"მთელი შენი ბიუჯეტიც ქინძზე გვკიდია, შენი "ომეგაც" და ყველაფერი" - როდის შედგა სკანდალური საუბარი ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის? - კვირის პალიტრა

"მთელი შენი ბიუჯეტიც ქინძზე გვკიდია, შენი "ომეგაც" და ყველაფერი" - როდის შედგა სკანდალური საუბარი ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის?

მედიაზე ზეწოლა თუ კომპანიის ფინანსური დავალიანება?

თავისუფალ მედიაზე ზეწოლა თუ კომპანიის ფინანსური დავალიანება - ტელეკომპანია "იბერიის" გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება. თითქმის ერთი კვირაა ტელეკომპანია საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობს და ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამის არგუმენტად კი არხის ხელმძღვანელობა "იბერიის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის სატელეფონო საუბრის ჩანაწერსაც მიიჩნევს, რომელიც ორ ფრაგმენტად გასაჯაროვდა.

"ყველა გამოდის "რუსთავი 2"-ზე უარესი არისო "იბერია". უფრო აღიზიანებთ, ძნელია, როცა ლაპარაკობ დათმობაზე, როცა ტელევიზია აგერ ასეთ ამბებშია. მთელი შენი ბიუჯეტიც ქინძზე გვკიდია შენი "ომეგაც" და ყველაფერი. რაც იქიდან მოდის ყველაფერი მიდის იქ. ჰგონიათ, რომ ის არის ყველაფერი. მოვდივარ კეთილი ნებით ეს პრობლემები მაქვს და გადამიწყვიტეთ და გადავკოცნოთ ერთმანეთი", - ეუბნება სატელეფონო ფარულ ჩანაწერში ყიფიანი, ზაზა ოქუაშვილს.

რიგით მეორე ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ისევ ყიფიანი "ომეგა ჯგუფის" დირექტორს პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ ორ მილიონს სთხოვს, რომლიდანაც 1 მილიონი ბიუჯეტში წავა, დანარჩენი კი იმ პირებზე, ვინც "გვემუშავებაო".

ჩანაწერში ლაპარაკია, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილ უჩა მამაცაშვილზეც, ისმის სიტყვა კონტრიბუციაც... პირი, რომლიც სატელეფონო საუბარში ოქუაშვილს ელაპარაკება, მას ჰპირდება, რომ პრემიერს საქმის კურსში ჩააყენებს.

აღნიშნულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

სპეციალური განცხადება გაავრცელა უჩა მამაცაშვილმა, რომლიდანაც ვიგებთ, რომ ის საქართველოს პროკურატურას მიმართავს და "მისი სახელის საეჭვო და უკანონო გარიგებებში გამოყენებასთან დაკავშირებით" გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, "ომეგა" მედიას ეფარება და ასე ცდილობს გადასახადებს აარიდოს თავი, თუმცა, ფაქტია, რომ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ნამდვილად უამრავ კითხვას აჩენს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის მტკიცებით, ეს ჩანაწერი 5 წლის წინანდელია. ჩვენი ერთ-ერთი წყარო კი ამტკიცებს, რომ ეს საუბარი, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, 2015 წელს შედგა. თუმცა ამას კატეგორიულად უარყოფს პარლამენტარი, "იბერიის" დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე.

"როგორც ვიცი, ასეთი საუბრები 2018 წლის ზაფხულში იყო.  ჩუგოშვილი და სხვა დეპუტატები ტყუილი ინფორმაციის გავრცელებას ცდილობენ და ჰგონიათ, რომ ამით ამ ახალ მთავრობას დაიცავენ. 5 წლის წინ როგორ უნდა შემდგარიყო ეს საუბარი, როდესაც "იბერია" მაშინ არ მუშაობდა და რანაირად შეიძლებოდა ეს საკითხი მთავრობისთვის აქტუალური და გამაღიზიანებელი ყოფილიყო თუ რას ლაპარაკობენ "წვეროსნები".

ტელეკომპანია "იბერიის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, აქციონერებს თამბაქოს და კომერციული საქმიანობის გარდა ტელევიზიაც რომ აქვთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კომპანიამ გადასახადი არ უნდა გადაიხადოს, "გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ!".

მამუკა ბახტაძის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო და შემოსავლების სამსახური მაქსიმალურად ცდილობდა სანქციებისგან თავი შეეკავებინა, რის გამოც მათ კომპანია "ომეგა" 11-ჯერ გააფრთხილა.

"მე მქონდა შეხვედრა და გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან, ისევე როგორც მის აქციონერებთან. ჩვენ ვართ მაქსიმალურად კეთილგანწყობილი და მეგობრული ნებისმიერი სამეწარმეო სუბიექტის მიმართ, განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ადგილობრივ წარმოებაზე. მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ ღრმა პატივისცემას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც თუნდაც ერთ სამუშაო ადგილს ქმნის საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის თითოეულ სამუშაო ადგილს აქვს ყველაზე მაღალპრიორიტეტული მნიშვნელობა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, როგორც მახსოვს, 11-ჯერ გადაუვადა ამ კომპანიას შემოსავლების სამსახურის მხრიდან სანქციების გამოყენება, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ტენდენცია ძალიან ნეგატიური. ბოლო თვეების განმავლობაში ორგანიზაციამ კიდევ უფრო გაზარდა ეს დავალიანება და მან მიაღწია თითქმის 51 მილიონ ლარს", - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო, ისევე როგორც შემოსავლების სამსახური უნდა იყოს მაქსიმალურად განწყობილი, რომ თუ ეს დავალიანება დაგროვდა შეიქმნას ისეთი გრაფიკი, რომელიც მისცემს შესაძლებლობას კომპანიას აწარმოოს თავისი საქმიანობა, გადაიხადოს გადასახადი და დაფაროს წარსული დავალიანებაც.

