ჯონ ტეფტი: "ჩემთვის ნათელი იყო, რომ რუსეთი რაღაცას ამზადებდა" - კვირის პალიტრა

ჯონ ტეფტი: "ჩემთვის ნათელი იყო, რომ რუსეთი რაღაცას ამზადებდა"

"რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება საუბარი, როცა ჯარებს გაიყვანს ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან"

"კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში 2008 წლის ომი გაიხსენა, შეიძლება ითქვას, ამერიკული დიპლომატიის ცოცხალმა ლეგენდამ  - ჯონ ტეფტმა. "მაკკეინის ინსტიტუტისა" და "ეკონონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მიერ ორგანიზებულ 2-დღიან კონფერენციაზე "მსოფლიო თავდაყირა" სიტყვით გამოსვლისას ტეფტმა საქართველოზე საკუთარ მოგონებებზე ისაუბრა. აშშ-ის ყოფილი ელჩი ლიეტუვაში, საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში ამბობს, რომ ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, არასდროს შეჰპარვია ეჭვი იმაში, თუ ვინ დაიწყო ომი.

- გუშინწინ აეროპორტიდან რომ მოვდიოდით, შევამჩნიე, რომ თბილისში ახლა უამრავი მანქანაა და ბევრად უარესი საცობები, ვიდრე ჩემს დროს იყო. თბილისის ტურისტული არეები ლამის გაუვალ ადგილებად იქცნენ. მაგრამ თუ გავიხსენებთ 90-იან წლებს, სამოქალაქო ომს და ასე შემდეგ, ძალიან შთამბეჭდავია, თუ რამდენს მიაღწია საქართველომ დროის ასეთ მოკლე პერიოდში. რა თქმა უნდა, გაქვთ გადაუჭრელი პრობლემებიც: მითხრეს, რომ მოსახლეობის 20 პროცენტი ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, რომ მთავრობას გამუდმებით აკრიტიკებენ ამა თუ იმ მიზეზის გამო და ა.შ. მაგრამ საქართველო მაინც დემოკრატიად რჩება, ვითარდება. თქვენს ქვეყანას ძალიან გაუმართლა, რომ დღეს საქართველოსა და უკრაინას ამერიკელების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ.

- გაგვიმართლა თუ დავიმსახურეთ? - ვფიქრობ, მეტწილად ეს თქვენ დაიმსახურეთ და ამ თქვენში ვგულისხმობ ქართველ ხალხს და არა რომელიმე კონკრეტულ პერიოდს, მთავრობას ან პრეზიდენტს. ძალიან გამიხარდა, როდესაც სხვადასხვა პარტიის რამდენიმე ქართველმა პოლიტიკოსმა მითხრა, რომ პრორუსული პარტიების რეიტინგი დღეს 10 პროცენტს არ აღემატება, მიუხედავად იმ პროპაგანდის კასკადისა, რომელიც რუსეთიდან ატყდება თავს ქართველ ხალხს.

- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს თქვენ საქართველოში იყავით, როგორ გაიხსენებთ იმ დღეებს? - გულწრფელად გეტყვით, ამ ყველაფერზე წიგნის დაწერას ვაპირებ და არ მინდა დეტალებზე ნაადრევად ლაპარაკი. მხოლოდ ერთს ვიტყვი - ჩემთვის ნათელი იყო, რომ რუსები რაღაცას ამზადებდნენ: მთელი ეს საჯარისო ნაწილები, რკინიგზის ინციდენტი და მსგავსი პროვოკაციები კარგს არაფერს მოასწავებდა. მაშინ, ისევე როგორც დღეს, ეჭვი არ მეპარებოდა, რომ შემდგომ განვითარებული კონფლიქტის ფესვები სწორედ ამ გამუდმებული ზეწოლის პერიოდში უნდა ვეძებოთ. განსაკუთრებით, თუ იმ პერიოდს დღევანდელი გადმოსახედიდან შეხედავთ, როდესაც უკვე ვიცით, რას სჩადის რუსეთი უკრაინაში, ცხადია, ეს იყო განუყოფელი ნაწილი იმ ზოგადი სქემისა, რაც რუსეთს ჰქონდა: აღედგინა საკუთარი კონტროლი იმ ტერიტორიაზე, რომელსაც რუსები ახლო აღმოსავლეთს უწოდებენ.

- შეიძლება თუ არა ითქვას, რომ დასავლეთი ამას არ ელოდა და რუსეთმა მოულოდნელად გამოგიჭირათ? - ჩვენ ვიცოდით, რომ ტემპერატურა დუღილის წერტილს აღწევდა. გაუკვირდათ თუ არა ეს ვაშინგტონსა თუ ევროპაში, ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენთვის ეს მოულოდნელობა არ ყოფილა. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ეს ომი მოხდა მაშინ, როდესაც მისთვის ნაკლებად ეცალათ: ბუშის ადმინისტრაცია ჯერ კიდევ ერაყსა და ავღანეთზე იყო კონცენტრირებული, მიმდინარეობდა ოლიმპიადაც და ყველას ყურადღება ამისკენ იყო მიპყრობილი. მაგრამ ჩვენთან, საელჩოში, ეს ნამდვილად არ იყო მოვლენათა მოულოდნელი განვითარება და ჩვენ სრულ ინფორმაციას ვაწვდიდით ვაშინგტონს რუსეთის ქმედებებზე აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთში.

- შეიძლებოდა თუ არა ომის თავიდან აცილება? - ვიცი, რომ არის ხალხი, ვინც პრეზიდენტ სააკაშვილს აკრიტიკებს ცხინვალში საჯარისო ნაწილების გაგზავნის გამო, აცხადებენ, რომ ეს არ უნდა გაეკეთებინა. მეორე მხრივ, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ახლახან "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში გაიხსენა სატელეფონო საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან, სადაც ამ უკანასკნელმა, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდის ოფიციალური ხაზი ამტკიცებდა, რუსეთი მხოლოდ მშვიდობის აღსადგენად, საბრალო ოსების დასაცავად მოქმედებსო, რაისს პირდაპირ უთხრა, რომ ისინი მთავრობის ჩამოგდებას აპირებდნენ. ვფიქრობ, ლავროვის აღიარებიდან გამომდინარე ცხადი ხდება, რომ რუსეთი სწორედ ამას გეგმავდა. არასოდეს გამჩენია კითხვა, ვინ მოახდინა ომის პროვოცირება და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემს სიმართლეში.

- მინდა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე გკითხოთ - ეს დღევანდელი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. - ნორმალიზებაზე მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება საუბარი, როცა რუსეთი ჯარებს გაიყვანს ე. წ. სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან. ამ რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად გამოცხადება სისულელე იყო. ვფიქრობ, ურთიერთობის ნორმალიზებისათვის რუსეთის მთავრობამ უკან უნდა გადადგას ნაბიჯი და სტატუს კვოს დაუბრუნდეს.

მოამზადა ვაჟა თავბერიძემ