ზურაბიშვილი: "საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო - ცხადია, რუსეთმა და რატომ?" - კვირის პალიტრა

ზურაბიშვილი: "საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო - ცხადია, რუსეთმა და რატომ?"

საქართველოს გათავისუფლება იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მისი საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მის მხარდამჭერებზე ზეწოლა მიმდინარეობს.

"მე მინდოდა ევროპული კამპანია, ზრდილობა და მომავალზე მსჯელობა და ამას ვიზავ. მაგრამ თურმე ჯერ ყველაფერი უნდა აირიოს და ამისი უფლება არ უნდა მოგვცენ იმათმა, ვისაც წარსულში დაბრუნება უნდათ იმ იმედით, რომ თვითონაც დაბრუნდებიან. მაგრამ იმათმა იციან მხოლოდ ერთი რამ, რაც არის საბჭოთა კავშირის დანატოვარი - დასმენა, ტყუილი, შავი პიარი, მოსმენები, მუქარა. არ ვაპირებდი ამ ყველაფერზე პასუხს. ახლა დაიწყო თავდასხმა მხარდამჭერებზე, ცილისწამება, მუქარა, რომ აღარ გამოგიყვანთო ტელევიზიით. გადავწყვიტე, რომ დრო იყო ეს ყველაფერი ერთხელ და სამუდამოდ დასრულებულიყო. ეს სპეკულაცია ერთად უნდა დავასრულოთ. რუსეთის მიმართ ჩემი დამოკიდებულება უცვლელია 60 წელზე მეტია უკვე. საქართველოს გათავისუფლება იყო, არის და იქნება ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრების მთავარი მრწამსი, მიზანი და ოცნება, მისი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა. ვისგან დაცვა ხომ არ მეტყვით? - რუსეთისგან.

რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი; 1921 წელს, როცა დაარღვია 1920 წელს აიარებული სუვერენობა და რის გამოც ჩემები წამოვიდნენ და დავიბადე საფრანგეთში. აგრესორი და ოკუპანტია 2008 წლიდან, როცა კიდევ ერთხელ დაარღვია ის, რაც მე ძალიან კარგად ვიცი, ყველა საერთაშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ სუვერენობას და დამოუკიდებლობას.

მეორე თემა - საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო - ცხადია, რუსეთმა და რატომ?- რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით. საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასოდეს არ შეჭრილა, არასოდეს არ მოუხდენია აგრესია. ეს არის ისეთი ელემენტარული, როგორც 1+1 არის 2. ამაზე ვინ შეიძლება დავობდეს? ამაზე მე არასდროს მითქვამს, ამაზე არ ვმსჯელობდი. არც მე და არცერთი ქართველი არ დაუშვებს თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო",- განაცხადა ზურაბიშვილმა.