"დღეს მეჯლისს მთავრობა კი არა, გავლენიანი დაჯგუფებები მართავენ" - კვირის პალიტრა

"დღეს მეჯლისს მთავრობა კი არა, გავლენიანი დაჯგუფებები მართავენ"

"მაშფოთებს, სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, რა შეიძლება გააკეთოს და როგორ შეიძლება დაიწყოს რუსეთთან არშიყი"

"მარიხუანის თემა არის კარგად გათვლილი ბიზნესგეგმა, რომელიც მიმართულია გარკვეული ჯგუფის ბიზნესინტერესებისა და არა - სახელმწიფოს ინტერესების სასიკეთოდ"

პარტია "ქართულმა ოცნებამ" ოფიციალურად განაცხადა, რომ მისი ფავორიტი საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა და ამის კვალდაკვალ ფავორიტის მხარდასაჭერად ფართომასშტაბიანი მუშაობაც გააჩაღა, თუმცა კანდიდატი კვლავაც არაპოპულარულ განცხადებებს აკეთებს და შეიძლება ითქვას, გვარიანად აბნევს საზოგადოებას, მათ შორის - "ქართული ოცნების" ელექტორატსაც.

ისმის კითხვები: მმართველი პარტიის გაჩაღებული წინასაარჩევნო საქმიანობის გათვალისწინებით შეიძლება კი, სალომე ზურაბიშვილი ჩაითვალოს დამოუკიდებელ კანდიდატად, ხოლო "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, არ წამოეყენებინა საკუთარი კანდიდატი, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, "სამაგალითო დემოკრატიად"? "კვირის პალიტრას" სანდრო თვალჭრელიძე ესაუბრა.

- რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი არ არის დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი. ის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატიც მხოლოდ ქაღალდზეა. მოგეხსენებათ, წინა საპარლამენტო არჩევნებზე მას მთაწმინდის ოლქში მმართველმა ძალამ არავინ დაუპირისპირა და ისიც ვითომ დამოუკიდებელ დეპუტატად შევიდა პარლამენტში, მაგრამ იქცეოდა "ქართული ოცნების" გულმხურვალე წევრივით.

რაღა დაგიმალოთ და, არ მესმის "ქართული ოცნების" გადაწყვეტილების მოტივი და მიმაჩნია, რომ ზურაბიშვილის მხარდაჭერა არის მმართველი ძალის ტრაგიკული შეცდომა, რადგან მარტო ის გამონათქვამები, რასაც ამ ქალბატონისგან ვისმენთ, ყოვლად მიუღებელია და აზარალებს როგორც მმართველ ძალას, ისე - ქვეყანას. ამიტომაც სულაც არა მგონია, რომ რადგან "ქართული ოცნება" უჭერს მხარს, მას გამარჯვება გარანტირებული აქვს.

რატომ ვერ მოახერხა "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი კანდიდატის წამოყენება, არ ვიცი. ალბათ, მიზეზი ის არის, რომ ბიძინა ივანიშვილს მოსწონს სალომე ზურაბიშვილი. რატომ მოსწონს? წარმოდგენა არ მაქვს. შეიძლება აქ რაღაც ფრანგული ინტერესებიც მოქმედებდეს. მოგეხსენებათ, ბატონი ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეც არის და ამ მიმართულებით შეიძლება რაღაც ხდებოდეს - ქალბატონ სალომეს გავლენიანი ნაცნობობა ჰყავს საფრანგეთში.

- როგორც ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, ამის მიზეზი, შესაძლოა, იყოს ის, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სურდა "ქართულ ოცნებაში" არსებული რომელიმე ჯგუფის ლობირებული კანდიდატის მხარდაჭერა: "ივანიშვილი ცდილობს, ერთ დონეზე ჰყავდეს ყველა ჯგუფი და გავლენის მოპოვების საშუალებას არავის აძლევს, რათა ვითარება პარტიაში ადვილად მართოს. თუ კანდიდატი დასახელდებოდა ერთი რომელიმე ჯგუფიდან, ეს იქნებოდა მისი დაწინაურების მაჩვენებელი, ამიტომაც მოძებნეს ასეთი გამოსავალი - კანდიდატურას არ დავასახელებთ და ნეიტრალურ კანდიდატს დავუჭერთ მხარსო."

