"მარიხუანას თემაზე კითხვები მეც მაქვს, როცა ეკლესია ასე ღელავს, მიზეზებზე უნდა დავფიქრდეთ, რაშია საქმე?" - კვირის პალიტრა

"მარიხუანას თემაზე კითხვები მეც მაქვს, როცა ეკლესია ასე ღელავს, მიზეზებზე უნდა დავფიქრდეთ, რაშია საქმე?"

"რუსეთი დამნაშავეა თავის აგენტ სააკაშვილთან ერთად"

საპატრიარქოს მწვავე პროტესტის შემდეგ მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტის საკითხზე "ქართული ოცნება" კონსულტაციებს იწყებს. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა თავად "ქართულ ოცნებაში", თუმცა გახდება თუ არა ეს პარტიაში მორიგი დაპირისპირების მიზეზი, უცნობია. საპარლამენტო უმრავლესობის, ერთ-ერთი კონსერვატორი წევრი, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი ამბობს, რომ მარიხუანას თემასთან დაკავშირებით მთელი რიგი კითხვები აქვს. მაგრამ იმედი აქვს, რომ მისი კოლეგები ამ საკითხს ფართო კონსენსუსის შემდეგ მიიღებენ.

თუ რა კითხვები აქვს პაპუაშვილს მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებით და რას ფიქრობს, საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ბოლო დროინდელ განცხადებებზე? - ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:

- მარიხუანას თემაზე ქვეყნის მოსახლეობის ასეთი რეაქცია კი არ უნდა გაგვიკვირდეს, პირიქით, უნდა გაგვიხარდეს. ეს აჩვენებს, რომ საქართველო ცოცხალი ორგანიზმია. გარკვეული იმპულსები, ნერვიულობა კი ამის თანმდევია. აბა, წარმოგიდგენიათ, კანონები მივიღოთ და ამაზე ხალხს რეაქცია არ ჰქონდეს?

მარიხუანას კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვები მეც მაქვს.

ამიტომ ყველა მოსაზრება რაც ისმის, გასათვალისწინებელია, ვიღაცის გასანადგურებლად ან ნიშნის მოგებისთვის ხომ არ უნდა მივიღოთ.

კანონი უნდა მივიღოთ ისეთი, რომელიც ყოფას გაგვიადვილებს, ბედნიერს გაგვხდის და გაგვაერთიანებს. კანონი, რომელმაც შეიძლება ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვიოს, დასაფიქრებელია.

ასე, რომ ამ თემასთან დაკავშირებით კითხვები, რომელიც ჩვეულებრივ მოქალაქეს აქვს, მეც მაწუხებს - რა ბაზარზე ვლაპარაკობთ, რა მაგალითები გვაქვს და ა.შ...?

მაგრამ ვფიქრობ, ჯერ ბევრი ფასეულობა გვაქვს, თუნდაც ბუნებრივი რესურსები გვაქვს გამოუყენებელი და უცებ მარიხუანას საკითხის წამოწევა, უცნაურია, ამან უფრო მეტი კითხვები გააჩინა.

- ერთ-ერთი ვერსიით, ამ საკითხს ბიძინა ივანიშვილი "კრიშავს", თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

- ასეთ შეფასებებს აბსოლუტურად ვემიჯნები. ადრეც მკითხეს - იქნებ ამაში ვინმე მთვარობის წევრის ინტერესიაო და ვუთხარი, რომ პარლამენტში იმისთვის, არ ვარ, რომ ვიღაცის ბიზნესინტერესების გამო ღილაკს ხელი ვაჭირო. ასე რომ ფორმულირებას, თითქოს ეს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესია და იგი ვიღაცას კანონის მიღებას აძალებს, არ ვიზიარებ.

- და რა გარანტია არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ან თუნდაც მთავრობის სხვა წევრები ამ ბიზნესს სათავისოდ არ გამოიყენებენ. მით უფრო, რომ ტენდერებთან დაკავშირებით ამის არა ერთი მაგალითი გვაქვს?

- კითხვა ლეგიტიმურია და პასუხი ისე უნდა გაეცეს, რომ ეს კითხვა დღის წესრიგიდან მოიხსნას...

ეკლესია რომ არ იყოს, საქართველო არ იქნებოდა. ეს ერთგვარი მდინარეა და მდინარე როდესაც დიდდება და კალაპოტიდან გადმოდის, როცა ეკლესია ასე ღელავს, მიზეზებზე უნდა დავფიქრდეთ, რაშია საქმე?

როდესაც რიგ ტენდერებთან დაკავშირებით კითხვები ჩნდება, ეს არ ნიშნავს, რომ ვინც პატიოსნად იმარჯვებს, ყველას ჩირქი მოეცხოს. მაგრამ თუ ასეთი გადაცდომებია, რასაკვირველია, ამას უნდა მოევლოს.

ასე, რომ ეს ისტერიული ფონი, რომ მოშორდება საღ გადაწვეტილებას მიიღებს ყველა და ისეთი კანონი იქნება მიღებული, რომელიც ქვეყანას წაადგება. გულზე მჯიღის ცემას უნდა მოვრჩეთ და ფასეულობების დონეზე მშვიდად, გონივრულად მივიღოთ კანონი.

