"ეს წრე აუციელბლად გაფართოვდება" - კვირის პალიტრა

"ეს წრე აუციელბლად გაფართოვდება"

ზაზა ოქუაშვილი იმ პირებზე საუბრობს, ვინც მასზე ზეწოლას ახორციელებდა

პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, რომელშიც, სავარაუდოდ, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი და სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ. საუბარი უკანონო გარიგებებს ეხება. ყიფიანი კომენტარს არ აკეთებს. ოქუაშვილის ვერსიით კი მას ტელეკომპანია "იბერიის" დათმობას სთხოვდნენ და სწორედ ამიტომ შეექმნა მის სიგარეტის მწარმოებელ კომპანიას პრობლემა.

51-მილიონიანი დავალიანება და ყადაღა

ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც საკითხის გახმაურების შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა, "ომეგა ჯგუფში" შემავალ სიგარეტის მწარმოებელ კომპანია შპს "ოჯთ"-ის" საგადასახადო დავალიანების სახით დღეის მდგომარეობით ერიცხება 51 მლნ 717 ათასი ლარი, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. ფინანსთა სამინისტროს ცნობით, თანხის გადაუხდელობის გამო ამჟამად კომპანიის მიმართ გატარებულია იძულებითი ღონისძიებები - ინკასო და ყადაღა. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, "ბიუჯეტის დავალიანება უნდა გადაიხადონ, გინდ ვიდეო ჰქონდეთ, გინდ აუდიო. ერთადერთი, რასაც ვადასტურებ, არის დავალიანება ბიუჯეტთან, რომელიც 3 წლის განმავლობაში იზრდებოდა. კეთილინებონ და გადაიხადონ".

"ომეგას" პრეტენზია და აუდიოჩანაწერები

"იბერიის" თანამშრომლები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ტელეკომპანიაზე ზეწოლის მოხდენას შეეცადა იმით, რომ სიგარეტის კომპანიას, რომელიც ტელეკომპანიის დამფინანსებელია, ფინანსური პრობლემები შეუქმნა და მრავალჯერადი მიმართვის მიუხედავად, არ მისცა მუშაობის გაგრძელების საშუალება.

ამის შემდეგ მედიაში გავრცელდა აუდიოჩანაწერები.

ერთ-ერთი ფარული ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლევან ყიფიანი და "ომეგა ჯგუფის" მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ 3 მილიონზე, რომლის ნაწილი ბიუჯეტში უნდა შევიდეს, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს "ომეგა ჯგუფმა".

ამ შინაარსის რამდენიმე ჩანაწერი გავრცელდა, ერთ-ერთ მათგანში ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სახელი, როგორც პრობლემის მთავარი მომგვარებლის. პირველი ჩანაწერის გავრცელების შემდეგ მან გაავრცელა მიმართვა, სადაც უარყო ამ საქმესთან კავშირი და პროკურატურას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდა.

ჩანაწერების გავრცელების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მედიასაშუალებებში გავრცელებული ჩანაწერები უკვე გამოითხოვეს ტელევიზიებიდან.

ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი გამოკითხვაზე არიან გამოძახებული. ლევან ყიფიანი, რომელიც ამჟამად თბილისში არ იმყოფება, გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში, ხოლო ზაზა ოქუაშვილი მზად არის გამოძიებასთან სათანამშრომლოდ. მან ტელეკომპანია "იბერიისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისში ჩამოსვლას თვის ბოლოს მოახერხებს, როდესაც ბრიტანეთში საქმეებს მოაგვარებს.

ზაზა ოქუაშვილის მეუღლე, პარლამენტარი ნატო ჩხეიძე, რომელიც თბილისში იმყოფება, აცხადებს, რომ ის გამოძიებას არ ენდობა. მისივე განცხადებით, "ომეგა ჯგუფმა" უკვე მიმართა ბრიტანეთის სასამართლოს და ხელისუფლებას კომპანიისთვის პასუხის გაცემა ბრიტანეთში მოუწევს.

ლევან ყიფიანი და პასუხგაუცემელი კითხვები

მას შემდეგ, რაც ჩანაწერები გავრცელდა, ყველაზე აქტუალური კითხვაა, თავად ის პირები, ვინც ჩანაწერებში ფიგურირებენ, რას ამბობენ. თუმცა ლევან ყიფიანმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა და გამოძიების დაწყების შემდეგ "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მან "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭო დატოვა.

ბესო ალადაშვილი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში: "საკითხი უნდა გავყოთ როგორც კრიმინალური თემა და ფინანსური დავა, რომელსაც, ცხადია, ვერ შევეხები. რაც შეეხება ჩანაწერს, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.ეს იმას ნიშნავს, რომ არის სერიოზული პრობლემა ორი პირის საუბრის ჩაწერასა და გავრცელებაზე. ეს უკვე არის დანაშაულის ნიშნების შემცველი, თუმცა გამოძიება იმისთვის მიმდინარეობს, რომ გამოკითხოს ორივე პირი, არის თუ არა საუბარი ნამდვილი, ვინ გააკეთა ჩანაწერი და შემდგომ ვინ გაავრცელა. თუ საუბრის ფიგურანტების პასუხი უარყოფითი იქნება, მაშინ ჩანს, მესამე პირი იწერდა მათ საუბარს და მერე კონკრეტული მიზნებისთვის გაავრცელა.

- ჩანაწერიდან რისი დასკვნის გაკეთება შეიძლება? ეტყობა, ჩანაწერს თუ არა, რომ რომელიმე მხარე მიზანმიმართულად ლაპარაკობს, რომ მისთვის სასურველი ჩანაწერი გაკეთდეს?

- ეს გამოძიების დასადგენია. თუ რომელიმე მხარემ წინასწარგანზრახვით ჩაწერა საუბარი, მაშინ გასაგები იქნება, რომ მას უკვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რაღაც მიზნებისთვის გამოეყენებინა ჩანაწერი. ჯერ ისიც კი არ ვიცით, ჩანაწერი ავთენტურია თუ არა. საკითხავი ისიც არის, თუ ნამდვილია, ვისთვის უფრო დამაზიანებელი იქნებოდა მისი გავრცელება. ძალიან ბევრი ფაქტორია, რაც სწორედ გამოძიებამ უნდა დაადგინოს".

მეორე საკითხია, თუ როდის გაკეთდა ჩანაწერები.

პირველი ჩანაწერის გავრცელების შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ჩანაწერი 5 წლის წინ არის გაკეთებული, რასაც საზოგადოებისა და თავად "იბერიის" უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან იმ დროს "იბერია" არ ფუნქციონირებდა.

საინტერესოა, რომ ამ საკითხზე საუბრისას "რუსთავი 2"-თან ნატო ჩხეიძემ მიმდინარე წლის ივნისი და აგვისტო ახსენა. თუმცა სხვა მედიასაშუალებებთან კომენტარებში თარიღი აღარ დააკონკრეტა და მხოლოდ ის თქვა, რომ ბოლო პერიოდში პირადად მან და ზაზა ოქუაშვილმა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ჩააყენეს საქმის კურსში.

აღსანიშნავია, რომ "იბერიისთვის" 14 სექტემბერს მიცემულ ინტერვიუში ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ ჩანაწერი ნამდვილია: "ფაქტი, რომ შესწავლა დაიწყო, ნამდვილად კარგია. თუმცა გაკვირვებას იწვევს ის, რომ რამდენიმე დღე იყო ტელევიზიებში ამაზე საუბარი, ხოლო გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ამ საკითხზე ერთ-ერთი პირის მიმართვა მოვისმინეთ. მე, როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ, მინდა განვაცხადო, რომ გარკვეული დროის წინ ასევე იყო ქმედება თანხის წაღებასთან დაკავშირებით და ეს ყოველივე ამ პროცესების ერთ მთლიან ჯაჭვს წარმოადგენს... ფაქტების შესახებ ჩვენ სულ ვსაუბრობდით, იმდენია, რომელი ფაქტიდან უნდა დავიწყოთ, ამორჩევაც კი ძნელია. მე როგორც ვფიქრობ, ეს ერთი მთლიანი ჯაჭვია და ამიტომ ვაკეთებ ახლა ამ საკითხზე საჯარო განცხადებას. ეს ბოლო რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს, შეიძლება ითქვას, "ომეგა" წნეხში იყო... ყიფიანი საუბრობდა და რატომ მხოლოდ ყიფიანი, ის მხოლოდ შემსრულებელი იყო და არა მთავარი მოქმედი ძალა... თუმცა მას ჰქონდა საკმაოდ ძლიერი ორგანიზატორული ნიჭი და პასუხისმგებლობა ამ საკითხზე... ეს წრე აუცილებლად გაფართოვდება"."

მოამზადა რუსა მაჩაიძემ