- ვერ დავეთანხმები ბატონ ვახტანგს.დარწმუნებული ვარ, "ქართულ ოცნებას" შეეძლო მოეძებნა გარეთ თუ შიგნით, მარჯვნივ თუ მარცხნივ ისეთი კანდიდატი, რომელიც პარტიაში არსებული დაჯგუფებებიდან არც ერთის წარმომადგენელი არ იქნებოდა.

აქვე ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილს თავის დროზე გიორგი მარგველაშვილიც ძალიან მოსწონდა, ეგონა, დამყოლი და ადვილად სამართავი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ვფიქრობ, თუ ზურაბიშვილი მაინც გახდება პრეზიდენტი, ივანიშვილი მალე ისევ იმედგაცრუებული დარჩება. ზურაბიშვილი მარტივი და ადვილად დასამორჩილებელი ფიგურა არ გახლავთ. გაგახსენებთ, როდესაც წლების წინ ზურაბიშვილი, ყველასთვის მოულოდნელად, დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად, ის მიხეილ სააკაშვილმაც კი ვერ მართა.

- ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, რასაც კრემლი აუცილებლად გამოიყენებს. ამაზე მეტყველებს ისიც, თუ რა სიხშირით ატრიალებს ამ ფრაზებს ბოლო ხანს რუსული მედია... - დავიწყებ იმით, რომ მინდა პრეზიდენტი, რომელსაც ექნება ქართული მენტალიტეტი. ქალბატონი სალომე მენტალობით არ გახლავთ ქართველი. ის ფრანგია, იქ აქვს გატარებული ცხოვრების დიდი ნაწილი, მიღებული აქვს ფრანგული აღზრდა, წლების განმავლობაში იყო საფრანგეთის სახელმწიფოს სამსახურში, მისი გამონათქვამები კი, ჩემი აზრით, ღალატის ტოლფასია. როგორც ვიცი, რუსეთის ხელისუფლებამ უკვე გამოიყენა სალომე ზურაბიშვილის განცხადებები იმის თაობაზე, რომ 2008 წელს ომი თურმე ჩვენ დავიწყეთ და საკუთარ მოსახლეობას ვბომბავდით. ეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებას ჰგავს. თუ ის პრეზიდენტი გახდება, ეს უფრო სახიფათო იქნება. ამ შემთხვევაში რუსეთთან წამოწყებულ საერთაშორისო სასამართლო პროცესებში ძალიან უკან დავიხევთ და შეიძლება დავმარცხდეთ კიდეც...

სანდრო თვალჭრელიძე - რას ნიშნავს "ქართული ოცნების" წარმომადგენლების განცხადებები, რომ მის პოზიციას იზიარებენ? - არ ვიცი. არა მგონია, "ქართულ ოცნებაში" ძალიან მოსწონდეთ მისი ეს გამონათქვამები. საერთოდ, მმართველ ძალაში სალომე ზურაბიშვილისადმი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ბევრს ის სულაც არ მოსწონს, უბრალოდ, წინ ვერ აღუდგნენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ასე მგონია, ეს აზრთა სხვადასხვაობა ახლო მომავალში შეიძლება "ქართული ოცნების" დაშლის საბაბიც კი გახდეს...

სიმართლე გითხრათ, მაშფოთებს, სალომე ზურაბიშვილმა, როგორც პრეზიდენტმა, რა შეიძლება გააკეთოს და როგორ შეიძლება დაიწყოს რუსეთთან არშიყი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ვიმეორებ, "ქართულმა ოცნებამ" მხარდაჭერისთვის ყველაზე უარესი კანდიდატი შეარჩია.

- რას იტყვით სხვა კანდიდატებსა და მათ შანსებზე? - ჩემი აზრით, დიდი შეცდომა დაუშვა ოპოზიციამ, რომ ვერ მოახერხა გაერთიანება, შედეგად კი დღეს ამდენი კანდიდატი გვყავს. მიმაჩნია, რომ მეორე ტური გარდაუვალია. სალომე ზურაბიშვილთან ერთად, ბევრის აზრით, შეიძლება ვიხილოთ გრიგოლ ვაშაძე, თუმცა მე ასე არა მგონია... მეორე ტურში გასვლის შანსი სხვა კანდიდატებსაც აქვთ. ვნახოთ, რა იქნება...

- ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ მეტად არაპოპულარული ინიციატივა გაახმაურა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებიდან მოკლე ხანში ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება კანაფის მოყვანასა და ექსპორტს გეგმავს და ამისთვის საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს... - ჩემი აზრით, ეს არის სრული ნონსენსი. იმ დროს, როდესაც მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, სადაც მარიხუანის მოხმარება დაშვებულია, როდესაც თითქმის ყველგან მძაფრდება ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, ჩვენ ასეთ გამაოგნებელ ნაბიჯებს ვდგამთ!

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ შეიძლებოდა ამის გაკეთება საქართველოში, სადაც ასეთი მაღალია ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა, მით უფრო - ახალგაზრდებს შორის! ამ ვითარებაში მისი ლეგალიზაცია საქართველოს ახალგაზრდობის, ჩვენი მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია!

აი, კანაფის მოყვანის, მისი ექსპორტისა და ასე "ქვეყნის აშენების" იდეა ხომ საერთოდ გამაოგნებელია! ეკონომიკურად ავყვავდებით თურმე! ვინ და როგორ დაასკვნა ეს, რა გათვლებით?

საერთოდ, ვინმე რამეს თვლის ამ ქვეყანაში?! დილეტანტების დონეზეა ყველაფერი! კი, ბატონო, კანაფის მოყვანით გამდიდრდება ერთი ან ორი კაცი და ქვეყანა რას მიიღებს ამით?! მე და თქვენ რაში გამოგვადგება ეს?! მაინც რამდენი ადამიანი შეიძლება დაასაქმოს ამ ბიზნესმა?! გადავხედოთ, როგორ ვითარდებოდა დღემდე პროცესები: "გირჩის" აქტიურობა, პირდაპირ ეთერში კანაფის დათესვა და მოყვანა ისე, რომ სამართალდამცავებს ეძინათ, ღამის კლუბების დარბევა, მერე მიტინგები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება... აშკარად გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი ერთი ხელით იმართებოდა.

მარიხუანის თემა არის კარგად გათვლილი ბიზნესგეგმა, რომელიც მიმართულია გარკვეული ჯგუფის ბიზნესინტერესებისა და არა - სახელმწიფოს ინტერესების სასიკეთოდ. იცოცხლე, ბიზნესგეგმას კარგად წერენ და ახორციელებენ სტრატეგიის თუ ტაქტიკის მიმართულებით, მაგრამ ეს სახელმწიფოსთვის არაფრის მომცემია.

ხელისუფლება ბიზნესგეგმის შემუშავებაზე კი არა, ქვეყნის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე უნდა ზრუნავდეს! ვინმემ იცის ხელისუფლებაში, რომ სახელმწიფოს ეს სჭირდება?!

ხომ ნახეთ, ანაკლიაში, ფესტივალზე, წელს თუ შარშან რა მოხდა?! ადამიანები დაიღუპნენ... უამრავი მოხვდა საავადმყოფოში... მაგრამ რა? ამით ვინმე სწავლობს ჭკუას?! ახალგაზრდებში მაინც კაიბიჭობის, განსაკუთრებულობის ნიშანია ნარკოტიკის მოხმარება, რასაც ახლა სახელმწიფოც აქეზებს. ეს ძალიან ცუდია! საკუთარი ხელით ვუსპობთ ჩვენს ერს მომავალს!