ტელეკომპანია "იბერია" მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. არხის თანამშრომლები და ხელმძღვანელობა ხელისუფლებას ზეწოლასა და ტელევიზიის დახურვის მცდელობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ხელისუფლება ფინანსურ პრობლემებს უქმნის კომპანია "ომეგას", რომელიც არხს ფინანსურად უზრუნველყოფს.

ის, რომ დავალიანება ყველა ადამიანმა უნდა გადაიხადოს, ვინც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, ამბობს ნატო ჩხეიძეც:

- მამუკა ბახტაძეს ვეთანხმები, ტელევიზიის დაფინანსება არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე კომპანიას თანხა არ მოსთხოვო. გადასახადი უნდა მოსთხოვო, მაგრამ კანონის ფარგლებში. ბატონი პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ცდილობენ, ნაწილი თქვან და ნაწილი არა. ცხადია, სურთ დამალონ და მიჩქმალონ ის, რაც არის ამ საქმის არსი.

-  და რა არის საქმის რეალური არსი?

- ერთადერთი, რასაც ამბობენ სწორად, ეს არის დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულების ოდენობა - 51 მილიონამდე, საიდანაც  ოფიციალური დავალიანება არის 35 მილიონი, ხოლო 15 მილიონი არის ჯარიმა.

"ომეგა ჯგუფს" არცერთხელ მიუმართავს რაიმე შეღავათის თხოვნით. ერთადერთხელ მიმართა, რომ ეს დავალიანება კანონით გაწერილი პირობებით ყოფილიყო გადანაწილებული. ამისათვის საჭირო იყო კომისიის შეკრება, სადაც წარდგენილი გრაფიკი დამტკიცდებოდა ან სხვა გრაფიკს შესთავაზებდნენ. მაგრამ კომისია არ შეიკრიბა და სწორედ ამიტომ "ომეგა ჯგუფმა" ფინანსთა სამინისტროს სასამართლოში უჩივლა. რაც შეეხება შეთავაზებას, არ ვიცი, 11-ჯერ რას ითვლის ბახტაძე. დიდ წყალობად თვლის იგი იმას, რომ ინკასო უფრო ადრე არ დაადეს ვიდრე ახლა. მაგრამ ეს არ არის წყალობა, ეს მათი მოვალეობა იყო.

- კონკრეტულად რამდენი ხნის დავალიანებაა? -  ეს არის თვეების მიხედვით. უფრო ზუსტ პასუხს კომპანიის წარმომადგენლები გაგცემენ, მაგრამ დაახლოებით არის სადღაც 2 წლის, რომელიც ნელ-ნელა გარკვეული მიზეზების გამო დაგროვდა და ეს მიზეზებიც მთავრობის მიერ არის შექმნილი.

- თანხის რესტუქტურიზაციისთვის როდის მიმართა კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს?

- ეს იყო, 2017 წლის აპრილი. მიუხედავად იმისა, რომ მათ კანონით ევალებათ, 2 თვის განმავლობაში შეიკრიბნონ და გადაწყვეტილება მიიღონ, ამ დრომდე არ შეკრებილან და შესაბამისად, არც განუხილავთ.

- და თუ დავალიანება რეალურად არსებობს , რატომ ფიქრობთ, რომ ამის მოთხოვნა ახლა ტელეკომპანია "იბერიას" უკავშირდება, რა გაძლევთ ეჭვის საფუძველს?

- ეჭვი შეიძლება ჰქონდეს საქმეში ჩაუხედავ ადამიანს. მაგრამ როდესაც გარკვეული პირები ამბობენ, იმისათვის, რომ მოგეცეს მარკები და დამტკიცდეს გრაფიკი ამისათვის გაცვალე და დათმე "იბერიაო". ეჭვზე აღარ არის საუბარი...

- პირდაპირ იყო ამის მოთხოვნა? - აბა, ირიბად როგორ შეიძლება ეს მოხდეს? პირდაპირ გვეუბნებიან, - დათმეთ "იბერია" და პრობლემები აღარ გექნებათო. მარკებს არ იძლევიან და გრაფიკს არ გიმტკიცებენ ეს არის ნამდვილი ამბავი და არა ის დეზინფორმაცია, რომელსაც ავრცელებენ, რომ თითქოს ვინმეს რაიმეს გადახდა არ უნდოდა.

- რაც შეეხება "იბერიის" დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილისა და სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის ფარულ სატელეფონო ჩანაწერს, როდინდელია ეს საუბარი?

- როგორც ვიცი, ასეთი საუბრები 2018 წლის ზაფხულს იყო.

- ყიფიანს რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს "იბერიასთან?

- მედიის დადუმების ინტერესი შეიძლება ჰქონოდა, მეტი რა.

პ.ს. სტატია უკვე მომზადებული იყო, როდესაც კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ისევ სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და "ომეგა ჯგუფის" მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ და სადაც ტელეკომპანიის მფლობელებს პრობლემების მოგვარებისთვის სთავაზობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას სამი მილიონი მისცენ. იხილეთ სრულად

თიკო ოსმანოვა (სპეციალურად საიტისთვის)