"ეფექტური კონტროლის განხორციელებას შევძლებთ" - შს მინისტრის პირველი კომენტარი მარიხუანას კულტივაციაზე - კვირის პალიტრა

"ეფექტური კონტროლის განხორციელებას შევძლებთ" - შს მინისტრის პირველი კომენტარი მარიხუანას კულტივაციაზე

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტის დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი საკანონმდებლო ბაზით, სამართალდამცველებს მიეცემათ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, ეფექტურად ებრძოლონ მარიხუანას არალეგალურ მოხმარებას და ამავე დროს ეფექტურად ებრძოლონ მარიხუანას მოხმარების წახალისებას, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში.

"ჩვენი ახალი ცვლილებებით, ადმინისტრაციული დარღვევის შემთხვევაშიც მოხდება მთელი რიგი სამოქალაქო უფლებების შეზღუდვები, ხოლო სისხლის სამართლის დარღვევის შემთხვევაში კი ეს სამოქალაქო შეზღუდვები აუცილებელი იქნება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირობებში შეზღუდვების დაწესება იქნება მოსამართლის დისკრეცია. გარდა ამისა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის პირობებში აუცილებელი იქნება იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა გარკვეული დროით, 3-დან 5 წლამდე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად და იმ სულისკვეთებით, რა სულისკვეთებითაც საკონსტიტუციო სასამართლო იღებს სხვადასხვა სახის გადაწყვეტილებებს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვიჭირდა, როგორც სამართალდამცავ სტრუქტურას, მოგვეხდინა ეფექტური რეაგირება და კონტროლი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის, დღეს ჩვენ ეს პრობლემა მარიხუანას კონტექსტში დარეგულირებული გვაქვს და მას შემდეგ, როდესაც მთავრობის მიერ წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს და დაამტკიცებს პარლამენტი, აღსრულება მოგვცემს საშუალებას, რომ ყველაზე რისკის შემცველი მოქმედებები, როგორიც არის მარიხუანას მოხმარების წახალისება, იყოს აღკვეთილი. ეს საკანონმდებლო ცვლილებები საფუძველს უყრის საშუალებას შსს-სთვის, ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანას არალეგალურ მოხმარებას და ამავე დროს ეფექტურად ებრძოლოს მარიხუანას მოხმარების წახალისებას, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, შს მინისტრის ინფორმაციით, მარიხუანას მოხმარების კონტექსტში მკაცრდება სანქციები 21 წლამდე მიუღწეველ ახალგაზრდებზე.

"ყველა სახის მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იქნება დასჯადი. 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანას მოხმარება, ყველა სახის სივრცეში, სადაც ეს არ უნდა მოხდეს, იქნება დასჯადი. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ მარიხუანას კლინიკური ზემოქმედების ქვეშ, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი. გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანას მოხმარებაში ასევე გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია არის ლეგალური.

"რაც შეეხება კულტივაციას, აქ ეფექტური რეგულაციებია საჭირო. ეფექტურობის ნაწილში, ერთი მხრივ, გვაქვს ის რეალობა, რომელსაც გვიქმნის საკონსტიტუციო სასამართლო, მეორე მხრივ, ჩაკეტილ სივრცეში არ ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ ღია სამყაროში, სადაც გარკვეული სულისკვეთებები იგრძნობა. არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანას კულტივაცია არის ლეგალური, ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, გერმანია, ჩეხეთი და ა.შ. არის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც სრული დეკრიმინალიზაცია მოახდინა მარიხუანას მოხმარების არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ რეკრეაციული თვალსაზრისითაც. ეს ქვეყანაა მაგალითად კანადა, რომლის ძირითადი მიზანი იყო ეკონომიკური ფაქტორები. იმ სულისკვეთებას, რაც ევროპაში იგრძნობა, ჩვენზე გარკვეული ზემოქმედება აქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ შსს-ს შეუძლია ეფექტურად განახორციელოს კონტროლი არა მხოლოდ მოხმარებაზე, არამედ კულტივაციაზეც. ის მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს საშუალებას მკაცრად დავარეგულიროთ და მკაცრი რეგულირების ფარგლებში სამედიცინო მიზნებისთის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა პარლამენტთან ერთად. ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში დავუბრუნდეთ რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ნომერ პირველი ამოცანა არის იმ ქაოსის და განუკითხაობის შეცვლა, რომელიც მარიხუანას მოხმარების ნაწილში ბოლო თვეების განმავლობაში დამყარდა.

"ჩვენთვის რა არის მთავარი? არც მოხმარების მომენტი იმ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც წარვადგინეთ და არც ეფექტური კონტროლის პირობებში სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება შს სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას. პირიქით, კონკრეტულ შემთხვევებში, თუ მოხდება სარეაბილიტაციო რესურსის გაძლიერება, სამართალდამცველებს ზემოთაღნიშნული ცვლილებების განხორციელება მიეხმარება. იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს მკაცრი და ეფექტური რეგლამენტაციისა და კონტროლის საშუალება, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია არ შექმნის დამატებით რისკებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების წახალისებისთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ ეფექტური კონტროლის განხორციელებას შევძლებთ", - განაცხადა გახარიამ.