"საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ" - რუსეთი აშშ-ს იგორ გიორგაძის განცხადებაზე განმარტებას სთხოვს - კვირის პალიტრა

"საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებდნენ" - რუსეთი აშშ-ს იგორ გიორგაძის განცხადებაზე განმარტებას სთხოვს

ფოტოზე: იგორ გიორგაძე და მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართავს განმარტება გაკეთდეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საქართველოში ლუგარის ლაბორატორიაში აშშ-ს სამხედრო და კერძო კონტრაქტორები სავარაუდოდ, საიდუმლო ექსპერიმენტებს ატარებდნენ ადამიანებზე.

ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ლუგარის ლაბორატორიაში საიდუმლო ექსპერიმენტები ტარდება ადამიანებზე საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ გაავრცელა.

"სუვერენული სახელმწიფოები, ამ სახელმწიფოების მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე სიცოცხლისთვის საშიშ ექსპერიმენტებს და ცდებს არ უნდა ატარებდნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ოფიციალურ განმარტებას მოსთხოვს იგორ გიორგაძის მიერ წარდგენილ ფაქტებთან დაკავშირებით", - განაცხადა მარია ზახაროვამ.

მისივე თქმით, რუსეთს ეს საკითხი აწუხებს, ვინაიდან აღნიშნული ლაბორატორია რუსეთის ტერიტორიასთან მეზობელ ქვეყანაშია.

"ჩემი აზრით, სუვერენულმა სახელმწიფოებმა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა იმიტომ არ მოიპოვეს, რომ მათ მოსახლეობაზე უცხოელმა სამხედროებმა ბიოლოგიური ექსპერიმენტები ჩაატარონ. ზუსტად ეს ხდება", - დასძინა მან.