუდამოდ უარის თქმა იყო. ეჭვი არ მეპარება, დღემდე იგივეს ფიქრობს. სწორად დაუდია ივანიშვილს ფსონი და "სწორი არჩევანი" აქვს გაკეთებული მასზე. ეჭვია არც იმაში მეპარება, რომ ისიც ასე ფიქრობს. როგორც ამბობენ, ფერი ფერსაო. ახლა თქვენზეა დამოკიდებული გააკეთებთ თუ არა არჩევანს ადამიანზე, რომელიც არჩევამდე უკვე იმსახურებს მინიმუმ მავნებლის სახელს. მძინარე ცხინვალი გაგვიღვიძებია თურმე მას რომ ჰკითხოთ", - წერს ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს.