"ირანელები იმედის მზერას ისტორიულად საოცნებო ქვეყანას აპყრობენ" - რატომ მოდიან ირანელები საქართველოში? - კვირის პალიტრა

"ირანელები იმედის მზერას ისტორიულად საოცნებო ქვეყანას აპყრობენ" - რატომ მოდიან ირანელები საქართველოში?

ამერიკულ გამოცემაში «Al-Monitor» გამოქვეყნდა სტატია, სათაურით: "რა იზიდავთ ირანელებს საქართველოში?", რომლის ავტორიც რუჰოლა ფაგიჰია.

სტატიაში ვკითხულობთ: "ირანელები, რომლებთაც ქვეყანაში დღეს არსებული ეკონომიკური სიტუაცია "ყელში აქვთ ამოსული", იმედის მზერას ისტორიულად საოცნებო ქვეყანას აპყრობენ: საქართველო მათთვის ევროპაში გასასვლელ კარს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც ორ სახელმწიფოს შორის 2016 წელს უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, კავკასიურ ქვეყანაში წამსვლელ ირანელთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. უკვე ბევრი ირანელი ფიქრობს საქართველოში დამკვიდრებას, სადაც საცხოვრებელი ბინის ქირა, ცხოვრების ღირებულება და ინფლაციის დონე (2,8%) ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ირანში (9,4%).

როგორც საქართველოში ირანის ელჩის სეიედ ჯავად ყავამშაჰიდის მიერ 24 აგვისტოს გაცხადებული მონაცემები მოწმობს, უვიზო რეჟიმის შეთანხმებაზე ხელმოწერამ ხელი შეუწყო ირანელთა დაინტერესებას საქართველოს მიმართ და შედეგმაც არ დააყოვნა: ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყანას 323 ათასი ირანელი ეწვია და თუ ასეთი ტემპი გაგრძელდება, მომავალ წელს რაოდენობა შეიძლება ერთ მილიონამდე გაიზარდოს.

ირანელების ინტერესი საქართველოსადმი ნაწილობრივ ორი ქვეყნის ისტორიული და კულტურული ურთიერთობების სპეციფიკით არის გამოწვეული: დღევანდელი საქართველო მე-19 საუკუნემდე გარკვეულ პერიოდებში სპარსეთის იმპერიის სიუზერენიტეტის ქვეშ იმყოფებოდა. XVI საუკუნეში სეფევიდების დინასტიის გავლენიანმა შაჰმა თამაზ I-მა ტყვედ ჩაიგდო და სპარსეთში წაიყვანა 10 ათასობით ქართველი, რომლებმაც მოგვიანებით ერთობ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს იმპერიის სამოქალაქო და სამხედრო ბიუროკრატიაში.

მაგრამ ირანელთა უმეტესობისათვის საქართველოს მიმართ გაჩენილ ინტერესს უფრო ეკონომიკური საფუძველი აქვს, ვიდრე კულტურული. ამერიკის მიერ გამოცხადებულმა სანქციებმა ირანელთა ცხოვრების დონის დაცემა და მათი მსყიდველობითი უნარის შემცირება გამოიწვია და ამიტომ ჩვეულებრივი მოქალაქეები, განსაკუთრებით კი საშუალო ფენის წარმომადგენლები ამ მეზობელ ქვეყანაში ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ: ისინი თავს შედარებით დაცულად იგრძნობენ - არ დაზარალდებიან ეკონომიკური სიტუაციისა და დასავლური ემბარგოსაგან.

ირანელების მომრავლებამ საქართველოში თვით ირანის პოლიტიკური წრეების ყურადღებაც მიიპყრო: პარლამენტის წევრმა მეჰრად ლაჰუთიმ შეშფოთება გამოხატა, რომ ირანის მოქალაქეები ინვესტიციების ჩადებას, სამშობლო ქვეყნის ნაცვლად, საქართველოში ცდილობენ. ადგილობრივი მასმედიის ცნობით, 26 აგვისტოს დეპუტატს ასე უთქვამს: "ადრე ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ინვესტიციებს მხოლოდ მდიდარი ირანელები დებდნენ, ახლა ამას თითქმის ყველა ფენის წარმომადგენელი აკეთებს. რამდენიმე დღის წინ ქიმწმენდაში ვიყავი და მფლობელმა მითხრა, საქართველოში სახლი ვიყიდეო".

