სალომე ზურაბიშვილი: "მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად" - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი: "მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად"

მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ წასულ ახალგაზრდებს მიმართა და მათ ქართული ენის სწავლისკენ და საქართველოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

"მოვდივარ ჩემი ქართული ენით, რომელიც ზოგისთვის თურმე დასაწუნია, რასაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ცხადია, მე არ გამივლია სკოლა, უნივერსიტეტი და მთელი საფეხურები საქართველოში და როგორიც არის ისეთი არის, თუმცა, მე ჩემ თავზე ბევრი ვიმუშავე, ზოგიერთისთვის ეს არ არის საკმარისი, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მე აქედან მინდა მივმართო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს არიან საზღვარგარეთ, იქ არიან ან დაბადებულნი ან წასული, იქ ცხოვრობენ და მუშაობენ, მათი ბედი და მომავალი ჩვენს ქვეყანასთან არის დაკავშირებული, მათ მინდა ვუთხრა, რომ ამას ნუ შეუშინდებით, თქვენ ისწავლეთ ქართული, არ დაივიწყოთ! და როგორი ქართულითაც დაბრუნდებით, დაბრუნდით! ჩემი მაგალითი სწორედ ეს არის. მე კიდევაც დავბრუნდი და ხვალ კიდევაც პრეზიდენტი ვიქნები", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ის პრეზიდენტად მოდის იმისთვის, რომ რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან ხელახლა და სამუდამოდ გაიყვანოს.

"პირველ რიგში, მოვდივარ ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად და რომ ხელახლა არავის მოუწიოს ქვეყნიდან დევნილად წასვლა, რომ აღარასოდეს აღარ დავკარგოთ ტერიტორიები და ღმერთმა იცის, რომ ამ ბოლო ორ საუკუნეში ყველა მიმართულებით დავკარგეთ ტერიტორიები. ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა და მართლაც, გვინდა ამ ტერიტორიების, ამ საზღვრების შენარჩუნება და გამთლიანება, როგორიც იყო.

ასევე, მოვდივარ იმისთვის, რომ ხელახლა რუსული ჯარები გავიყვანოთ სამუდამოდ ამ ტერიტორიიდან და ამ ქვეყნიდან მშვიდობიანი გზით. მოვდივარ ქაჯების დასათხოვნად, იმიტომ რომ ბოღმა, ტყუილი სიძლვილი, ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოვიდა. ჩემამდე ბევრად უფრო ლამაზად შოთა ამბობდა, რომ "სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა“და ჩვენ ვართ ამ მდგომარეობაში, რომ შეიძლება, ძალიან მალე სულს ავნოს ამდენმა სიძულვილმა, რომელიც ქვეყანაში ტრიალებს, ქმნის რაღაც შავ აურას და ამას ვხედავთ, მერე გადადის ახალგაზრდებზე. და ეს უთუოდ უნდა ავიცილოთ თავიდან და მე კი არ ვარ რაღაც სასწაული ჯოხის მომტანი, ამაზე ერთად უნდა ვიმუშაოთ თქვენ, მე, მედიამ, რომელსაც დიდი როლი აქვს ამ სიტუაციაში, რომ რაღაცნაირად გამოვასწოროთ . ცხადია, ეს იწყება ჯერ ოჯახში და მერე სკოლაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველო ნამდვილად 21-ე საუკუნეში უნდა გადავიდეს, რადგან "ჯერ კიდევ სადღაც შუაშია გაჩხერილი“.

"მოვდივარ იმისთვის, რომ მრავალფეროვანი და მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება მოვახმარო ამ ქვეყანას მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. ჩვენ ერთად უნდა გადავიდეთ ნამდვილად 21-ე საუკუნეში, ჩვენ ჯერ კიდევ ვართ სადღაც შუაში გაჩხერილი. გლობალურ მსოფლიოში, რომლისაც არ უნდა გვეშინოდეს, საკუთარი მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დავიმკვიდროთ ისე, რომ საკუთარი იდენტობა არ დავკარგოთ და პირიქით, გავაძლიეროთ. ეს არის რთული ამოცანა, მაგრამ ამას ერთად ნამდვილად მივაღწევთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"