"თუკი მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ ამოდიოდეს ბოლი, ეს აუცილებელი არ არის" - კვირის პალიტრა

"თუკი მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ ამოდიოდეს ბოლი, ეს აუცილებელი არ არის"

თუკი მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ ამოდიოდეს ბოლი, ეს აუცილებელი არ არის, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების იმ ნაწილთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით, მსახიობის მიერ თამბაქოს მოწევა დასაშვები ხდება სპექტაკლის მიმდინარეობისას, რეჟისორის შემოქმედებითი ჩანაფიქრის განხორციელების მიზნით.

"თეატრის დროს, მხატვრული ჩანაფიქრისთვის იმის ჩვენება, რომ სიგარეტი უჭირავს, საკმარისია და ბოლის გაშვება აუცილებები არ არის. რაც უნდა ის დაიჭიროს, მაგრამ ზიანი სხვას არ უნდა მიაყენოს. თუკი მსახიობი სტალინის როლს თამაშობს, დაიჭერს ჩიბუხს, მაგრამ ამოდიოდეს ბოლი, ეს აუცილებელი არ არის, ამიტომ მიმაჩნია, რომ მხატვრულ-შემოქმედებითი განზრახვებიდან გამომდინარე, ეს აუცილებლობა არ არის. ასევე უკან დახევაა, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით დაშვებული გამონაკლისი და ამ ნაწილში კანონპროექტისთვის მხარის დაჭერა ძალიან გამიჭირდება", - განაცხადა გუგული მაღრაძემ.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც თამბაქოს მოხმარების კუთხით დაწესებული შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები გარკვეულწილად მსუბუქდება.

ამ მიმართულებით “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტი კომიტეტის წევრებს აკაკი ზოიძემ გააცნო. როგორც დეპუტატმა განმარტა, თამბაქოსთან დაკავშირებით მიღებულმა აკრძალვებმა და რეგულაციებმა პრაქტიკაში, აღსრულების კუთხით გარკვეული ხარვეზები გამოავლინა, რამაც კანონებში ცვლილებების შეტანის საჭიროება წარმოშვა.

"ინტერპრესნიუსი"