თეირანის ტურისტული კომპანიები, რომლებიც ირანის მოქალაქეებს საქართველოში ბინადრობის უფლების მიღებაში ხელს უწყობენ, აცხადებენ, რომ თხოვნების რაოდენობამ იმატა. მიზეზების გასარკვევად Al-Monitor-ის კორესპონდენტი ესაუბრა თეირანში არსებული რამდენიმე კომპანიის თანამშრომლებს.

კომპანია Ayene-ს კონსულტანტის მაჰსა სეიედის თქმით, საქართველოში ირანელები იმიტომ მიდიან, რომ მოკლევადიანი ყოფნისათვის ვიზა საჭირო არ არის და იქ ბინადრობის მოწმობის მიღება ძალიან ადვილია. მაჰსა სეიედმა განმარტა, რომ ბევრი ირანელი, რომლებსაც საქართველოში ბინადრობის უფლების მიღება სურთ, პირველ რიგში უძრავ ქონებას ყიდულობენ: "თბილისში საცხოვრებელი ბინის ყიდვა 35 ათას დოლარად შეიძლება. გარეუბნებში უფრო იაფადაც შეიძენთ. უძრავი ქონების ყიდვის შემდეგ თქვენ გეძლევათ ბინადრობის უფლება ერთი წლის ვადით. თუ ასე ექვსი წლის განმავლობაში გააგრძელებთ, თქვენ უკვე მუდმივი ცხოვრების უფლებასაც მიიღებთ".

როგორც კონსულტანტმა აღნიშნა, ადგილობრივი მცხოვრებლები ძალიან სტუმართმოყვარენი არიან და ირანელთა მიმართ რაიმე წინასწარ შექმნილი ნეგატიური აზრი არ აქვთ: "ქართველები უცხოელებს კარგად ეპყრობიან. მე პირადად არანაირი საჩივარი არ გამიგია ირანელებისაგან მათი ცუდი დამოკიდებულების თაობაზე".

2017 წლის მარტის ბოლოდან ქართველებმა ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის უფლება მიიღეს. ამ ფაქტმა იმის იმედი გააძლიერა, რომ 2020 წლისათვის საქართველოს მოქალაქეებს და მათ, ვისაც საქართველოში ცხოვრების უფლება აქვთ, ევროპის ქვეყნებში არამარტო მოგზაურობის, არამედ მუშაობის, სწავლის და ჩასახლების უფლებაც ექნებათ.

კომპანია Georgia Amlak-ის კონსულტანტი მოჰსენ სალმანი Al-Monitor-თან საუბარში ამბობს, რომ "ისინი, ვისაც საქართველოში წასვლა სურთ, პირობითად ორ ჯგუფად შეიძლება დავყოთ. პირველ ჯგუფს ბინადრობის უფლების მიღება და საქართველოში ცხოვრება სურთ, რათა ეკონომიკური პრობლემების შიში აღარ ჰქონდეთ და აშშ-ის მუდმივის სანქციების ქვეშ აღარ იყვნენ. მეორე ჯგუფს იმედი აქვს, რომ საქართველოში ბინადრობის უფლების მიღება მათ ევროპაში ცხოვრების უფლების მიღებაშიც დაეხმარება, თუ, რასაკვირველია, საქართველო შენგენის ზონის ნაწილი გახდება 2020 წლისათვის... ეს საკმაოდ მომხიბლავი ფაქტორია, რომელიც ირანელებს საქართველოში იზიდავს. იმ დროს, როცა ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები ვიზის გაცემის ვადებს ამკაცრებენ, საქართველო ღია კარის როლს ასრულებს იმ ირანელებისათვის, რომლებსაც ევროპის ქვეყნებში წასვლა შედარებით უფრო იოლად სურთ, რიგი საელჩოების მიერ დაწესებული ბარიერების გარეშე".