- ზუგდიდის მერს, ლაშა გოგიასა და მის მოადგილეს თანამდებობიდან წასვლამ მოუწიათ მას შემდეგ, რაც გავრცელდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც, სავარაუდოდ, ლაშა გოგია და ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ, უფრო სწორად, ბიზნესმენი მერს მისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას სთხოვს... საქმეს სუს-ი იძიებს. გოგიაც და კვირკვიაც უკვე დაჰკითხეს... - ზუგდიდის საქმე ჯერ გამოსაკვლევია, ამიტომ შეფასება გამიჭირდება. ჩანაწერის ავთენტურობა უნდა დადგინდეს. თუ მართლაც აღებულია ქრთამი, გამოდის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მექრთამემ ბიზნესმენი "გადააგდო" და ის აყვირდა. მაგრამ ისმის კითხვა: რამდენი შეიძლება იყოს ისეთი გარიგება ქვეყნის მასშტაბით, როდესაც მექრთამე ჩინოსანიც და პრივილეგიის უკანონოდ მიმღებიც კმაყოფილია, საქმე კი - გაჩარხული? ვფიქრობ, ბევრი, თუმცა ჯერჯერობით არა ისეთი მასშტაბის, როგორიც, მაგალითად, კომუნისტების მართვის ბოლო წლებში იყო, როდესაც მთელი საზოგადოება რვაფეხასავით მოიცვა კორუფციამ. კორუფციის მთლად მოსპობა შეუძლებელია, განსაკუთრებით - რეგიონებში, სადაც ნათესაურ-ოჯახური კავშირები ბევრ რამეს წყვეტს, მაგრამ ხელისუფლება ამას მუდმივად უნდა ებრძოდეს.

სიმართლე გითხრათ, ზუგდიდის ამბავზე მეტად მაშფოთებს "ომეგა ჯგუფისა" და "იბერიის" გარშემო შექმნილი ვითარება. თუ გავრცელებული ჩანაწერები ლევან ყიფიანისა და ზაზა ოქუაშვილის მონაწილეობით ავთენტურია, მართლაც ძალიან დამაფიქრებელ და მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ისე, დასადგენია, ვინ იყო ასეთი საუბრის დაწყების ინიციატორი და ვინ ვინ ჩაწერა.

კატეგორიულად მიუღებელია, თუ რომელიმე მსხვილი ბიზნესმენი მედიასაშუალებას ხელისუფლების შანტაჟისთვის იყენებს და სახელმწიფოსგან ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის. თუმცა არანაკლებ მიუღებელია, თუ რომელიმე ჩინოსანი ან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი ბიზნესმენს უკანონო გარიგებას სთავაზობს და მისთვის ფულის გამოძალვას ცდილობს.

არა მგონია, "იბერია" ისეთი გავლენის ტელევიზია იყოს, რომ მის წინააღმდეგ ხელისუფლება მოქმედებდეს. აქ უფრო სხვა რამესთან გვაქვს საქმე. შეიძლება ეს უკავშირდებოდეს ვიღაცის ინტერესებს თამბაქოს ბიზნესში, შესაძლოა, სხვა რამ იყოს... ერთი ცხადია - ამ პროცესში ისევ აშკარად ჩანს ქურდული გარჩევის ნიშნები და ისიც, რომ ჩინოსანთა ძალიან მაღალ დონეზე კორუფციული გარიგებების მცდელობასთან გვაქვს საქმე.

- თქვენი აზრით, თუ ამ ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდა, ეს ხომ არ იქნება კიდევ ერთი ნიშანი, რომ ხელისუფლებაში თუ მის პარალელურად არსებობენ გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით ცდილობენ ზეწოლას როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ბიზნესზე?

- რასაკვირველია! ასეთი ჯგუფები რომ არსებობენ, ეს ეჭვგარეშეა და ეს არის ქართველი საზოგადოების მახასიათებელი. ჩვენში ბევრი დღემდე საქმის ჩრდილში მოგვარებას უფრო ცდილობს, ვიდრე - კანონის მიხედვით მოქმედებას. ეს აყალიბებს კიდეც ჩრდილოვან არეს. ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ თავის დროზე ეს ჩრდილოვანი არე შეიქმნა "ქართული ოცნების" წიაღში, ანუ გაჩნდნენ ადამიანები, რომელთაც თანამდებობა არ ეჭირათ, მაგრამ გაცილებით უფრო გავლენიანი იყვნენ და დღესაც არიან, ვიდრე მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები.

ეს შეიძლება სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ მასშტაბს გააჩნია. ჩვენთან ეს მასშტაბი მეტისმეტად დიდია და ამით გაჟღენთილია ყველა სახელისუფლებო შტო, მათ შორის - სასამართლოც. განსაკუთრებით შემაშფოთებელი კი ამ ჩრდილოვანი გავლენის მქონე ჯგუფებისადმი მართლმსაჯულების დამოკიდებულებაა.

