"გვინდა გამოთრიაქებული ახალგაზრდობა?! ჰკითხეთ ერთი მშობლებს, რა დღეში არიან" - კვირის პალიტრა

"გვინდა გამოთრიაქებული ახალგაზრდობა?! ჰკითხეთ ერთი მშობლებს, რა დღეში არიან"

"ალბათ ნარკოტრაფიკიც შეუწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ შეიძლება ეს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი იყოს?!"

ქვეყანსი მიდინარე სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე პოეტი დავით მაღრაძე გვესაუბრება:

- ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, იმაზე, რაც არ კეთდება, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ პასუხი, მაგრამ ხომ ცხადია, რომ ხელისუფლებაში ადამიანები ჩვენი საზოგადოებიდან მიდიან.

გავიხსენოთ საყდრისის აფეთქება და ხორავას ქუჩის მკვლელობების საქმე. სამწუხაროდ, ამ ორ მაგალითში გამოჩნდა ხელისუფლების ძალიან არასწორი დამოკიდებულებები, რაც ძალიან სავალალოა.

ან რა გვარებს ვისმენ ამ სასამართლო სისტემაში, იგივე ხალხია, ვინც სააკაშვილის რეპრესიულ რეჟიმს ამაგრებდა. იმ ხალხის სახელები ქუხს დღესაც, ვინც გირგვლიანის საქმით თავი მოიხერხა. ისევ პოსტებზე არიან ის პირები, რომლებმაც მთელ ქვეყანას მოსჭრეს თავი. თავიდან რომ მესმოდა მათი სახელები, ვფიქრობდი, ალბათ, იმ ძველების მოგვარეები არიან-მეთქი, მაგრამ...

- ეს ხომ ხელისუფლების ბრალია...

- დიახ, ოღონდ ჩვენი ბრალიც არის. თუ არაფერს ვიტყვით, სულ ასე იქნება და არაფერი გამოსწორდება.

მე, მაგალითად, თქვენი გაზეთის საშუალებით ვთქვი, როდესაც დანამდვილებით გავიგე, რომ სუს-ის თანამშრომლები მისმენდნენ, მერე ჩემი ჩანაწერებით დარბოდნენ სახელისუფლებო კაბინეტებში და ვიღაც-ვიღაცებს ასმენინებდნენ.

ეს ჩუმად კი არ გავანდვე ხელისუფლების წარმომადგენლებს, როგორც მირჩევდნენ, არამედ გამოვედი და ვთქვი,

თუ სააკაშვილის ხელისუფლებისას ვამბობდი, ნუ დაიხუთებით-მეთქი, ახლა ვამბობ, ნუ გაისუსებით, რადგან სუს-ი ძალიან აქტიურობს-მეთქი.

იმის მაგივრად, რომ ტერორისტებისთვის ესმინათ, მე მისმენდნენ... ან რას მისმენდნენ, არ ვიცი, არასდროს არაფერი დამიმალავს.

საყდრისთან დაკავშირებითაც საჯაროდ გამოვთქვი ჩემი აზრი და როდესაც მკითხეს, რა იყო იმ წლის ყველაზე უარყოფითი მოვლენა, სწორედ საყდრისის აფეთქება დავასახელე.

- ხორავას ქუჩის საქმის შესასწავლად შეიქმნა საგამოძიებო-საპარლამენტო დროებითი კომისია, რომლის სხდომების მიმდინარეობისას ყველამ აშკარად დავინახეთ, რომ საქმეს მიზანმიმართულად აყალბებდნენ, თუმცა ამის აღიარება ხელისუფლებას არ სურს. როგორ ფიქრობთ, ის პრობლემები, რაც პროკურატურასა და სასამართლოშია, განპირობებულია იმით, რომ იმ დამნაშავე სისტემას, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა, "ქართულმა ოცნებამ" ვერაფერი მოუხერხა, თუ ამ სისტემას თავად იყენებს?

- ერთიც შესაძლებელია და მეორეც... ფაქტია, ეს ქვეყნის პრობლემად რჩება. ამ საქმის ძიებისას ძალიან არასასურველი სახით წარმოჩნდა ხელისუფლება. როცა ასეთი ტრაგედია ხდება, იქ მომეტებული პასუხისმგებლობით უნდა მიუდგე ყველაფერს, აქ კი ყველაფერი პირიქით მოხდა.

მიმაჩნია, რომ საზოგადოება არ უნდა მოდუნდეს არც ერთი ხელისუფლების დროს. ღირსეული საზოგადოება ხმამაღლა ფიქრობს, ხმამაღლა გამოხატავს თავის პოზიციას.

ერთი პრობლემაც - აშკარაა, რომ ჩვენში ისტორიის გადაწერის მცდელობებია. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამას ხელისუფლება უწყობს ხელს.

ვინც ძალადობრივ რეჟიმთან თანამშრომლობდა, ეს ხალხი ყოფილა ლიბერალი, ხოლო, ვინც ხელისუფლებიდან მომდინარე სისასტიკეს დაუპირისპირდა, ის ყოფილა ბნელი. ამის დახატვის მცდელობაც აშკარაა. არ მესმის, ამას ხელისუფლება რატომ უწყობს ხელს?!

- დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მარიხუანის მოხმარება ნებადართული გახდა.

- ჩემი აზრით, მარიხუანის მომხმარებლების ციხეში ჩაყრა არასწორია, მაგრამ რეგულაციები უნდა არსებობდეს და ამ საქციელის წახალისება არაფრით არ შეიძლება. გვინდა გამოთრიაქებული ახალგაზრდობა?! ჰკითხეთ ერთი მშობლებს, რა დღეში არიან.

ეს გადაწყვეტილება პერიფერიული აზროვნების კიდევ ერთი მაგალითია.

თუ საქვეყნოდ, მაგალითად, ტელესტუდიაში გააბოლებ, მაგარი კაცი ხარ? ვის რას უმტკიცებ ამით?! ეს ევროპისკენ სავალი გზა არ არის. იქნებ ევროპისგან სამოქალაქო კულტურა თუ საგანმანათლებლო მიღწევები გადმოგვეღო.

მით უფრო, რომ ევროპაში სულაც არ არის ნებადართული გამოთრიაქება, რამდენიმე გამონაკლისის გარდა...

არ შეიძლება სახელმწიფო პოლიტიკა იყოს ნარკოტიკის მოხმარების წამახალისებელი. თურმე ეს ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ალბათ ნარკოტრაფიკიც შეუწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას, მაგრამ შეიძლება სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი იყოს?!

ვიმეორებ, ბევრი რამ საზოგადოების ბრალიც არის, ძალიან უყურადღებო საზოგადოებად ვიქეცით... იხილეთ სრულად