Al-Monitor-ის კორესპონდენტი ესაუბრა თეირანის ჩრდილოეთ ნაწილში არსებული რესტორნის ყოფილ მენეჯერს ეჰსან ზაჰირს, რომელმაც თქვა:

"მე საქართველოში გასულ წელს ვიყავი, რათა გამეგო, რა ქვეყანაა ისეთი, სადაც ბევრს სურს წასვლა-მეთქი. ჰოდა, ოთხი თვის წინათ იქ ბინის ყიდვა გადავწყვიტე. ეკონომიკა ვითარდება, ცხოვრების ფასი ნორმალურია. ირანისაგან განსხვავებით, საქართველოში ცხოვრების დროს ფულის დაზოგვაც შეიძლება, ბინადრობის უფლების მიღებაც უზრუნველყოფილია, რაც შენგენის ზონაში დაშვების იმედს მაძლევს 2020 წლისათვის. მე ევროპაში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობა მექნება".

მართალია, ვიზალიბერალიზების შეთანხმების მიხედვით, შენგენის ზონის ქვეყნებში წელიწადში 180 დღით ყოფნის უფლება მხოლოდ ქართული პასპორტის მფლობელებს აქვთ, თეირანში საიმიგრაციო საკითხთა კონსულტანტები ირანელებს არწმუნებენ - საქართველოს მოქალაქეობის მიღება ძალიან მარტივია, თუ იქ ბინადრობის მუდმივი უფლება გექნებათო.

მაგრამ ირანის ელჩი სეიედ ჯავად ყავამშაჰიდი ყველას აფრთხილებს, რომ საიმიგრაციო კომპანიების დაპირებები საქართველოში ცხოვრების უფლების იოლად მიღების თაობაზე ხშირად თაღლითობას წარმოადგენს: "საქართველოში უძრავი ქონების შეძენა არ იძლევა ამ ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების გარანტიას". როგორც მან "ბი-ბი-სი"-ს ინტერვიუში განაცხადა, ირანის ბევრმა მოქალაქემ, რომლებმაც საქართველოში ბინადრობის უფლება დროებით მიიღეს, მისი ვადების გაგრძელება ვეღარ შეძლეს.

ირანის მოქალაქეების საქართველოში მიგრაციის მიზეზების განმარტებისას, ირანისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ირანული მხარის თავმჯდომარემ ფატემეჰ მოქიმმა 3 აგვისტოს, ადგილობრივი მასმედიის წარმომადგენლების კითხვას, თუ რატომ დებენ ირანელები ინვესტიციებს საქართველოში, ასე უაპასუხა: "საქართველოს ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია, ინვესტორები თავს დაცულად გრძნობენ. გარდა ამისა, ბინადრობის უფლების მიღებისას მათ ევროპის ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობაც შედარებით იოლად უჩნდებათ".

ამავე დროს ფატემეჰ მოქიმმა ირანელებს სიფრთხილისაკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ "დიდი შვიდეულის" მიერ 1989 წელს შექმნილი ფინანსური ოპერაციების კონტროლისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სამუშაო ჯგუფი ირანისაგან ცხრა პუნქტის შესრულებას მოითხოვს და მას არ დაეთანხმება, ქვეყანა "შავ სიაში" აღმოჩნდება, რაც საბანკო ანგარიშებზე ნეგატიურად იმოქმედებს. "ეს ნიშნავს, რომ ირანელი მოქალაქეების მიერ საქართველოში ფულის შეტანა უპრობლემო არ იქნება და თუ იქ ირანელები საბანკო ანგარიშებს მაინც გახსნიან, მომავალში შეიძლება მათ პრობლემები შეექმნეთ", - განაცხადა ფატემეჰ მოქიმმა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