"კანაფის მოყვანა-წარმოების საკანონმდებლო პაკეტზე ვიდრე ფართო კონსენსუსი არ იქნება, ჩვენ მის განხილვას არ დავიწყებთ" - კვირის პალიტრა

"კანაფის მოყვანა-წარმოების საკანონმდებლო პაკეტზე ვიდრე ფართო კონსენსუსი არ იქნება, ჩვენ მის განხილვას არ დავიწყებთ"

კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ვიდრე ფართო კონსენსუსი არ იქნება, ჩვენ მის განხილვას არ დავიწყებთ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მდინარაძე ამბობს, რომ “საერთო კონსესუსის მიღწევამდე განხილვა შეჩერდება“.

“მოგეხსენებათ, რომ შს სამინისტროს ინიციატივა ორი ნაწილისგან შედგება. მათ შორის პირველი, რომელიც მარიხუანას მოხმარებაზე მკაცრ რეგლამენტაციას ითვალისწინებს, საჩქაროა და პარლამენტი მას მომავალ კვირაში განიხილავს. რაც შეეხება მცენარე კანაფის წარმოება-რეალიზაციას სამედიცინო და კოსმეტიკური პროდუქციის წარმოებისათვის, ეს ნამდვილად არ არის სასწრაფოდ გადასაწყვეტი საკითხი. ამავე დროს, გადაწყვეტილებაზე, რომელზეც კითხვის ნიშნები ჩნდება, საჭიროა საზოგადოების მაქსიმალური ინფორმირებულობა. პროექტს ჩვენ არ მივიღებთ საზოგადოებასთან ფართო კონსენსუსის გარეშე. ამიტომ ამ საკითხის განხილვა გადაიდება და პარლამენტი მის განხილვას დროებით შეაჩერებს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ მამუკა მდინარაძემ.

საკითხს დღეს სპეციალური განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. კობახიძის განცხადებით, პარლამენტი სწრაფად განიხილავს იმ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც მარიხუანას მოხმარების რეგლამენტაციას ეხება. რაც შეეხება კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, კობახიძის განცხადებით, პაკეტის განხილვის პროცედურა მას შემდეგ დაიწყება, რაც გაიმართება ფართო კონსულტაციები საზოგადოებასთან.

მარიხუანას თემაზე ორი - ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს ინიცირებისთვის ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.

"ინტერპრესნიუსი"