არ მინდა, კონკრეტულად დავასახელო ადამიანები, რომელთაც ასეთი გავლენა აქვთ. ზოგი ამას მხოლოდ პირადი ინტერესებით იყენებს, ზოგი - კორპორაციული მიზნისთვის და ფსევდოსახელმწიფოს ასაგებად... საბოლოოდ კი ეს ყველაფერი სახელმწიფოს განვითარებას აფერხებს.

მიმდინარე პროცესები ერთიან მოცემულობად უნდა დავინახოთ. შეხედეთ, მარიხუანის შემთხვევაში ბიზნესინტერესები სახელმწიფოს ინტერესებსა და პატრიოტიზმზე მაღლა არ დადგა?! ან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა პირადი ინტერესების შესაბამისად არ გადაწყდა?

რატომ არ გამოიძიეს დღემდე "ხორავას საქმე" ისე, რომ კითხვა არავის დარჩენოდა?! აქაც ხომ ვიღაცის პირადმა ინტერესებმა აჯობა სახელმწიფოს ინტერესებს! ვის სჭირდება დღეს მიტინგები რუსთაველზე ან გორში? რას ფიქრობს ხელისუფლება? მას სჭირდება ეს?!

- მოგეხსენებათ, გასულ კვირას აქცია იყო გორშიც, სადაც საზოგადოება ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას აპროტესტებდა, უფრო სწორად - მისი გარდაცვალების გამოძიების პროცესს... ეს ამბავიც ბუნდოვანია... შსს აცხადებს, რომ ბიჭი მანქანამ გაიტანა, თუმცა ოჯახის ვერსიით, ის მოკლეს. ვის უნდა ვენდოთ? ქვეყანაში სამართლიანობის განცდა არ არსებობს, ვხედავთ, "ხორავას საქმის" გამოძიება სამართალდამცავებმა როგორ მიაფუჩეჩეს, ამიტომ ბუნებრივია, აღარ გჯერა სახელმწიფო უწყებების და ყველაფერში ეჭვი გეპარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს სიტყვას კი არა, საზოგადოებაში ლამის სასამართლოს გადაწყვეტილებას აღარ აქვს ფასი.

სამწუხაროდ, ქვეყანაში კანონი კი არა, პრეცედენტები და ინტერესები მეფობს. ზუსტად ეს არის დამახასიათებელი ისეთი საზოგადოებისთვის, სადაც მეჯლისს მთავრობა კი არ მართავს, არამედ - გავლენიანი დაჯგუფებები.

სიმართლე უნდა ითქვას - ეს ჩრდილოვანი გავლენა ახლა არ ჩამოყალიბებულა. 2000 წელს ამგვარი ჯგუფების კლასიფიკაციაც კი მოვახდინე. ეს არის დამახასიათებელი პოსტსაბჭოთა საზოგადოებებისთვის და მოდის გვიანდელი კომუნიზმის ეპოქიდან, როცა შეიქმნა შავი ბაზარი და მთელი ეკონომიკა იქ გადავიდა. ამის შეცვლას სჭირდება თაობების შეცვლა. ვიდრე ხალხი არ მიხვდება, რომ კანონის უზენაესობა მისთვის უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ასეთი ჩრდილოვანი გარიგებები, არაფერი შეიცვლება.

ჩვენთან უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ კანონით მოქმედება არ არის გარანტია, რომ დაცული იქნები, ამიტომ მაინც "კრიშა" გჭირდება და ეს საზოგადოებისთვის დამღუპველია.

მოკლედ, ეს სისტემა დიდი ხანია, მოქმედებს, ოღონდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს გავლენები სხვა ადამიანებზე ნაწილდებოდა, თუმცა თუ პოლიტიკური ნება იქნება, ამასთან ბრძოლაც შეიძლება და გამარჯვებაც. ნებასთან ერთად აუცილებელია გქონდეს გრძელვადიანი სტრატეგია, მაგრამ ჩვენს მთავრობას სტრატეგიის გათვლა როგორ შეუძლია, ამაზე ზემოთ ვისაუბრე...

თუ ეს სისტემა მთლიანად არ მოიშალა, თუ სახელმწიფო ჩინოსანმა ინტერესთა ჯგუფების ნაცვლად სახელმწიფოსთვის არ დაიწყო მუშაობა, ჩვენ სიღარიბეს ვერასდროს დავძლევთ!

ნათია დოლიძე