- თუმცა ამ კანონს ასევე ჰყავს მომხრეები საპარლამენტო უმრავლესობაში... რამდენად შეიძლება ეს საკითხი "ოცნებაში" მორიგი დაპირისპირების მიზეზი გახდეს?

- ზოგიერთი ეთანხმება, თუმცა მე ვარ იმ ადამიანების რიცხვში, ვინც ამ კანონს ეჭვის თვალით უყურებს. კითხვები, რომელიც გაგვაჩნია, პასუხს საჭიროებს. რაღაც სერიოზულ დაპირისპირებას არ ველოდები.

- მარიხუანას საკითხზე პირადად თქვენ ბიძინა ივანიშვილს თუ ესაუბრეთ?

- მასთან პირადად ბევრ თემაზე მქონია საუბარი, ამ საკითხზე კი არ მისაუბრია, თუმცა ის ალბათ ხვდება ვის რა დამოკიდებულება და აზრი აქვს.

- რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას, მისი განცხადებები თქვენი აზრით, პრობლემებს არ შეგიქმნით?

- დაუკვირდით და ნახეთ, რა ძალა აქვს ზოგიერთი ადამიანის ხელში ტელევიზიის ჰქონას -  მაგალითად, "რუსთავი 2" ადამიანის გასანადგურებლად მომართულია, როგორც ბომბი და ტანკი. "ნაციონალებს" აგვისტოს ომთან დაკავშირებით რატომ "ეწვებათ" ესე?! უამრავი ფული დახარჯეს ფილმიც კი გადაიღეს, საკუთარი მოქმედების "გასაპრავებლად", ესეც კი ჩავარდა. მიხეილ სააკაშვილი საქართველო არ არის. მან 2008 წელს მიიტაცა ეს თანამდებობა. ის დამნაშავეა კაცობრიობის წინაშე.

სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ის თქვა, რომ სააკაშვილი, თავისი ქმედებებით, რუსეთთან ერთად, თანამონაწილეა იმ უბედურების, რა უბედურებაც დაემართა მაშინ ქვეყანას...

- და ამ განცხადებებით თქვენი აზრით, რუსეთის წისქვილზე არ ასხამთ წყალს მაშინ, როცა საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი? - სააკაშვილი საქართველო არ არის. სააკაშვილმა დანაშაულებრივი გზით ჩაიგდო თანამდებობა ხელში და ამ დამნაშავემ ჩაიდინა დანაშაული რუსეთთან ერთად.

ჟურნალისტები, რომ ცდილობთ რესპონდენტს ათქმევინოთ რუსეთი ოკუპანტიაო, გეგონებათ, ეს სიტყვა ისეთი მაგიური ძალის მქონეა, რომ მიტაცებულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს, იმას რატომ არ ფიქრობთ, რომ  სიტყვა " ოკუპანტი" შეიძლება მოლაპარაკებებს ხელს უშლიდეს?!

მერკელმა მანამდე 3-4ჯერ არ თქვა ოკუპანტი, რატომ არ გაასაღეთ რუსეთუმედ?! მაგრამ შემდეგ ვიღაც სტუდენტმა აიძულა და გაიმეორა, მაგრამ ეს სიტყვა უნივერსიტეტის კედლებს არ გასცდება.

რუსეთი დამნაშავეა როგორ არ არის, ვიცი, რატომაც არ უნდა მიყვარდეს, მაგრამ რატომ არ უყვართ "ნაციონალებს" და მის ტელევიზიას, ეს გასაკვირია. უარესი გააკეთეს, რაც რუსეთმა გაუკეთა ქვეყანას? იმიტომ არიან გამწარებულები, რომ ეს მათ კისერზე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია. ასე რომ: რუსეთი დამნაშავეა თავის აგენტ სააკაშვილთან ერთად.

ჰააგაში ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს, როგორც ქვეყანას კი არ დაუწყია ომი, სააკაშვილმს ქვეყნის სახელით ჩაიდინა დანაშაული. აი ასეთი ფორმულირება უნდა მიეცეს  - სააკაშვილი რუსეთთან ერთად არის დანაშაულში თანამონაწილე. საქართველოს მოსახლეობას მისთვის ხმა არ მიუცია.

- რაც შეეხება ტელეკომპანია "იბერიის" გარშემო განვითარებულ მოვლენებს და გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?

- ჩანაწერების ასეთი სერიები და კინო უკვე ნანახი გვაქვს. ასე, რომ ამ ჩანაწერებით აღარ ვინტერესდები. არ მაქვს იმის თავი, რომ მისი ავთენტურობა ვამტკიცო. დღეს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უკიჟინო ტელევიზიას ხურავ და თავისუფალ ხმას ახშობო, უბრალოდ სასაცილოა.

რა ისეთი ტელევიზიაა "იბერია", რომ მისი განადგურება გინდოდეს? "იბერიის" დახურვა ვის რას აძლევს?! ჩანაწერებში თუ ვიღაცამ ვიღაცის სახელი ახსენა, ეს შეეფერება თუ არა სიმართლეს, ეს გამოძიებამ დაადგინოს.

კომპანიას თუ ვალი აქვს გადასხდელი კეთილი ინებოს გადაიხადოს.

თიკო ოსმანოვა (სპეციალურად საიტისთვის)